ის, რაც ყოველდღე უნდა მეწერა : )))

ჩემს ბლოგს დააკლდა ჩემი ხელი..  თუმცა არამარტო ბლოგს დავაკლდი, სემინარებსაც 🙂

ჩემთან კი ისეთი ამინდებიაა….

მზის და წვიმის სუნიანი… 

ბევრი ღიმილით და თავდავიწყებამდე სიცილითაც.

ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე ვაკს პარკიდან ფეხით აბოდიალებული და წვიმაში გაწუწული.  

ყვითელ ავტობუსში ამღერებული და მგზავრების გაოცებულ სახიანი.

წყნეთის ნაძვებიანი…

ვეკოს დაბადების დღის ტორტიანი.

ჩემი თამუნას მუცელში მჯდომი მზეთუნახავიანი.

KBH–ის  “პრაგონიანი”  : )

იმედის დილაში სიცხიანი საინფორმაციოს წაყვანიანი.

სტუდენტურ დღეებიანი

და  “სალომე ჩხეიძეს მოსწონს ეს” – იანი  : ))))))

მეთი აღარ მახსოვს 😦

სახლს ყველაზე მეტად დავაკლდი მგონი –  მთელ დღეს გარეთ ვატარებ 😐  ეს ყველაზე  მეტად არ მომწონს.  სახლი საასტუმროსავით გავიხადე, დილით ვსაუზმობ, ვიცვამ და მივდივარ, ღამე მოვდივარ, ვვახშმობ და ვიძინებ : )

აღარ ვიცი რა ხდება სანდროსთან სკოლაში და კარატეზე.

არც ის ვიცი წესიერად, როდის მოდიან ჩვენთან სახლში ვეკოს “სადედამთილ–სამამამთილ–საბებიო” 🙂

დედიკოს როდის აქვს საბავშვო ბაღში გამოსაშვები ბავშვების ზეიმი?

მამიკო როდის ჩამოდის ყაზბეგიდან? …

და კიდევ ვინ იცის რამდენი რამე გამოვტოვე.

მაგრამ ალბათ ღირდა…

გაზაფხულის წვიმით გაწუწული, თმებში ყვავილებით და ხელში იასამნით რომ ჩამოვედი ეთნოგრაფიულიდან და ჩემებს რომ შევხედე, მაშინ გამიელვა თავში, ბედნიერი ვარ!..

……………………………………………………

ყოველ ღამე, თუნდაც 12 საათი იყოს და მაშინ მოვიდე, სანდრო ძველებურად მელოდება მე და მეკითხება:  “სალო, ეს ასე დავწერო?”

ვითომ ნერვები მეშლება, რომ მე მელოდება,  არ დაუწერია უჩემოდ და ვუბრაზდები..

თან მიხარია.

მელოდება ❤

Advertisements

I’m here :)))

აზრზე არ ვარ როგორ უნდ დავიწყო, მაგრამ იმას ნამდვილად ვხვდები რომ სულ არ დაწყებას მაინც რამენაირად დაწყება ჯობია, თუნდაც ამდენი ტავტოლოგიებით. 🙂

მოკლედ,   ჩამოვედი! (საზეიმო შეძახილი და ტაშის გრიალი)  😀

ცხოვრებაში პირველად მოხდა რომ მაქვს შეგრძნება, თითქოს საუკუნეა არ ვყოფილვარ საკუთარ სახლში. (ამაზე ალბათ ჩემს აქ არ ყოფნაში მიმდინარე რემონტმაც იზრუნა 😀 )

დავისვენე და დავიღალე კიდევაც,    დასვენებით დავიღალე… 😀

ვფიქრობდი ზაფხულის შემაჯამებელი პოსტი დამეწერა მაგრამ მგონი ეს, ისევე როგორც სხვა იდეები ახლო მომავლისათვის გადაიდება და მერე სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს 😀

რამდენი რამე მოხდა, ცუდიც და კარგიც.. უფრო უკეთ ვისწავლე ცხოვრება, ბევრი რამ გავიგე და მივხვდი…

ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო ზაფხული იყო, მაგრამ რაც იყო იყო.. და რაც მთავარია   ” მაქვს მაგარი ზაგარიი” 😀

კიდე ერთ რამეს მივხვდი ეხლა:  საშინლად გადავჩვეულვარ პოსტები წერაას!!!

