ნამძინარევი ფიქრები


…ღამით საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა.  მობილურს დავხედე. ღამე აღარ ეთქმოდა უკვე, დილის 6 საათი იყო.  ღიად დატოვებული ფანჯრიდან წვიმის ხმა მივარდებოდა ოთახში. პრინციპში, არც მაგას არ ეთქმოდა წვიმა, ეგ უფრო თქეში იყო, ან ის ძველებური და ლამაზი სიტყვა მოუხდებოდა განსაზღვრებად – “კოკისპირული”.

ფანჯარაში გავიხედე. წვიმდა (კოკისპირულად) მაგრამ არ მწყენია. უფრო სწორად, არც ის მახსოვს გამიხარდა თუ არა. არა, ზუსტად მახსოვს გამიხარდა, მაგრამ მაშინ ნახევრად მეძინა და ვერ მივხვდი რატომ.. პრინციპში ვერც ახლა ვხვდები.  take it easy… 

რატომ ავდექი არ ვიცი. არა, ფანჯარა რომ დავკეტე ეგ მახსოვს, მაგრამ მაგას ლოგინიდან წამომჯდარიც მოვახერხებდი. მე კი ავდექი და ჩაბნელებულ ოთახებში გავიბოდიალე. აჰ, ახლა გამახსენდა, შევამოწმე სხვაგანაც ხომ არ იყო ფანჯარა ღია.

რა მზრუნველი ვარ..  🙂

მერე ისევ დავიძინე.

……………………………………………………………………

დღეს ანის ვნახავ.  გუშინაც ერთად ვიყავით, გუშინწინაც, მაგრამ დღესაც ვნახავ. იმიტომ რომ მიყვარს, იმიტომ რომ ჩემია, ჩემი ტყუპისცალი, თუმცა ჩვენს შეხვედრას უფრო ობიექტური და მნიშვნელოვანი მიზნები აქვს:  ბლოკნოტი უნდა ვიყიდოთ! 

ხო, ჩვეულებრივი ბლოკნოტი, თუმცა არა. უნდა იყოს აუცილებლად დიდი და ლამაზი, ბევრფურცლებიანი, ასევე გამძლე ყდით.  (როცა ერთად ვართ ხშირად ადამიანები ვერ გვიძლებენ და ბლოკნოტი… 🙂 )  რად გვინდა? იმიტომ რომ არაფერი გამოგვრჩეს!   ჩავწერთ ყველაფერს რაც ჩვენ გვეხება, რასაც ვფიქრობთ, რაზეც ვიცინით, გავჭორავთ სხვებს და მივუძღვნით ლექსებს (გუშინ ჩვენი მუზა ნიკუშა გახლდათ 🙂 ). მოკლედ, დღეს “საქმე” გვაქვს : )

…………………………………………………………………………………….

9 საათზე ლექცია მქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მეძინა. მერე 10ზეც მქონდა. მაგრამ მაგ დროსაც, 6საათზეწვიმისხმისგანგაღვიძებულისშეწუხებული სახით მეძინა.   მოკლედ ქართული გავაცდინე.

წეღან მომეწრა სალომემ, 5 ქულა დაგიმატა (ინტრიგნობას რომ ადგილი არ ჰქონდეს, აქვე დავძენ,  რომ ასეთი შეფასების სისტემა აქვს ჩამოყალიბებული, პირველ 3 ადამიანს ვისაც ყველაზე მაღალი ქულები აქვს ტესტებში, 5 ქულას უმატებს) და ახლა ჯგუფში ყველაზე მაღალი ქულა გაქვსო. გამიხარდა.  მაგრამ საინტერესოა, გაცდენებში ქულა არ დამაკლო? : )))  მიყვარს რაა… ❤

………………………………………………………………………………….

20–ში თამაში გვაქვს! 13–ში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადაიდო. გული ცუდად მაქვს რომ წარმოვიდგენ!

