ნამძინარევი ფიქრები


…ღამით საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა.  მობილურს დავხედე. ღამე აღარ ეთქმოდა უკვე, დილის 6 საათი იყო.  ღიად დატოვებული ფანჯრიდან წვიმის ხმა მივარდებოდა ოთახში. პრინციპში, არც მაგას არ ეთქმოდა წვიმა, ეგ უფრო თქეში იყო, ან ის ძველებური და ლამაზი სიტყვა მოუხდებოდა განსაზღვრებად – “კოკისპირული”.

ფანჯარაში გავიხედე. წვიმდა (კოკისპირულად) მაგრამ არ მწყენია. უფრო სწორად, არც ის მახსოვს გამიხარდა თუ არა. არა, ზუსტად მახსოვს გამიხარდა, მაგრამ მაშინ ნახევრად მეძინა და ვერ მივხვდი რატომ.. პრინციპში ვერც ახლა ვხვდები.  take it easy… 

რატომ ავდექი არ ვიცი. არა, ფანჯარა რომ დავკეტე ეგ მახსოვს, მაგრამ მაგას ლოგინიდან წამომჯდარიც მოვახერხებდი. მე კი ავდექი და ჩაბნელებულ ოთახებში გავიბოდიალე. აჰ, ახლა გამახსენდა, შევამოწმე სხვაგანაც ხომ არ იყო ფანჯარა ღია.

რა მზრუნველი ვარ..  🙂

მერე ისევ დავიძინე.

……………………………………………………………………

დღეს ანის ვნახავ.  გუშინაც ერთად ვიყავით, გუშინწინაც, მაგრამ დღესაც ვნახავ. იმიტომ რომ მიყვარს, იმიტომ რომ ჩემია, ჩემი ტყუპისცალი, თუმცა ჩვენს შეხვედრას უფრო ობიექტური და მნიშვნელოვანი მიზნები აქვს:  ბლოკნოტი უნდა ვიყიდოთ! 

ხო, ჩვეულებრივი ბლოკნოტი, თუმცა არა. უნდა იყოს აუცილებლად დიდი და ლამაზი, ბევრფურცლებიანი, ასევე გამძლე ყდით.  (როცა ერთად ვართ ხშირად ადამიანები ვერ გვიძლებენ და ბლოკნოტი… 🙂 )  რად გვინდა? იმიტომ რომ არაფერი გამოგვრჩეს!   ჩავწერთ ყველაფერს რაც ჩვენ გვეხება, რასაც ვფიქრობთ, რაზეც ვიცინით, გავჭორავთ სხვებს და მივუძღვნით ლექსებს (გუშინ ჩვენი მუზა ნიკუშა გახლდათ 🙂 ). მოკლედ, დღეს “საქმე” გვაქვს : )

…………………………………………………………………………………….

9 საათზე ლექცია მქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მეძინა. მერე 10ზეც მქონდა. მაგრამ მაგ დროსაც, 6საათზეწვიმისხმისგანგაღვიძებულისშეწუხებული სახით მეძინა.   მოკლედ ქართული გავაცდინე.

წეღან მომეწრა სალომემ, 5 ქულა დაგიმატა (ინტრიგნობას რომ ადგილი არ ჰქონდეს, აქვე დავძენ,  რომ ასეთი შეფასების სისტემა აქვს ჩამოყალიბებული, პირველ 3 ადამიანს ვისაც ყველაზე მაღალი ქულები აქვს ტესტებში, 5 ქულას უმატებს) და ახლა ჯგუფში ყველაზე მაღალი ქულა გაქვსო. გამიხარდა.  მაგრამ საინტერესოა, გაცდენებში ქულა არ დამაკლო? : )))  მიყვარს რაა… ❤

………………………………………………………………………………….

20–ში თამაში გვაქვს! 13–ში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადაიდო. გული ცუდად მაქვს რომ წარმოვიდგენ!

დარწმუნებული ვარ ყველაზე მაგარი თამაში იქნება, რაც კი ოდესმე მინახავს და მითამაშია. ხუმრობა ხომ არ არის თსუ–ს ფინალი!!! ყველაზე მხიარულებისა  და საზრიანების შერკინება 🙂  წეღან ფეისბუქზეც დავწერე, ეს ყველაზე მაგარი თამაში იქნება რაც კი გინახავთ და თუ საერთდ არ გინახავთ ამის მერე უკვე ძლიან ბევრს ნახავთ, იმიტომ რომ თსუ–ს ფინალის მერე კავეენი შეგიყვარდებათ–მეთქი!