ჩემი ფრიად დასვენებული გონება წამდაუწუმ მახსენებს “კაი გეყოფა, რა გაქვს ამდენი სათქმელი და საწერიო.!” 🙂

ვეცდები თავიდან შევიჩვიო და დავიმორჩილო ჩემი აზრებიც და კლავიატურაც 😀

აი ასე თავ და ყირა დავდივაარ!!!

მიხარია…

მიხარია რომ დავბრუნდი ჩემს ყველაზე მზიან და თბილ ქალაქში!!! (პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით 🙂 )

მიხარია რომ დავბრუნდი ყველაზე მზიური წვიმის ალუბლების თავშესაფარში...

ჩემიანებთან! ❤


ცის-ფერი ცა ანუ გავუშვი დასასვენებლად სალოლა

გავუშვი სალოლა დასასვენებლად და სულ მე ჩავიბარე ეს მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარი… დღეს შემოვიხედე და მივალაგ-მოვალაგე რაღაცეები…მტვერი გადავწმინე, ალუბლებს მოვეფერე – არ უნდა იგრძნონ რომ წასულია მზიანი წვიმა…

მერე ლოგინის ქვეშაც შევიხედე და სულ ძველი ჩანაწერი აღმოვაჩინე…

ამოდის და მოდის მზე…
მერე მთელი დღე უაზროდ დავდივართ, უაზროდ ვკარგავთ წამებს, წუთებს, საათებს, დროს… ჰაერში ვფანტავთ სიტყვებს და არ გვესმის, რომ იმ ერთხელ ნათქვამის უკან დაბრუნებას ვერასდროს შეძლებ, ამიტომ უნდა გაუფრთხილდე… თითოეულ სიტყვას…
ვჩხუბობთ… განვიცდით… ვგრძნობთ… სისულელეებით ვიტენით თავს და ჩვენს გვერდით უბრალოებებში ვეღარ ვამჩნევთ ბედნიერებას რაღაც არარსებულსა და მაღალს გამოკიდებულნი. გამუდმებით დაბლა ვიყურებით, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაგვეკარგოს. ვეძებთ, მაგრამ იმასაც უაზროდ. არადა მართლა დავკარგეთ – სიყვარული, ადამიანობა დავკარგეთ, გრძნობები, სურვილები დავკარგეთ, აზრები და ოცნებები დავკარგეთ და ეხლა პარაზიტებივით სხვისი ოცნებებითა და ფიქრებით ვარსებობთ… დავეწაფებით ხოლმე ვიღაც სხვას და დაუნდობლად ვსვამთ მის ენერგიას, სიხარულს, ოცნებებს, შემდეგ კი გამოყენებულსა და ამოწურულს მივაგდებთ ხოლმე… მარტო ვტოვებთ…
ყველაზე მტკივნეული ეგ უფუნქციო მარტოობაა…
შემდეგ ისევ უაზროდ მინას მივაჩერდებით ხოლმე და თავდახრილნი დავდივართ…
კარგად რომ არ გიცნობდეთ იმასაც ვიფიქრებდი თავის აწევა ცხვენიათ – მეთქი, მაგრამ თქვენ სირცხვილზე რა იცით… მიწის ჩიჩქნაში ატარებთ დროს…

^ ^
დღეს ცას ავხედე… ისეთი ლურჯი იყო, ისეთი ნათელი…
თვალს მჭრიდა მისი სისუფთავე და სინათლე… არც ზემოთ წასვლა მინდოდა, მაგრამ როცა ფესვგადგმულად ლურჯ ცას ვხედავ თავის შეკავება ცოტა არ იყოს ძნელია…
როგორ მინდა ყველა თავდახრილს თავი მაღლა აგაწევინოთ და დაგანახოთ ის ცა – ლურჯი რომაა და უძირო…
რატომ ვერ ხედავენ?!
უსასრულობის, ოცნებების, სიყვარულის ცა…
მივდიოდით მე და ცა მზისფერ ბილიკზე ხელჩაკიდებულნი და მე უკვე აღარ მეშინოდა… მარტონი ვიყავით მე და ცისფერი ცა… მაღლა ყოველ ნაბიჯთან ერთად ვგრძნობდი ჩემს არარაობას და ცის სიდიადეს… ჩემს უსარგებლობას…
მე ცის მესმოდა…

მერე უცებ ბილიკი გაქრა და ცამ ხელი გამიშვა…
მტკივნეულად დავეცი…
ირგვლივ აღარც უსასრულობა იყო და აღარც მზისფერი ბილიკი…

უბრალოდ ზარი დაირეკა…