დარწმუნებული ვარ ყველაზე მაგარი თამაში იქნება, რაც კი ოდესმე მინახავს და მითამაშია. ხუმრობა ხომ არ არის თსუ–ს ფინალი!!! ყველაზე მხიარულებისა  და საზრიანების შერკინება 🙂  წეღან ფეისბუქზეც დავწერე, ეს ყველაზე მაგარი თამაში იქნება რაც კი გინახავთ და თუ საერთდ არ გინახავთ ამის მერე უკვე ძლიან ბევრს ნახავთ, იმიტომ რომ თსუ–ს ფინალის მერე კავეენი შეგიყვარდებათ–მეთქი!

……………………………………………………………………………………

 ვეკომ წინა პოსტის კომენტარებში დამიწერა,  მიწაზე დაეშვი სალომეო. მეც ვგრძნობდი რომ სადღაც გავფრინდი და ვაიმედედამგონიშეყვარებულივარ  გოგოს იარლიყს ვიწებებდი ნელ–ნელა.  ხოდა დავეშვი. მგონი.  უფრო სწორედ, კი არ დავეშვი, გავიღვიძე და იმდენი რამ მომაწვა თავში რომ ყველაფერი აქ დავწერე. ან თქვენ რას გერჩოდით ან ჩემს ბლოგს.

ხოდა ასე, ესეც ნამძინარევი ფიქრები :  ))

………………………………………………………………………………….

1 საათზე ისევ ლექცია მაქვს. არ მინდა ეგეც გავაცდინო. დანარჩენი ფიქრები მერესთვის გადავდოთ 🙂 მე შენ გეტყვი, სულ არ მეძინება… 🙂

ხოდა ამის მერეც ელოდეთ მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარში ნამძინარევ და არეულ–დარეულ პოსტებს : )

Advertisements

გაზაფხულივით არეული პოსტი…

შემოგაზაფხულდა..  კარგი, არ მითხრათ, რომ კალენდარს შევხედო ან მობილურში ჩავიხედო. ვიცი, ვიცი რომ 5 მაისია და გაზაფხულის ნახევარზე მეტი გასულია,  მაგრამ მე მაინც ეს რამდენიმე დღეა რაც  “შემოგაზაფხულების” შეგრძნება მაქვს..  

არეული ამინდები. ხან მზეა, ხან წვიმა.  ღამეები  თბილი და ჩუმი.  დილით წვიმის ხმა მაღვიძებს და ცოტა ხანში უკვე მზე  მიკაკუნებს ფანჯრის მინებზე.

აი ეს მიყვარს ❤ 

მინდა წავიდე, გავიქცე ე ე ე . . .  

მარტო მე ვიქნები, მზე და წვიმა.. 

მიწას გავაკრავ დამძიმებულ სხეულს და თვალებდახუჭული შევაცქერდები მზეს. 

მარტო ვიქნები.

და ვიფიქრებ, ვინმე რომ მხედავდეს, აუცილებლად შეშურდებოდა–მეთქი ჩემი.

……………………………………………………………………………….

… ჩემგან 2 სკამის გამოტოვებით მასწავლებელი ქალები სხედან და საუბრობენ. ყვითელი ავტობუსი ირწევა აქეთ– იქით. ერთ–ერთს ხელში ყვავილების დიდი თაიგული უჭირავს, ღონისძიებაზე ყოფილან. მასწავლებლები არიან. გაჩერებას ვუახლოვდებით, უფასო მგზავრობის ბარათებმომარჯვებული ქალები გასასვლელისკენ იწევენ.

–”ჩვენ, მასწავლებლები, სულ უფასოდ დავდივართ, ხოდა აი ეს თქვენ მეუღლეს ან შეყვარებულს მიართვით” – თაიგულს მძღოლის გვერდით დებს და ჩადის.

………………………………………………………………..

