ორი გოგო

პირველ კურსზე ორი გოგო სწავლობდა ჩემთან ერთად, სოფო და თამთა. ორივეს ძალიან, ძალიან, ძალიან უყვარდა იაპონია. სოფოსთან ერთად ინგლისურზე დავდიოდი, თამთასთან ერთად, – აღარ მახსოვს რაზე. ერთმანეთს არ იცნობდნენ, ხოდა ავდექი და გავაცანი.

მერე თსუ-ში იაპონური ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა, რა თქმა უნდა, ჩაეწერნენ. მეც მეუბნებოდნენ, ვაპირებდი კიდეც, უფრო მათი ხათრით, მაგრამ სულ რაღაც მიშლიდა ხელს. თან მერე მივხვდი, იაპონურზე მეტად ის მომწონდა, ასე ძალიან რომ უყვარდათ ყველაფერი იაპონური.

..სოფომ მასწავლა გზა გეპეიდან თსუ-მდე, ხილიანისა და მზიურის გავლით, თამთა კი სულ მთხოვდა რომ ანიმეების ყურება დამეწყო.

..ერთი წლის მერე ინგლისურის ლექციები დამთავრდა. იაპონური ენის შესწავლა, – არა..
მერე როგორც მახსოვს, სოფომ ფსიქოლოგობა გადაწყვიტა, თამთამ სოციოლოგობა, მე კი, ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის შესავლებიც კი არ მქონდა გავლილი.

ხოდა, როგორც ხდება ხოლმე, დავიკარგეთ.

ბოლოს რომ ვნახე, ერთად მოსეირნობდნენ უნივერსიტეტთან. გამიღიმეს. მოვიკითხე. ეგ იყო და ეგ.

ხოდა ამ სიმღერაზე მაინც სულ ეს გოგოები მახსენდება და ის მომენტი, როგორ ვიწერდი სოფოს ტელეფონიდან ამ სიმღერას, რადგან დამარწმუნა, რომ “ordinary” საუკეთესო იაპონური ჯგუფი იყო 🙂

ეხლა მათ შემთხვევით რომ გადავეყარო ქუჩაში, არ ვიცი რა იქნება.
..თან მე ჯერ ერთი ანიმეც კი არ მაქვს ნანახი… : ))
მათ კი, იმედი მაქვს, ისევ ისე უყვართ ♥

 

Advertisements

“მზის ფესტივალი” მზიურში

“აი მე ვარ მართლა პარაზიტი, ხალხის გამფუჭებელი, ლექციების გამცდენელი, გამცუღლუტებელი და ა.შ. : )))))) 

მარა აი მიყვააააააააააააააააააააარს ასეთი რომ ვარ : ))) “ – ჩემი გუშინდელი სტატუსი facebook–ზე 🙂

რატოომ? იმიტომ რომ დილაუთენია ჯერ ლოგინიდან წამოვაფრინე ანი, მერე ტვინი გავუბურღე, სანამ ლექციების გაცდენაზე და მზიურში წასვლაზე არ დავითანხმე.

მიზეზი მნიშვნელოვანი,

არგუმენტი შეუცვლელი,

დასაბუთება შეურყეველი:

ჩვენი დღე უნდა აღვნიშნოთ! 

წავედით!

მთელი გზა მებუზღუნებოდა, ლექციებს მაცდენინებ, პრეზენტაცია გასაკეთებელი მაქვს, რეფერატი დასაწერიო, მაგრამ…

შევედით თუ არა მზიურში, ყველაფერი დაავიწყდა..

…ლოყებზე მზეებდახატული ბავშვები, იასამნისფერი ბუშტები, ბევრი ყვავილები, ასფალტზე ფერადი ცარცებით დახატული ნახატები, სათამაშოები, წვრილ–წვრილად დაჭრილი ფერადი ქაღალდები, შრეკი და მზე…

ამდენი დიდი ხანია აღარ გვიცნია. არც ამდენი გვითამაში ბავშვებთან ერთად.

სოსო, ქეთი, სერგო, კატო, ლუკა, გიორგი, საბა….  კიდე რამდენი.

როგორ უხაროდათ ჩვენთან ერთად თამაში.

მშობლების ხელებს ჩაჭიდებული, ლამაზ ტანსაცმელში გამოპრანჭული ბავშვები გარშემო გვივლიდნენ, თითქოს რატომღაც ერიდებოდათ ჩვენთან მოსვლა.

 “არა, ამას ვერ ითამაშებს” – უცნაური ტონით მითხრა დიდსაყურეებიანმა ქალმა და  ბავშვი  გაგვარიდა.

არავის გვიდარდია.

ვთამაშობდით ჩვენ და ბავშვები, ბავშვები სურამის სახლიდან….