“ქალი გამოვიდა საღალატოდ”

ძილში ჩამესმა წვიმის ხმა.. საოცრად, გრუხუნით წვიმდა და მე ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა გადვწყვიტე რომ ლექციებზე არ მივდივარ! ცოტა გამოვფხიზლდი და ცხრილს გონების თვალი გადავავლე.   მივხვდი არ ივარგებდა 8 ლექციის გაცდენა და ზლაზვნით წამოვდექი…

წვიმას დაეკლო.   ნაცრისფერი იყო ყველაფერი.  გავაჩერე სამარშუტო ტაქსი და მძღოლის გვერდით მოვკალათდი.  ვაკვირდებოდი ქუჩაში მოსიარულე და ტრანსპორტში ამომავალი მგზავრების მოღუშულ სახეებს და მეც ცუდ გუნებაზე დავდექი.

უკან ადგილები შეივსო.

“მარშუტკას” გოგონამ დაუქნია ხელი. წინ ვიჯექი და კარგად ვხედავდი.  გამხდარი, შავგვრემანი გოგო იყო. ორ მხარეს კიკინებად შეკრული, ჩამოშლილი თმებით, გვერდზე გადაკიდებული ჩანთით და ჯინსის შარვლით. არაფერი განსაკუთრებული.  შორიდანვე  შევნიშნე ხელში წიგნი.

ჩემ გვერდით დაჯდა.  მაშინვე წიგნს დავხედე. ოტია იოსელიანის “ქალი გამოვიდა საღალატოდ.”

სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა.  ყოველთვის ასე ვიცი როცა კარგ წიგნს შევხვდები 😉  სათაურიდანვე მოვიხიბლე…

ჩუმად ვათვალიერებ გოგოს, რაღაც მიზიდავს.    წიგნი.

გადაშალა.  ლამის ჩავვარდე ცხვირით ფურცლებში.  კითხულობს. ვკითხულობ.  მგონი შეამჩნია ჩემი დაჟინებული მზერა. არ ვიმჩნევ. ასეთ დროს არ მაინტერესებს არაფერი სხვა..

მძღოლი ამუხრუჭებს, სწრაფად ვწევ თავს. კინაღამ დავეჯახეთ. უცბად ვერკვევი, ვუბრუნდები წიგნს.  აჰ გადაუშლია…   ვაგრძელებ კითხვას.  თვალები მერევა.   ვკითხულობ.  კითხულობს…

…………………………

–  ”  აქ გამიჩერეთ!.. ”

 

შეძრწუნებული და ნაწყენი თვალებით ვუყურებ.   თითქოს რაღაც ძალიან დიდი წამართვა…

3 ფურცლის მერე ჩავიდა.

თვალებით გავაცილე…    საღალატოდ გამოსული ქალი..