……………………………………………………………………………………

 ვეკომ წინა პოსტის კომენტარებში დამიწერა,  მიწაზე დაეშვი სალომეო. მეც ვგრძნობდი რომ სადღაც გავფრინდი და ვაიმედედამგონიშეყვარებულივარ  გოგოს იარლიყს ვიწებებდი ნელ–ნელა.  ხოდა დავეშვი. მგონი.  უფრო სწორედ, კი არ დავეშვი, გავიღვიძე და იმდენი რამ მომაწვა თავში რომ ყველაფერი აქ დავწერე. ან თქვენ რას გერჩოდით ან ჩემს ბლოგს.

ხოდა ასე, ესეც ნამძინარევი ფიქრები :  ))

………………………………………………………………………………….

1 საათზე ისევ ლექცია მაქვს. არ მინდა ეგეც გავაცდინო. დანარჩენი ფიქრები მერესთვის გადავდოთ 🙂 მე შენ გეტყვი, სულ არ მეძინება… 🙂

ხოდა ამის მერეც ელოდეთ მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარში ნამძინარევ და არეულ–დარეულ პოსტებს : )


სადრაFტიდან ამოდრაFტებულა : )


უკვე ისეთი გაზაფხულია მე რომ მიყვარს.. მზიანი, აყვავებულხეებიანი, ბოდიალის მომმნდომებელი..

სიამოვნებით გავიდოდი გარეთ და ვივლიდი მანამ, სანამ ფეხები თავისით არ დაიწყებდნენ ჩაკეცვას.

არ დავსახავდი მარშუტს –  გავყვებოდი მზეს ❤

მარტო წავიდოდი.

ან ვინმესთან ერთად..

თუმცა… ახლა ნამდვიალად მარტო წავიდოდი  🙂

“სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია” 🙂

მე კი უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის რესურსცენტრში ვზივარ – ასე ახლობელი და ყოველდღიური ლექციებს შორის შუალედი მაქვს. ”

ეს დღეს აღმოვაჩინე დრაფტებში გაჩხერილი.   30 მარტს არის დაწერილი. დღეს 6 ივნისია. მაგრამ განწყობა იგივე…

ახლა  რომ დამეწერა ეს პოსტი, ყველაფერი ისევ ასე იქნებოდა. უბრალოდ შეიცველებოდა დასაწყისი – ”უკვე ისეთი ზაფხულია…”

ისევ გავყვებოდი მზეს და ვივლიდი იმდენს სანამ ფეხები თავისით არ დაიწყებდა ჩაკეცვას.

არც ის შეცვლილა, რომ მარტო წავიდოდი და ”სხვა გზა, სხვა ხსნა, არ გამაჩნია” 🙂

და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც  უნივერსიტეტის  მე-6 კორპუსის რესურს ცენტრში ვზივარ და ისევ ასე ნაცნობი და ახლობელი ლექციებს შორის შუალედი მაქვს : )))

ნეტა რა მიხარია.

დავიღალე!    😐


უსაქმურობის ერთი დღე :|

ნანატრი ხუთშაბათი.

მაღვიძარამ,  ჩვეულისებისამებრ, 07:15–ზე დარეკა.  გამოვრთე და კედლისაკენ გადავბრუნდი.

11:30–ზე ავდექი.

ერთ ხანს პიჟამოებით ვიბოდიალე. ჯერ ოთახებში, მერე ინტერნეტში.

ყველაფერი ისე იყო, როგორც ვნატრობდი, ერთი ეგ იყო რომ ჩაის ჭიქა არ მეჭირა ხელში…

მერე ჩემთვის კარტოფილი შევწვი და ხელი ზედ არ მივაყოლე  🙂

მერე ისევ ბოდიალი.

 

 

უქმე ხუთშაბათი!

მივხვდი რომ მძაგს!

 

მირჩევნია 08:15–ზე მაღვიძამ დარეკოს და მე გამოვრთო და სინდისმა შემაწუხოს ამის გამო.   მერე დედა ოთახში შემოვიდეს, პროცესორზე გაკრულ ჩემს ლექციების ცხრილს შეავლოს თვალი და მითხრას რომ დამაგვიანდა!

წამოვიზლაზნო.

