მზიანი დღე ფანჯრებს იქით…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

…გუშინდელი ღამის მიუხედავად ადრე იღვიძებ. 2 დღეა, სამსახურში აგვიანებ. ’’იქნებ დღეს მაინც გამოვასწორო’’. გიკვირს როგორ შეძლო შენში გაღვიძებულმა პასუხისმგებლობის გრძნობამ შენი ასე ადრიანად გაღვიძება და სახლის კარს იხურავ.

…დროზე მიხვედი.

გარეთ მზეა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

..ასე მგონია სკაში ვარ. ოღონდ ნაკლები ზუზუნით. კომპიუტერები. ადამიანები. კომპიუტერები. ადამიანები. ადამიანები. ადამიანები….

ასე მგონია, თითოეულზე მოთხრობა დაიწერებოდა.

ფანჯრებზე გისოსებია. შიგნიდან ჟალუზები.  და მზის სხივები მაინც აღწევს.

მზეა…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გვერდით ოთახიდან ბიჭის რაღაცნაირად სასიამოვნო ტემბრი ისმის.  …ჯერ კარგად არ იცნობ. უბრალოდ, მოსვლისას გამარჯობას ეუბნები ”საზოგადოდ”, წასვლისას კი  ”ნახვამდის”-ს   –  რატომღაც, იშვიათად..

… მერე გეჩვენება, რომ გაზაფხულის სუნი იგრძენი.

კომპიუტერის ეკრანს უყურებ და ფიქრობ:  ’’მზიანი დღისთვის სამსახურის გისოსებიანი ფანჯრებიდან ყურება  ყველაზე დიდი ბოროტებაა!’’

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

”-გიყვარდა ბავშვობაში მაჭკატები?

– ჰო, მაგრამ  ეხლაც არ ვიცი რისგან კეთდება. მახსოვს რომ პეპი იატაკზე აბრტყელებდა..

-ხოდა, ესე იგი იატაკზე კეთდება 🙂

 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

…თუ ვინმე ნახევრადხუმრობით გეტყვით, რომ აგერ უკვე 2 წელია ყოველდღე კლავ, იცოდე, რომ არ უნდა კითხო რატომ…  მერე შეიძლება შენ თვითონ გეტკინოს…

და გარეთ მაინც მზე იქნება. უბრალოდ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მზიანი დღე არ შეიძლება უბრალოდ დამთავრდეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

’’მიყვარხარ, მიყვარხაააააარ.. და ის, რომ დავიკარგე, იმას არ ნიშნავს რომ დამავიწყდი.’’

მერე აღარ იცი, რა უნდა თქვა…

ჩუმდები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მივდივართ, მივდივართ…  აღარ ვამბობ სად გავისეირნოთ.  მეკითხებიან სად წავიდეთ, მე მინი პროტესტის სცენას ვაწყობ და უბრალოდ მივუყვები რუსთაველს. არაფერზე ვბრაზობ, არც მწყინს. უბრალოდ ეგრე ვარ.

ორი მზე მომყვება გვერდით, ჩემი და ჩემი.

ვხვდები, რომ დღეს ვაშხამებ…

მაინც ვაგრძელებ ჩემსას და მივდივართ, მივდივართ.. უბრალოდ.

მზე აღარ არის, სამაგიეროდ მაქვს მზესუმზირა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვერავინ იტყვის ზუსტად როგორი შეგრძნებაა, როცა ქუჩაში შემთხვევით ორჯერ გხვდება ბიჭი, რომელსაც ბავშვობაში ერთი წლის მანძილზე გვირილების სურნელებიან წერილებს წერდი… უბრალოდ საკუთარ დღიურში. ორჯერ გხვდება და ვერცერთხელ შეგამჩნევს.

’’როდესმე ჩემს დღიურს წიგნად გამოვცემ და იისფერი ლენტით შეკრულს სახლის კარებთან დავუტოვებ,’’ – ამბობ და იღიმები. გარეთ მაინც მზეა.


. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

…შენზე მაინც არაფერს ვიტყვი, საერთოდ არაფერს.

შენ თვითონ უნდა ისწავლო რამის თქმა.

მე გამოზომილად ვეძებ შენთვის სათქმელ სიტყვებს, შენ – ნაპოვნი გაქვს, მაგრამ შენთვის იტოვებ.

