როცა მზე ჩამოაღწევს ტოტებს შორის

…მოვედი დაცლილი, დალეული, გამოფიტული, ჩამოფხრეწილკედლებიანი.

და მე ვარ მთლიანად იმედგაცრუება! ერთი დიდი იმედგაცრუება!

მტკივა.

.. არც სიყვარულია მიზეზი, არც მეგობრობა, არც არჩევნები, არც აქციები, არც ცოცხი…

არც ერთი ცალკე და ყველაფერი კი ერთად!

დ ა ვ ი ღ ა ლ ე !!!

და ვგრძნობ თითქოს ისე მარტო ვარ ახლა, როგორი მარტოსულიც არასდროს ვყოფილვარ მთელი ცხოვრების მანძილზე…

ჩემს თმაში ვპოულობ 3 ცალ ღერ ჭაღარას.

თვალებში ვერ ვპოულობ ნაპერწკლებს.

ვიღიმი მხოლოდ ტუჩებით.

ვეხმიანები ყოველდღე მეგობრებს და ვნახულობ, რომ ვიგრძნო.

ვეძებ  და ვეძებ.  ვპოულობ და ვფიქრობ რომ ჯობდა არ მომეძებნა.

დ ა ვ ი ღ ა ლ ე !!!

მინდა თვალებდახუჭული ვგრძნობდე მზეს სახეზე და ბეჭებზე მიწას.

მინდა მციოდეს, მშიოდეს, წვიმდეს, ვსველდებოდე, მზე გამოდიოდეს, ვშრებოდე, მიღამდებოდეს, მტკიოდეს, სისხლი მდიოდეს, მწყუროდეს, წყალს ვპოულობდე, მტკიოდეს, მტკიოდეს, მტკიოდეს…

და მაინც ვიღიმოდე, არამხოლოდ ტუჩებით ვიღიმოდე!..

 

….და  ვიყვირებდი ხმამაღლა.

და ვიტკენდი იოგებს.

და დავიცლებოდი.

და ავივსებოდი.

გ ა ვ ი ღ ი მ ე ბ დ ი –

…როცა მზე ჩამოაღწევდა ტოტებს შორის…

Advertisements