“შემოდგომის ლეგენდა” და ამბიციურობის ზეიმი KBN-ში

 

ვამბობდი “არც ერთი დღე სტრიქონის გარეშე” ჩემი ლოზუნგიამეთქი…  რაღაც არ მეტყობა!..  საერთოდაც ძალიან მოვწყდი ამ სამყაროს (ვგულისხმობ ბლოგს).  ბევრი სიახლეა, რაღაც ცვლილებები.. ეტაპი, როცა რაღაც ახალს ვეძებ, ვქმნი და მსიამოვნებს ეს!

ხო, კონკურს “შემოდგომის ლეგენდაზე” მქონდა გაგზავნილი ნაწარმოები. 122 მონაწილიდან მხოლოდ 10 გადიოდა მეორე ეტაპზე და რა გასაკვირია და ვერ მოვხვდი : )) გული დამწყდა, მაგრამ არც იმდენად რომ ავდგე და პირდაპირ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის სახურავიდან გადმოვხტე პროტესტის ნიშნად! : )

თან გორგილაძემ დამამშვიდა, კონკურსები საერთოდ არაფერს ნიშნავს, ხუან რულფო არცერთ კონკურსზე არ ყოფილა, დღეს კი მისი სახელობის ჯილდო ყველაზე პრესტიჟულია სამხრეთ ამერიკაშიო! რა ვიცი, რა ვიცი…

კი დაეჯერება ადამიანს, ბოლო-ბოლო წინა წლის “შემოდგომის ლეგენდის” მე-2 ადგილის მფობელი (რა კარგი სიტყვაა. 🙂 )  და ახლაც ათეულის წევრია! (მასობრივი მილოცვა 😛 ) ყოველ შემთხვევაში დიიდი მადლობა გამხნევებისთვის 🙂

რაღაც აბსურდია, მაგრამ აქამდე ბლოგზე არ გამომიქვეყნებია მოთხრობა, რომელიც ამ კონკურსზე გავაგზავნე. ამ დღეებში გამოვაქვეყნებ, თქვენ მაინც შემიფასეთ : ))

ახლა რაც შეეხება ზემოთ ნათქვამ სიახლეს და “რაღაც ახალის ძებნის, შექმნის და სიამოვნების ეტაპს” 🙂

ყურადღება!!!

უნივერსიტეტში მხიაურლთა და საზრიანთა კლუბის წევრი ვარ! 🙂

ახალი და უკვე დამეგობრებული ადამიანები, ყოველდღე რეპეტიციები, ბევრი აზრიანი და უფრო ბევრი უაზრო ხუმრობები, 😀  გამარჯვების სურვილი და არა მარტო უბრალოდ სურვილი!!! ამისთვის ბრძოლა!

რამდენიმე დღის წინ ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი, იმხელა სიამოვნებას ვიღებ იქ ყოფნით, ისე ვერთობი და ვისვენებ, სულ რომ არ დავდგე სცენაზე და არაფერი გავაკეთო მაინც არ დამწყდება გული და ფუჭად დაკარგულ დროდ არ ჩავთვლი ამ პერიოდს-მეთქი!

სამაგიეროდ, უკვე ვატყობ რომ აღარ მახსოვს ლექციების განრიგი,  სემინარის წინა ღამეს ვეძებ სასწავლ ქსეროქსებს და აღმოვაჩენ ხოლმე რომ არ გადამიღია 🙂 არ მაქვს დავალებები, მჭირს მუდმივი უძილობა და ქრონიკული მთქნარება, თითქმის მთელი დღე უჭმელი დავბოდიალობ და ღამე სახლში მისული ვასკდები საჭმელს 😐

29-ში თამაშია!

უნივერსიტეტის 7 გუნდიდან მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! და საერთოდაც არ ვეთანხმები  “მონაწილეობით თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ” აზრს!!!

ჩვენ ამბიციურად  1-ლი ადგილი გვინდა!!! 🙂

Advertisements

სიკვდილის რეპეტიცია…

ოთარ ჭილაძე:     “…. ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც დიდებისგან გა ნსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ, რაც არ უნდა უცნაურად მოგჩვენოთ, სიამოვნებთ კიდეც. უფრო სწორედ, საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა კი არ სიამოვნებთ, მათი სიკვდილით შეძრწუნებული და გულმოკლული ახლობლების უცილობელ სიყვარულში დარწმუნება ანიჭებთ ბავშვებს ენით უთქმელ სიამოვნებას, ისინი განუწყვეტლივ მოითხოვენ ამ სიყვარულის დადასტურებას, ყველგან და ყველაფერში ამ სიყვარულის აღმოჩენას ცდილობენ.  და იმდენად ძლიერია მათი სურვილი და მოთხოვნილება, ძალაუნებურად, თითქმის შეუგნებლადაც იწყებენ სიკვდილზე ფიქრს, რადგან სიკვდილი ყველაფერზე უკეთესად გამოკვეთს და გამოაჩენს ხოლმე გრძნობას, რომელსაც ისინი ეძებენ და რომელიც სიკვდილის გამოჩენამდე სხვა წვრილმანსა და უმნიშვნელო გრძნობებშია გათქვეფილი…”

მეც რამდენჯერ მიფიქრია სიკვდილზე…   დედა.. მამა… მეგობრები… ყველა ტიროდა ჩემთვის ჩემ ფიქრებში.  სიჩუმე….   გულიდან მოდიოდა, მუცელს მწვავდა რაღაც გაურკვეველი.. მერე მოდიოდა, მოიწევდა თანდათან მაღლა  და სადღაც ყელში მეჩხირებოდა… მერე ისევ გაიელვებდა ცრემლიანი სახეები და… მიხაროდა!  და მერე  ჩემი თავი მეცოდებოდა ყველაზე მეტად…  თეთრი ყვავილებით მორთულ სასახლეში თვალდახუჭული…  თეთრი ყვავილები..  ყელში გაჩხერილი ბურთი შეიძვრებოდა და ცრემლებად გადმოედინებოდა.

და ვტიროდი.  დავტიროდი ჩემს თავს… ჩემს სხეულს. ჩემს  ნაადრევ სიკვდილს.  ყველას მაგივრად ვტიროდი…

და მერე გადიდოდა დრო… ისევ იღვიძებდა დილა…  ისევ ვგრძნობდი გრძნობების ნაკლებობას და ისევ…   ისევ ჩემს ფიქრებში გათამაშებული  სიკვდილის რეპეტიცია…  იცვლებოდა ყველაფერი, არ იცვლებოდნენ ადამიანები.. ისევ  ისე ხშირად და უფრო ხშირადაც ავიწყდებოდათ ერთმანეთი და “სხვა წვრილმანსა და უმნიშვნელო გრძნობებში გათქვეფილი” გრძნობა…

უკვე აღარ მერქვა ბავშვი..  უკვე აღარც უნდა მეტირა თითქოს..

უნდა მცნობებოდა, მაგრამ  რა ვქნა, არ მინდოდა დამეჯერებინა და    ასეთი შემეცნო სამყარო…  და ისევ ვკვდებოდი..  და თითქოს ამით შურს ვიძიებდი  სიყვარულისგან დაცლილ გაციებულ ადამიანეზე. მთელ სამყაროზე…

ახლა ხომ მაინც აღარ ვარ ბავშვი…  ან შეიძლება ჯერ კიდე ვარ თუმცა რა აზრი აქვს… მე ისევ ვტირი.  და ისევ ისე ძველებურად ვმართავ ხოლმე ჩემი სიკვდილის რეპეტიციას….