სილაჟვარდის შესამოსელი


მე გავგედდები…

გადავიქცევი ციფერ ოცნებად

და როგორც ყველას,

მომინდება

მზესთან…

გაფრენა…

ცის სილაჟვარდეს შემოვიხვევ

შესამოსელად..

მე მზესთან მივალ სურვილებად,

ოცნებად… ლოცვად…

და გათენდება!..

აივსება ყველა ნაპრალი.

მზე სხივებს დაღვრის,

სველ ქვიშაშიც მზე გაიღიმებს.

უთეთრეს სხივებს შემომაწნავს თმებზე პეპლებად

და მიმიზიდავს, მიმიტმასნავს,

როგორც მთა იელს…

მე სილაჟვარდეს შევერევი,

ვიქცევი მგოსნად

და როგორც გედი, მე ვიმღერებ უთეთრეს სხივებს.

ჩაიფერფლება ბოროტება,

ტანჯვა,

ვაება..

მზესთან აღარ სჩანს არც სიავე,

არც მწუხარება…



ზევიდან მიწა,

უშავესი ეს დედამიწა..

შ ე ბ უ რ ვ ი ლ ი ა

ს ი ლ ა ჟ ვ ა რ დ ი ს

შ ე ს ა მ ო ს ე ლ ი თ …

2007 წ


ცის-ფერი ცა ანუ გავუშვი დასასვენებლად სალოლა

გავუშვი სალოლა დასასვენებლად და სულ მე ჩავიბარე ეს მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარი… დღეს შემოვიხედე და მივალაგ-მოვალაგე რაღაცეები…მტვერი გადავწმინე, ალუბლებს მოვეფერე – არ უნდა იგრძნონ რომ წასულია მზიანი წვიმა…

მერე ლოგინის ქვეშაც შევიხედე და სულ ძველი ჩანაწერი აღმოვაჩინე…

ამოდის და მოდის მზე…
მერე მთელი დღე უაზროდ დავდივართ, უაზროდ ვკარგავთ წამებს, წუთებს, საათებს, დროს… ჰაერში ვფანტავთ სიტყვებს და არ გვესმის, რომ იმ ერთხელ ნათქვამის უკან დაბრუნებას ვერასდროს შეძლებ, ამიტომ უნდა გაუფრთხილდე… თითოეულ სიტყვას…
ვჩხუბობთ… განვიცდით… ვგრძნობთ… სისულელეებით ვიტენით თავს და ჩვენს გვერდით უბრალოებებში ვეღარ ვამჩნევთ ბედნიერებას რაღაც არარსებულსა და მაღალს გამოკიდებულნი. გამუდმებით დაბლა ვიყურებით, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაგვეკარგოს. ვეძებთ, მაგრამ იმასაც უაზროდ. არადა მართლა დავკარგეთ – სიყვარული, ადამიანობა დავკარგეთ, გრძნობები, სურვილები დავკარგეთ, აზრები და ოცნებები დავკარგეთ და ეხლა პარაზიტებივით სხვისი ოცნებებითა და ფიქრებით ვარსებობთ… დავეწაფებით ხოლმე ვიღაც სხვას და დაუნდობლად ვსვამთ მის ენერგიას, სიხარულს, ოცნებებს, შემდეგ კი გამოყენებულსა და ამოწურულს მივაგდებთ ხოლმე… მარტო ვტოვებთ…
ყველაზე მტკივნეული ეგ უფუნქციო მარტოობაა…
შემდეგ ისევ უაზროდ მინას მივაჩერდებით ხოლმე და თავდახრილნი დავდივართ…
კარგად რომ არ გიცნობდეთ იმასაც ვიფიქრებდი თავის აწევა ცხვენიათ – მეთქი, მაგრამ თქვენ სირცხვილზე რა იცით… მიწის ჩიჩქნაში ატარებთ დროს…

^ ^
დღეს ცას ავხედე… ისეთი ლურჯი იყო, ისეთი ნათელი…
თვალს მჭრიდა მისი სისუფთავე და სინათლე… არც ზემოთ წასვლა მინდოდა, მაგრამ როცა ფესვგადგმულად ლურჯ ცას ვხედავ თავის შეკავება ცოტა არ იყოს ძნელია…
როგორ მინდა ყველა თავდახრილს თავი მაღლა აგაწევინოთ და დაგანახოთ ის ცა – ლურჯი რომაა და უძირო…
რატომ ვერ ხედავენ?!
უსასრულობის, ოცნებების, სიყვარულის ცა…
მივდიოდით მე და ცა მზისფერ ბილიკზე ხელჩაკიდებულნი და მე უკვე აღარ მეშინოდა… მარტონი ვიყავით მე და ცისფერი ცა… მაღლა ყოველ ნაბიჯთან ერთად ვგრძნობდი ჩემს არარაობას და ცის სიდიადეს… ჩემს უსარგებლობას…
მე ცის მესმოდა…

მერე უცებ ბილიკი გაქრა და ცამ ხელი გამიშვა…
მტკივნეულად დავეცი…
ირგვლივ აღარც უსასრულობა იყო და აღარც მზისფერი ბილიკი…

უბრალოდ ზარი დაირეკა…