ქარის მოტანილი წერილი

სალოლ…

ჩემი წერილი წელს ცოტათი ახლოდან მოფრიდა.
წერილის წერა განსაკუთრებული რიტუალია… ჯერ ფურცელი უნდა შეარჩიო დიდი სიფრთხილით, მერე ფანქრები ფრთხილად გათალო და მოამზადო სიტყვებთან შესახვედრად(ჰო, შენ ჯერ არ იცი, რომ მე ფანქრით მიყვარს წერა).
მოკლედ მზად ვარ!!! ფურცელი მაქვს.. ღია ცის-ფერი. ფანქრები-ლურჯის ყველა ტონალობა..
ახლა მთავარია სიტყვები სწორად შევარჩიო, მე ხომ მთელი ერთი წელი ველოდები ამ დღეს. წერილებს ისეც ვწერ, მაგრამ დღეს ქარის მოტანილი წერილების დღეა და ცოტა მძიმედ მსუბუქი უნდა დამეწერა რამე…
სალოლ, ბედნიერი ვარ… აი ისეთი ბედნიერი თვალებს რომ ხუჭავ და გაღიმებული რომ დგახარ (სხვებისთვის უაზრო გამომეტყველებით). ღამით თვალებგახელილი ჭერს რომ უყურებ და მთელი ჭერი, კედლები ყველაფერი რომ მშობლიური და თბილია. ჩუმად გეტყვი – ამეთვისტო ვიპოვე ჩემი…
და უცებ ყველაფერი განათდა. ასე თუ გიგრძვნია თავი ოდესმე? როცა წინ არაფრის გეშინია…. მიდიხარ და იცი რომ სიმშვიდე და ბევრი კარგი დღე გელოდება. ყველაზე კარგი შენს ცხოვრებაში რაც აქამდე გქონია. და გინდა რაც შეიძლება მალე წახვიდე იმ-წინ…
სანამ წერას დავიწყებდი უამრავი რამ მქონდა სათქმელი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ბევრს ვერაფერს დავწერ. უბრალოდ მინდოდა დამეწერა რომ ბედნიერი ვარ (იმდენჯერ ვიმეორებ ამას…) და მინდა ყველა ასეთი ბედნიერი იყოს.
ის ტრადიციული კითხვები მეც მიპყრობს ხოლმე – ვიმსახურებ კი ამხელა ბედნიერებას? ან უცებ რომ გაქრეს? ვაღიარებ ამის ოდნავ მეშინია კიდეც, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ უაზრობა და სისულელეა შენს ყველაზე ძვირფას და ლამაზ წუთებში იმაზე ფიქრობდე, რომ ეს ადრე თუ გვიან შეიძლება გაქრეს(თან შეიძლება სულაც არ გაქრეს). თან ამ ფიქრებში უფრო და უფრო მეტად აფასებ იმას, რაც გაქვს და მეტად და მეტად უჭერ ხელს, რომ არსად წავიდეს.

და მაინც, როცა ბედნიერი ხარ, უბრალოდ უნდა დატკბე იმ წამებით ათეულობით წლის შემდეგაც კი ღიმილად რომ გაგახსენდება, მთელ მარადისობად რომ ღირს.
და როცა ბედნიერი ვარ ამ სიმღერით ვიწყებ და ვიღამებ
p.s.ღიმილი….ასე გაიღიმე ხოლმე ხშირად…

მთელი დღე დღეს შენს წერილს ველოდებოდი, მაგრამ მიღალატე… ჯერ კიდევ გაქვს დრო შეცდომა გამოასწორო… ჯერ კიდევ ქარის მოტანილი წერილების დღეა…

ჰმმ მე კიდევ ბოდიში მინდოდა მომეხადა პაწუა წერილისთვის