გუშინ გვანცას გავებუტე.  თითქოს უმიზეზოდ, მაგრამ მაინც… მინდოდა შეემჩნია რომ მეწყინა!   და ვერ ვიტან როცა ვიღაცაში მცვლიან. ხო, ვიცი, ვიცი, არავისშიც არ გავუცვლივარ და მართლა ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ვერ ვიტან მის ხანდახან უყურადღებობას, გულმავიწყობას…  ახლა მწერს, ნეკა თითი გაამზადე შევრიგდეთო: ) შევრიგდებით, აბა რას ვიზავთ, არც გვიჩხუბია. უბრალოდ მეწყინა და გულში არ დავიტოვე! ეგ იყო და ეგ…

………………………………………………………………

….  “შიშველ სიმართლეს” ვთამაშობდით, მკითხეს, Facebook-ზე რომ შედიხარ, ჩათში, ვისი დანახვა გიხაირია ხოლმე ყველაზე მეტადო…

მერე დავფიქრდი. ხო, მიხარია და სულ მინდა რომ ვხედავდე!   (ალბათ 🙂 )

ოღონდ, არ მიყვარს, მართლა.. უბრალოდ მიხარია ❤

p.s. რომ არ კითხულობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი ნათესავები, ჯგუფელები, ჩემი მეგობრის დედა…  და ჩემი KBH-ელები, ალბათ უფრო მეტს დავწერდი 🙂 ნუ მზღუდაავთ! : )))

…………………………………………………………

… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯერ უნდა დავფიქრდე და მერე ვილაპარაკო. ან საერთოდაც არაფერი ვთქვი… სულ მცირე იმიტომ მაინც, რომ გია ბუღაძის შეკითხვაზე, ინგლისელ მხატვარზე არ ვთქვა რომ ფრანგია… : )

………………………………………………………….

… “მორჩა, დღეიდან დიეტაზე ვარ!” – უკვე მერამდენეჯერ გავიფიქრე და მივხვდი, რომ ყოველთვის, როცა უკვე გემრიელად ნაჭამი ვარ, მაშინ მაფიქრდება ეს… : )

………………………………………………………..

…სახლში მოსვლას ისევ ვაგვიანებ,  მაგრამ ისე ვიქცევი, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს.

………………………………………………………………

აღმოჩნდა, რომ ზოგიერთები სულ სხვანაირად აღმიქვამენ, არ მიფიქრია ამაზე არასდროს…

………………………………………………………………………….

ალბათ, ხვალაც დავაგვიანებ ლექციაზე…

მაღვიძარას დარეკვამდე მეღვიძება.  ლოგინიდან წამოვიწევი და ფანჯარას ვაღებ.  თეთრი ფარდა ოდნავ ფრიალებს. მე საბანში ვეხვევი, თვალებს ვხუჭავ და ფიქრს ვიწყებ. ვოცნებობ… არ მეთმობა. სიზმრებიდან გამოყოლილ სურნელს ღრმად ვისუნთქვა და..

ისევ ვაგვიანებ.
………………………………………………………………………………..……….

გაზაფხულივით არეული პოსტი….


ცის-ფერი ცა ანუ გავუშვი დასასვენებლად სალოლა

გავუშვი სალოლა დასასვენებლად და სულ მე ჩავიბარე ეს მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარი… დღეს შემოვიხედე და მივალაგ-მოვალაგე რაღაცეები…მტვერი გადავწმინე, ალუბლებს მოვეფერე – არ უნდა იგრძნონ რომ წასულია მზიანი წვიმა…