იყავი ჩემთვის, სანამ მე გადავიფიქრებ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დავიღალე, რომ ხშირად ელოდებიან იმას, თუ  მე რას ვიტყვი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

’’-ბუზღუნებ ეხლა შენ!

-ხო, ვიცი!’’

ვბრუნდებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კიბეებზე ასვლისას ხელში ნარიყალის  ყვითლად აყვავებული ტოტები თრთიან.

’’ჩემს შვილებს აუცილებლად გამოვუცხობ ხოლმე მაჭკატებს…’’

სახლში ხარ, თბილა….


მეძვირფასებოდი…

მეძვირფასე(სე)ბოდი...
გულში იყავი და სადღაც სულთან ახლოს.
………………………………………..

ბოლომდე ვავსებდი ჩემს სხეულს ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივით და მერე უკანმოუხედავად ვეშვებოდი ათასჯერ ამოვლილ დაღმართზე.
ათასჯერვე  პირველად შეგრძნობის სიხარულის სურვილით ამოვდიოდი, და ათასჯერვე სულ ჩუმად, უხმაუროდ ჩავდიოდი…
მეზობლის წვეულებაზე დაუპატიჟებლად მისულის გამობრუნებული ნაბიჯით.
და ისევ იწყებოდა თავიდან.. აღმა-დაღმა.
ჩემთვის ჩუმად ვბუტბუტებდი..
და სადღაც გულის მიყრუებულ კუთხეში ვიღაც ირონიით იმეორებდა ჩემს ნაბუტბუტარს…
………………………………………….

გულში იყავი და სადღაც სულთან ახლოს…
იყავი..
(საოცარი სიტყვაა.. ან წარსულის მოგონებად დარჩენილ არსებობას გვამცნობს და ან დარჩენას გთხოვს)
იყავი… ან იყავი! : )
……………………………………

სულ რომ არაფერი, ამისთვის ღირდა!.. მევლო აღმა-დაღმა, ზევით და ქვევით.. და მერე მეფიქრა მარტოდ დარჩენილის ფიქრით – რომ ამისთვისაც ღირდა სიცოცხლე!
…………………………………………..

მინდა: ზამთარი. დათოვლილ ნაძვებში გახვეული პატარა სახლი..
ფანჯრებიდან გამომავალი ყვითელი სინათლე.
სახურავზე საკვამური და ხისსუნიან ოთახში აგუზგუზებული ბუხარი.
ბუხრის წინ თბილი და ფუმფულა ხალიჩა. ხალიჩაზე ორი ჭიქა წითელი ღვინო..
მხოლოდ ცეცხლის შუქით განათებული ოთახი და ფანჯრებში თოვა.
და შენ…


ჩემი ფანჯრიდან დანახული სამყარო!

…არასოდეს მოიწყინო, რადგან ღიმილით შეიძლება ვინმეს შეუყვარდე!…

მე მჯერა ამის! სამყარო ითხოვს ღიმილიან სახეებს, კეთილ გულებს და ლამაზ თვალებს.

არ უნდა დაღონდე, არ უნდა მოიწყინო. შენ ამის მიზეზი არ გაქვს. სამყარო ხომ ძალიან მშვენიერია და ამ სამყაროში შენ ძალიან ბევრს უყვარხარ!

მაგრამ ისევ… მოწყენაა…

მძიმე მოწყენა..  ჩუმი და მძიმე…

გთხოვთ! ყველამ ერთად, ერთ საათში, ერთსადაიმავე წუთსა და წამში… გააღეთ ფანჯრები!

გააღეთ ფართოდ, გააღეთ და გამოუშვით მოწყენა, დაანახეთ ერთმანეთს ღიმილიანი სახეები, კეთილი გულები და ლამაზი თვალები.. დაანახეთ და ისინიც მოგიძღვნიან სილამაზეს, დიდს, დიდს, დაუვიწყებელს…  მოგიძღვნიან სიყვარულს, სიხარულს, სიცოცხლეს…

მე მჯერა ამის! რომ თქვენ გააღებთ ფანჯრებს…

გულის ფანჯრებს….

მე კი დაგხვდებით თქვენ ღიმილიანი სახით, კეთილი გულით და ლამაზი თვალებით…

მ ე   თ ქ ვ ე ნ   მ ო გ ი ძ ღ ვ ნ ი თ   ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს ! ! !