ორი გოგო

პირველ კურსზე ორი გოგო სწავლობდა ჩემთან ერთად, სოფო და თამთა. ორივეს ძალიან, ძალიან, ძალიან უყვარდა იაპონია. სოფოსთან ერთად ინგლისურზე დავდიოდი, თამთასთან ერთად, – აღარ მახსოვს რაზე. ერთმანეთს არ იცნობდნენ, ხოდა ავდექი და გავაცანი.

მერე თსუ-ში იაპონური ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა, რა თქმა უნდა, ჩაეწერნენ. მეც მეუბნებოდნენ, ვაპირებდი კიდეც, უფრო მათი ხათრით, მაგრამ სულ რაღაც მიშლიდა ხელს. თან მერე მივხვდი, იაპონურზე მეტად ის მომწონდა, ასე ძალიან რომ უყვარდათ ყველაფერი იაპონური.

..სოფომ მასწავლა გზა გეპეიდან თსუ-მდე, ხილიანისა და მზიურის გავლით, თამთა კი სულ მთხოვდა რომ ანიმეების ყურება დამეწყო.

..ერთი წლის მერე ინგლისურის ლექციები დამთავრდა. იაპონური ენის შესწავლა, – არა..
მერე როგორც მახსოვს, სოფომ ფსიქოლოგობა გადაწყვიტა, თამთამ სოციოლოგობა, მე კი, ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის შესავლებიც კი არ მქონდა გავლილი.

ხოდა, როგორც ხდება ხოლმე, დავიკარგეთ.

ბოლოს რომ ვნახე, ერთად მოსეირნობდნენ უნივერსიტეტთან. გამიღიმეს. მოვიკითხე. ეგ იყო და ეგ.

ხოდა ამ სიმღერაზე მაინც სულ ეს გოგოები მახსენდება და ის მომენტი, როგორ ვიწერდი სოფოს ტელეფონიდან ამ სიმღერას, რადგან დამარწმუნა, რომ “ordinary” საუკეთესო იაპონური ჯგუფი იყო 🙂

ეხლა მათ შემთხვევით რომ გადავეყარო ქუჩაში, არ ვიცი რა იქნება.
..თან მე ჯერ ერთი ანიმეც კი არ მაქვს ნანახი… : ))
მათ კი, იმედი მაქვს, ისევ ისე უყვართ ♥

 

Advertisements