მერე ლოგინის ქვეშაც შევიხედე და სულ ძველი ჩანაწერი აღმოვაჩინე…

ამოდის და მოდის მზე…
მერე მთელი დღე უაზროდ დავდივართ, უაზროდ ვკარგავთ წამებს, წუთებს, საათებს, დროს… ჰაერში ვფანტავთ სიტყვებს და არ გვესმის, რომ იმ ერთხელ ნათქვამის უკან დაბრუნებას ვერასდროს შეძლებ, ამიტომ უნდა გაუფრთხილდე… თითოეულ სიტყვას…
ვჩხუბობთ… განვიცდით… ვგრძნობთ… სისულელეებით ვიტენით თავს და ჩვენს გვერდით უბრალოებებში ვეღარ ვამჩნევთ ბედნიერებას რაღაც არარსებულსა და მაღალს გამოკიდებულნი. გამუდმებით დაბლა ვიყურებით, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაგვეკარგოს. ვეძებთ, მაგრამ იმასაც უაზროდ. არადა მართლა დავკარგეთ – სიყვარული, ადამიანობა დავკარგეთ, გრძნობები, სურვილები დავკარგეთ, აზრები და ოცნებები დავკარგეთ და ეხლა პარაზიტებივით სხვისი ოცნებებითა და ფიქრებით ვარსებობთ… დავეწაფებით ხოლმე ვიღაც სხვას და დაუნდობლად ვსვამთ მის ენერგიას, სიხარულს, ოცნებებს, შემდეგ კი გამოყენებულსა და ამოწურულს მივაგდებთ ხოლმე… მარტო ვტოვებთ…
ყველაზე მტკივნეული ეგ უფუნქციო მარტოობაა…
შემდეგ ისევ უაზროდ მინას მივაჩერდებით ხოლმე და თავდახრილნი დავდივართ…
კარგად რომ არ გიცნობდეთ იმასაც ვიფიქრებდი თავის აწევა ცხვენიათ – მეთქი, მაგრამ თქვენ სირცხვილზე რა იცით… მიწის ჩიჩქნაში ატარებთ დროს…

^ ^
დღეს ცას ავხედე… ისეთი ლურჯი იყო, ისეთი ნათელი…
თვალს მჭრიდა მისი სისუფთავე და სინათლე… არც ზემოთ წასვლა მინდოდა, მაგრამ როცა ფესვგადგმულად ლურჯ ცას ვხედავ თავის შეკავება ცოტა არ იყოს ძნელია…
როგორ მინდა ყველა თავდახრილს თავი მაღლა აგაწევინოთ და დაგანახოთ ის ცა – ლურჯი რომაა და უძირო…
რატომ ვერ ხედავენ?!
უსასრულობის, ოცნებების, სიყვარულის ცა…
მივდიოდით მე და ცა მზისფერ ბილიკზე ხელჩაკიდებულნი და მე უკვე აღარ მეშინოდა… მარტონი ვიყავით მე და ცისფერი ცა… მაღლა ყოველ ნაბიჯთან ერთად ვგრძნობდი ჩემს არარაობას და ცის სიდიადეს… ჩემს უსარგებლობას…
მე ცის მესმოდა…

მერე უცებ ბილიკი გაქრა და ცამ ხელი გამიშვა…
მტკივნეულად დავეცი…
ირგვლივ აღარც უსასრულობა იყო და აღარც მზისფერი ბილიკი…

უბრალოდ ზარი დაირეკა…


ქარის მოტანილი წერილი…

უკვე მესამე დღეა რაც აქ შემოპარვას ვცდილობ და როგორც იქნა დღეს მეღირსა!!!  ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარში… ძალიან ძალიან კომფორტულად….

ყველამ კარგად იცით ქარის მოტანილი წერილების დღეზე… ხოდა მეც დავწერე წერილი, დავდექი ყველაზე მაღალ მთაზე, ავხტი და

აღმოსავლეთისკენ გამოვაფრინე ჩემი წერილი… ბევრი ელოდებოდა აქეთ წერილს და წერილმა კი ეს თავშესაფარი აირჩია…

სალოლა ექსკლუზიურად შენთვის… გახსენი ეხლა ეს დაჭმუჭნილი, გზაში დაღლილი წერილი და წაიკითხე….

გამარჯობა!!!
არ ვიცი ჩემი წერილი ქარმა საით გაიტაცა, ვის ხელში აღმოჩნდა, მაგრამ თუ ეხლა დგახარ, ხელში დაჭმუჭნილი ქაღალდი გიჭირავს და ამ წერილს კითხულობ, ე.ი. ბედმა გამიღიმა. არ იფიქრო ვიღაც სასოწარკვეთილი ადამიანი წერდეს სიცოცხლესთან გამოსამშვიდობებელ ტრაქტატს. არაა… ეს მე არ ვარ. პირიქით ამ დღეს – ქარის მოტანილი წერილების დღეს მაინც მინდა ჩემი სითბო გაგინაწილო…

