მზიანი დღე ფანჯრებს იქით…
Posted: თებერვალი 6, 2013 Filed under: არეული პოსტები, განწყობა წყობა ბა... :), ჩე_მზე | Tags: ბიჭი, გვირილები, მაჭკატები, მზე, მიყვარხარ, პეპი, რუსთაველი, ფანჯრები, წერილები დატოვე კომენტარი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
…გუშინდელი ღამის მიუხედავად ადრე იღვიძებ. 2 დღეა, სამსახურში აგვიანებ. ’’იქნებ დღეს მაინც გამოვასწორო’’. გიკვირს როგორ შეძლო შენში გაღვიძებულმა პასუხისმგებლობის გრძნობამ შენი ასე ადრიანად გაღვიძება და სახლის კარს იხურავ.
…დროზე მიხვედი.
გარეთ მზეა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
..ასე მგონია სკაში ვარ. ოღონდ ნაკლები ზუზუნით. კომპიუტერები. ადამიანები. კომპიუტერები. ადამიანები. ადამიანები. ადამიანები….
ასე მგონია, თითოეულზე მოთხრობა დაიწერებოდა.
ფანჯრებზე გისოსებია. შიგნიდან ჟალუზები. და მზის სხივები მაინც აღწევს.
მზეა…
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გვერდით ოთახიდან ბიჭის რაღაცნაირად სასიამოვნო ტემბრი ისმის. …ჯერ კარგად არ იცნობ. უბრალოდ, მოსვლისას გამარჯობას ეუბნები ”საზოგადოდ”, წასვლისას კი ”ნახვამდის”-ს – რატომღაც, იშვიათად..
… მერე გეჩვენება, რომ გაზაფხულის სუნი იგრძენი.
კომპიუტერის ეკრანს უყურებ და ფიქრობ: ’’მზიანი დღისთვის სამსახურის გისოსებიანი ფანჯრებიდან ყურება ყველაზე დიდი ბოროტებაა!’’
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
”-გიყვარდა ბავშვობაში მაჭკატები?
– ჰო, მაგრამ ეხლაც არ ვიცი რისგან კეთდება. მახსოვს რომ პეპი იატაკზე აბრტყელებდა..
-ხოდა, ესე იგი იატაკზე კეთდება 🙂
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
…თუ ვინმე ნახევრადხუმრობით გეტყვით, რომ აგერ უკვე 2 წელია ყოველდღე კლავ, იცოდე, რომ არ უნდა კითხო რატომ… მერე შეიძლება შენ თვითონ გეტკინოს…
და გარეთ მაინც მზე იქნება. უბრალოდ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მზიანი დღე არ შეიძლება უბრალოდ დამთავრდეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
’’მიყვარხარ, მიყვარხაააააარ.. და ის, რომ დავიკარგე, იმას არ ნიშნავს რომ დამავიწყდი.’’
მერე აღარ იცი, რა უნდა თქვა…
ჩუმდები.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მივდივართ, მივდივართ… აღარ ვამბობ სად გავისეირნოთ. მეკითხებიან სად წავიდეთ, მე მინი პროტესტის სცენას ვაწყობ და უბრალოდ მივუყვები რუსთაველს. არაფერზე ვბრაზობ, არც მწყინს. უბრალოდ ეგრე ვარ.
ორი მზე მომყვება გვერდით, ჩემი და ჩემი.
ვხვდები, რომ დღეს ვაშხამებ…
მაინც ვაგრძელებ ჩემსას და მივდივართ, მივდივართ.. უბრალოდ.
მზე აღარ არის, სამაგიეროდ მაქვს მზესუმზირა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვერავინ იტყვის ზუსტად როგორი შეგრძნებაა, როცა ქუჩაში შემთხვევით ორჯერ გხვდება ბიჭი, რომელსაც ბავშვობაში ერთი წლის მანძილზე გვირილების სურნელებიან წერილებს წერდი… უბრალოდ საკუთარ დღიურში. ორჯერ გხვდება და ვერცერთხელ შეგამჩნევს.
’’როდესმე ჩემს დღიურს წიგნად გამოვცემ და იისფერი ლენტით შეკრულს სახლის კარებთან დავუტოვებ,’’ – ამბობ და იღიმები. გარეთ მაინც მზეა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
…შენზე მაინც არაფერს ვიტყვი, საერთოდ არაფერს.
შენ თვითონ უნდა ისწავლო რამის თქმა.
მე გამოზომილად ვეძებ შენთვის სათქმელ სიტყვებს, შენ – ნაპოვნი გაქვს, მაგრამ შენთვის იტოვებ.
იყავი ჩემთვის, სანამ მე გადავიფიქრებ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დავიღალე, რომ ხშირად ელოდებიან იმას, თუ მე რას ვიტყვი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
’’-ბუზღუნებ ეხლა შენ!
-ხო, ვიცი!’’
ვბრუნდებით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კიბეებზე ასვლისას ხელში ნარიყალის ყვითლად აყვავებული ტოტები თრთიან.
’’ჩემს შვილებს აუცილებლად გამოვუცხობ ხოლმე მაჭკატებს…’’
სახლში ხარ, თბილა….
კომენტარები