კუბოკრულპერანგიანი კაცი

გურჯაანისკენ მიმავალ სამარშუტო ტაქსიში ვსხედვართ. ტრენინგზე მივდივართ.  გვაგვიანდება.

მღოლის გვერდით ასე 30 წლამდე ქალი ზის, ოღონდ იმ პირობით, თუ ვივარაუდებთ, რომ ზურგიდან ასაკის გამოცნობა შეიძლება.

ლაპარაკობენ. ლაპარაკობენ.

“ის ქალი აცდენს, თორე უფრო სწრაფად ივლიდა”, – ვეუბნები მარის ცოტა ნაწყენი.

მუსიკას ვრთავ და თვალებს ვხუჭავ. ვახელ.  ისევ ლაპარაკობენ.

ახლა ქალი რამდენიმე სანტიმეტრით არის გადახრილი კაცისკენ. რაღაცას უყვება თან  ხელებს იშველიებს.  კეფაზეც კი ეტყობა, რომ ამ დროს იღიმება და თვალებში ციცინათელებს ისხავს. სარკეში ვხედავ ,როგორ გადახედავს ხოლმე კაცი ქალს ღიმილით. ისეთი ღიმილით, აი რომ ვერ ახსნი და რომ უნდა დაინახო.

ან შენ თვითონვე უნდა გაგიღიმოს ასე ვინმემ და იგრძნო…

კაცს საერთოდ არსად არ ეჩქარება, მიდის და მირონინობს. ზურგიდანვე ვატყობ, კუბოკრულპერანგიან განიერ ბეჭებზე, – მთელი დღე ივლიდა ასე, არ დაიღლებოდა. მეორე დღეც, მესამეც…

“ამ ქალს არ ვიცი რას ვუზავ”, – ბრაზდება მარი.

ახლა მეც მეღიმება.

“გაუშვი რა გინდა, იცინონ.” – ვპასუხობ და ჩემს “სოკო გოგოს”  ვუბრუნდები.


………………………………..

რა თქმა უნდა, ტრენინგზე დავაგვიანეთ.

მაგრამ ვიცით, რომ  ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც ხდება :  )