მეძვირფასებოდი…

მეძვირფასე(სე)ბოდი...
გულში იყავი და სადღაც სულთან ახლოს.
………………………………………..

ბოლომდე ვავსებდი ჩემს სხეულს ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივით და მერე უკანმოუხედავად ვეშვებოდი ათასჯერ ამოვლილ დაღმართზე.
ათასჯერვე  პირველად შეგრძნობის სიხარულის სურვილით ამოვდიოდი, და ათასჯერვე სულ ჩუმად, უხმაუროდ ჩავდიოდი…
მეზობლის წვეულებაზე დაუპატიჟებლად მისულის გამობრუნებული ნაბიჯით.
და ისევ იწყებოდა თავიდან.. აღმა-დაღმა.
ჩემთვის ჩუმად ვბუტბუტებდი..
და სადღაც გულის მიყრუებულ კუთხეში ვიღაც ირონიით იმეორებდა ჩემს ნაბუტბუტარს…
………………………………………….

გულში იყავი და სადღაც სულთან ახლოს…
იყავი..
(საოცარი სიტყვაა.. ან წარსულის მოგონებად დარჩენილ არსებობას გვამცნობს და ან დარჩენას გთხოვს)
იყავი… ან იყავი! : )
……………………………………

სულ რომ არაფერი, ამისთვის ღირდა!.. მევლო აღმა-დაღმა, ზევით და ქვევით.. და მერე მეფიქრა მარტოდ დარჩენილის ფიქრით – რომ ამისთვისაც ღირდა სიცოცხლე!
…………………………………………..

მინდა: ზამთარი. დათოვლილ ნაძვებში გახვეული პატარა სახლი..
ფანჯრებიდან გამომავალი ყვითელი სინათლე.
სახურავზე საკვამური და ხისსუნიან ოთახში აგუზგუზებული ბუხარი.
ბუხრის წინ თბილი და ფუმფულა ხალიჩა. ხალიჩაზე ორი ჭიქა წითელი ღვინო..
მხოლოდ ცეცხლის შუქით განათებული ოთახი და ფანჯრებში თოვა.
და შენ…

Advertisements