რაც ხელში მომხვდება ჩავიცვა.

მერე ხელში მოხვედრილი აღარ მომეწონოს და კიდევ ერთხელ გამოვიცვალო.

ჩაი ორ წამში გამოვცალო.

უკვე ჩაცმული ფეხსაცმელები გავწმინდო (დედა მაპატიე, ვერ შევეჩვიე სახლში მოსვლისას გაწმენდას და არა მეორე დღეს, გასვლის წინ : ) ).

მერე ერთი საათი გზაში და ლექციაზე დაგვიანებით შესვლა და ლექტორის შემოხედვისას ჩემი იდიოტურად გაკრეჭილი და გამოუძინებელი სახე..

საღამოს ლექციების შემდეგ რეპეტიციები.  ბავშვები, რომლებიც უბრალოდ მიყვარს.  ❤

დღეს კი…..

1. ჯერ კიდევ თმებდაუვარცხნელი კომპიუტერტან ვზივარ.

2. ლოგინი ასალაგებელი.

3. სახლი დასალაგებელი 🙂

4. “ნადირობა ცხვარზე” დასამთავრებელი, არადა დღეს ბიბლიოთეკაში უნდა დავაბრუნო.

5. საღამოს თექაზე უნდა წავიდე, ჩანთის შეკერვა კი ჯერ ვერ დავასრულე 😐

6. ხვალ თუ არ წავალ სამინისტროში, შაბათ–კვირას ვერ მოვახერხებ, იქით კვირისთვის კი უკვე დაწერილი სტატია უნდა მქონდეს მაგიდაზე.

7. ზღვა ინფორმაცია მოსაძიებელი. 😐 მე კი გუგლის მაგივრად, ფეისბუქი მაქვს ჩართული.

უქმე ხუთშაბათი მძაგს! 😐

 


“შემოდგომის ლეგენდა” და ამბიციურობის ზეიმი KBN-ში

 

ვამბობდი “არც ერთი დღე სტრიქონის გარეშე” ჩემი ლოზუნგიამეთქი…  რაღაც არ მეტყობა!..  საერთოდაც ძალიან მოვწყდი ამ სამყაროს (ვგულისხმობ ბლოგს).  ბევრი სიახლეა, რაღაც ცვლილებები.. ეტაპი, როცა რაღაც ახალს ვეძებ, ვქმნი და მსიამოვნებს ეს!

ხო, კონკურს “შემოდგომის ლეგენდაზე” მქონდა გაგზავნილი ნაწარმოები. 122 მონაწილიდან მხოლოდ 10 გადიოდა მეორე ეტაპზე და რა გასაკვირია და ვერ მოვხვდი : )) გული დამწყდა, მაგრამ არც იმდენად რომ ავდგე და პირდაპირ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის სახურავიდან გადმოვხტე პროტესტის ნიშნად! : )

თან გორგილაძემ დამამშვიდა, კონკურსები საერთოდ არაფერს ნიშნავს, ხუან რულფო არცერთ კონკურსზე არ ყოფილა, დღეს კი მისი სახელობის ჯილდო ყველაზე პრესტიჟულია სამხრეთ ამერიკაშიო! რა ვიცი, რა ვიცი…

კი დაეჯერება ადამიანს, ბოლო-ბოლო წინა წლის “შემოდგომის ლეგენდის” მე-2 ადგილის მფობელი (რა კარგი სიტყვაა. 🙂 )  და ახლაც ათეულის წევრია! (მასობრივი მილოცვა 😛 ) ყოველ შემთხვევაში დიიდი მადლობა გამხნევებისთვის 🙂

რაღაც აბსურდია, მაგრამ აქამდე ბლოგზე არ გამომიქვეყნებია მოთხრობა, რომელიც ამ კონკურსზე გავაგზავნე. ამ დღეებში გამოვაქვეყნებ, თქვენ მაინც შემიფასეთ : ))

ახლა რაც შეეხება ზემოთ ნათქვამ სიახლეს და “რაღაც ახალის ძებნის, შექმნის და სიამოვნების ეტაპს” 🙂

ყურადღება!!!

უნივერსიტეტში მხიაურლთა და საზრიანთა კლუბის წევრი ვარ! 🙂

ახალი და უკვე დამეგობრებული ადამიანები, ყოველდღე რეპეტიციები, ბევრი აზრიანი და უფრო ბევრი უაზრო ხუმრობები, 😀  გამარჯვების სურვილი და არა მარტო უბრალოდ სურვილი!!! ამისთვის ბრძოლა!