შენ!!! ხო, ხო აი შენ… ეხლა გვერდით რომ ჩამიარე თვალი გამისწორე და მითხარი რამდენჯერ გიუხეშია, რამდენჯერ გიტკენინებია გული საყვარელი ადამიანისათვის. მოდი თავი არ დახარო და არ გაწითლდე ისე მიპასუხე. ჰმმ… ასეც ვიცოდი – არაერთხელ. შენ სულ დაგავიწყდა რომ ყველაზე ძვირფასი ისაა, რაც ძალიან გიყვარს მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ აფასებ და გენატრება, როცა საბოლოოდ დაკარგავ. ეხლა მიდი, გაიქეცი და მაგრად ჩასჭიდე ხელი იმას, ვინც გიყვარს, შენსკენ მოზიდე, ჩაეხუტე, სუნი იგრძენი და ყურში ძალიან ფრთხილად ჩასჩურჩულე რომ გიყვარს. დაჩოქილმა სთხოვე შენდობა და ილოცე, რომ მოგიტევოს. ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ სახლიდან რომ გავიდეს და უკან ვეღარ დაბრუნდეს, დაფიქრებულხარ როგორი სიცარიელე დაგრჩება, რა იქნები… ყოველ დღე უთხარი რომ გიყვარს, ოღონდ ჩუმად, ძალიან ფრთხილად.. წადი ეხლა, აწიე ეგ ცრემლიანი სახე… გაიქეცი, ხომ ხედავ გელოდება…

ამას დამიხედეთ!!! როგორ გაბღენძილა… ერთი აქეთაც გამოიხედე.. შენ დიახ შენ… არ გცხვენია?! როგორ იქცევი!!! დაგავიწყდა რომ ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება მეორეს ზემოდან დახედოს, როცა მას წამოდგომაში ეხმარება…. დაგავიწყდა, რომ ყველანი ერთი სამყაროს ნაწილები ვართ და ერთმანეთის გარეშე უბრალოდ არ შეგვიძლია. შენ ისე ურცხვად მიყურებ მარადისობის კანონი ალბათ არც კი გაგიგია… სულის ტარებაში შეაშველე ხლი, თორემ დარჩები ერთხელ მარტო მარტოობასთან.. მოიდრიკე ეგ ქედი ერთხელ მაინც და ეგ გაბოროტებული მზერაც მოიშორე, არ უხდება შენს თვალებს. ეხლა გაიღიმე და ცას ახედე.. ცის-ფერია… და კიდევ უფრო მეტიც.. ეხლა წადი… მზად ხარ!!!

ღმერთო, რამდენნი ხართ და სულ სხვადასხვანაირი… როგორ მოგწვდეთ ყველას. ყველასთან მინდა მოვიდე და თითო სიტყვა მაინც გითხრათ… სად მაქვს ამდენი ძალა…

მისმინეთ რაა!!! ყველამ, სულ სულ ყველამ უსმინეთ ამ პატარა მზის სხივის წერილს დღეს დილით ამოსვლისას მზემ რომ ზგვის ქარს გამოატანა თქვენთან… დააფასეთ ხალხი თქვენს ირგვლივ, ზოგჯერ სრულიად უცხო თვალებში იპოვი ხოლმე სულის მეგობარს.. პატარა შემთხვევითობებში ეძებეთ სიმართლე და არ დაგავიწყდეთ შემთხვევით არასოდეს არაფერი ხდება., ყველაფერი ღვთის შექმნილი სამყაროს ნაწილია. არ დაგენანოთ არავისთვის სითბო და ღიმილი, მზე სითბოთი და სიყვარულით ანთებული ადამიანების სულებით ანათებს. ერთი გაღიმებით შეგიძლიათ ადამიანის სული გადაარჩინო. და არასოდეს, არასოდეს დამალო შენი გრძნობები. თქვი როცა გიყვარს – ხმამაღლა!!! ზოგჯერ მაინც დაუჯერე საკუთარ თავს, სხვაზე უარესი რა უნდა გირჩიოს…

და ყოველთვის გახსოვდეთ ყველაზე საშინელი წვიმის და შტორმის შემდეგაც კი ყველაფერი მშვიდდება და ცისარტყელა ჩნდება.


შენი ბლოგის გასაღები ჯიბეში მაქვს….