შლოპანცები კვერცხებზე

ბათუმი საოცარი ქალაქია –  ნიცადქცეული და ბულვარდაგრძელებული. 

დაგრძელებულმა ბულვარმა, როგორც ჩანს, მოქანდაკეებსა და არქიტექტორებში პოსტმოდერნიზმისკენ სწრაფვის სურვილი გააღვივა და სულ მალე ერთიმეორის მიყოლებით გაჩდნენ დაჭმუჭნილი ბოთლის, ალის და ნინოს და გულით ხელში ყირამალა მდგარი ბიჭის მონუმენტები…

იქ ზემოთ, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, დაასკვნეს, რომ ერთით მეტი ქანდაკება ბათუმს და ბათუმელებს ”ყელში არ გაეჩხირებოდათ” და კიდევ ერთხელ ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, დააგვირგვინეს:

შლოპანცი კვერცხებზე!




საზოგადოების დამოკიდებულება ორგვარია. (უფრო ერთგვაროვანი, მაგრამ ”დემოკრატიის განვითარებიათვის”, ჩავთვალოთ, რომ ორგვარია 🙂 ): ერთნი აქებენ მონუმენტის კრეატიულობას, სხვები კი აკრიტიკებენ მას.

ყველაფერი კი, ჩემი აზრით, გაცილებით მარტივადაა…

თითქოს, მართლაც არალოგიკურია შლოპანცი კვერცხებზე, თუმცა ქვეყანაში, სადაც პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა, ეს მონუმენტი, დარწმუნებული ვარ, რომ ტურისტებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილი იქნება მთელს ბათუმში.

მოიწონებენ ან დაიწუნებენ.

მაგრამ მთავარი ეს არ არის.

მთავარია, რომ ტურისტები  მაინც ყველაზე მეტჯერ სწორედ იქ მივლენ და აი უკვე მერამდენეჯერ მოიმარჯვებენ ფოტოაპარატს და იტყვიან:  ჩიიიზ გაიღიმეთ, სურათი გადაღებულია! 🙂

არანაირი სიმბოლოები, იდეა  და სწრაფვა პოსტმოდერნიზმისაკენ…

ძალიან შორს ვართ…  უბრალოდ, ესაა და ეს.

………………………………………………………………………………

 ყველაფერი, მაინც ძალიან, ძალიან მარტივადაა… 


ვარდისფერი სათვალიდან დანახული სამყარო!

ბავშვობაში ხშირად მესმოდა: ”მოიხსენი ვარდისფერი სათვალე! შეხედე ცხოვრებას რეალურად!

მე მიკვირდა.

მიკვირდა არა ჩემი თავის, არამედ იმის, თუ რატომ უნდა გინდოდეს ვარდისფერი სათვალის მოხსნა.

… რატო უნდა გინდოდეს, როცა სკოლაში კლასელის მიერ დაუმსახურებლად მიღებულ ნიშანზე შეგიძლია იფიქრო, რომ მან ეს დაიმსახურა და არა ის, რომ მამამისი ”დიდი კაცია”,  მასწავლებელი კი, უბრალოდ,  ”პატარა მექრთამე”…

… რატომ უნდა გინდოდეს, როცა ქუჩაში, ეკლესიის ეზოებში, მიწისქვეშა გადასასვლელში, მეტროსადგურებთან,  მაღაზიებთან… ყველგან, ყველგან…  გხვდებიან დიდი, პატარა, თეთრი, შავი, დაუბანელი და კანაქერცლილი… სევდიანად გამოშვერილი ხელები და შეგიძლია იფიქრო, რომ ისინი მხოლოდ იმიტომ არიან, რომ შენ სიკეთე აკეთო…

… რატომ მოიხსნი, როცა ყვითელ სამარშუტო ტაქსებში 80 თეთრის გადახდისას შეგიძლია იფიქრო, რომ ასე ქვეყნის კეთილდღეობისთვის არის საჭირო.

… ან მაშინ რატომ უნდა მოიხსნა, როცა ბათუმში ენრიკე ჩამოდის?!

ან თუკი დაჭმუჭნილ ბოთლს და კვერცხებიან შლოპანცს გადააწყდები შემთხვევით სადმე…

რატომ მოიხსნი ვარდისფერ სათვალეს, როცა წეროვანთან  დომინოს ქვებივით ჩამწკრივებულ, ერთნაირსახურავიანი სახლების ტყეს დაინახავ?!.

მაშინ ხომ საერთოდ აღარ მოგინდება მოხსნა, როცა გმირთა მოედანთან ბაბილონის გოდოლივით ”ცასაწვდილი კოშკი” შეგეგებება.  მაღალი, იქამდე მაღალი, სანამ ყველა გვარი არ დაეტეოდა!..

… და მერე აგვისტოც გაგახსენდება. სისხლი და ტირილი.. ახლა უკვე შენს აზრებსაც გინდა,  გაუკეთო ერთი კარგი ვარდისფერი სათვალე.

…. და საერთოდაც, რატომ მოიხსნი, როცა შეგიძლია გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟივით იყვირო:

 ”ღამის 3 საათია და ყველაფერი გენიალურადააააააააა!” 

…………………………………………………………………………………………….

მაგრამ…

ჩემს ვარდისფერ სათვალეს მინები ჩამსხვრეული აქვს და მე ვხედავ!