რამდენიმე დღის წინ ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი, იმხელა სიამოვნებას ვიღებ იქ ყოფნით, ისე ვერთობი და ვისვენებ, სულ რომ არ დავდგე სცენაზე და არაფერი გავაკეთო მაინც არ დამწყდება გული და ფუჭად დაკარგულ დროდ არ ჩავთვლი ამ პერიოდს-მეთქი!

სამაგიეროდ, უკვე ვატყობ რომ აღარ მახსოვს ლექციების განრიგი,  სემინარის წინა ღამეს ვეძებ სასწავლ ქსეროქსებს და აღმოვაჩენ ხოლმე რომ არ გადამიღია 🙂 არ მაქვს დავალებები, მჭირს მუდმივი უძილობა და ქრონიკული მთქნარება, თითქმის მთელი დღე უჭმელი დავბოდიალობ და ღამე სახლში მისული ვასკდები საჭმელს 😐

29-ში თამაშია!

უნივერსიტეტის 7 გუნდიდან მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! და საერთოდაც არ ვეთანხმები  “მონაწილეობით თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ” აზრს!!!

ჩვენ ამბიციურად  1-ლი ადგილი გვინდა!!! 🙂


-‘๑’ მე ბავშვობიდან მოვდივარ… -‘๑’

“მგონი რაღაც ავურიე… ხო რა ასე დაუფიქრებლად და უაზროდ!

ვაიმე სალომე მიგაღრჩობ სადმე. :@  აბა ეს რა იყო ჯერ ლექციების ცხრილი ჩაურაკრაკე და მერე ვითომ სასხვათაშორისოდ რომ მიაყოლე ლექციებს შორის შუალედი რომელზე გაქვს. 🙂  ჰა  არ  თქვა რომ არ იცოდი რა მოყვებოდა…   კაი, კაი, არ დაიწყო მაგის მტკიცება.. ჩემთან მაინც არ გინდა რაა… 🙂  თან მითუმეტეს მანადმე გითხრა ხვალ მეც ვაპირებ უნიში შემოვლასო…  ხოდა შენც საქმე გაუადვილე,  🙂  “ხვალ მაგ შუალედში თსუ–ში რომ ამოვიდე და “შემთხვევით”  გნახო  რამეს ხო არ დავაშავებ?”– ხელიდან არ გაუშვა შენივე შექმნილი სიტუაცია.  🙂  იდიოტი ხარ რაა…

რა არ იცოდი რომ გეტყოდა? იცოდი  მაგრამ.. ხო, თვითონვე გინდოდა რომ ეთქვა..   არადა კაცმა რომ გკითხოს თავს გაიგიჟებ, რა სისულელეა,   ვაიმე ეგოო? და თვალებს ისე აღაშფოთებ რომ ეჭვსაც კი არ შეიტანენ არაფერშო   😀  😀  ეხ სალო, სალო… მე მაინც არ გიცნობდე რაა… 😉

ხო თავის გაგიჟება როგორ გიყვარს ხოლმეე 🙂 რა სისულელეა, საერთოდ არ მომწონს და არანაირ ურთიერთობას არ ვაპირებო. ჰა ეხლა ხვალ რომ ნახავ “რამენაირ” ურთიერთობებში არ შედის ეეგ?

არადა სულ თავს იკავებდი გენახა ვინმე ვინც ოდნავ მაინც არ მოგწონდა. თუნდაც ამას რამდენი ხანი ახვეწნინე.. 🙂  და დღეს კიდე ჰოპ დაა ვსიოოო 🙂  ხვალ ნახავ  😐  არადა ის მაინც იცოდე რად გინდა..

შენ არ იცი და მე ვიცი, იიშ!

ი–ყე–ნებ!!!

კაი ეხლა ისევ ის შეშფოთებული სახე და აწყლიანებული თვალები არ გინდა რაა.. ხო იყენებ ! ჩუუმეთქი!…  კაი რა მოხდა მერე : )

იმ შუალედში თითქმის ყოველთვის მარტო გიწევს ხოლმე სადმე ფეხის მორთხმა და წიგნის კითხვა…. და იპოვე გამრთობი!

სალომეა, სალომეა….  -‘๑’

ვიცი  ვიცი ბავშვობიდან უფრთხი ვინმესთვის გულის ტკენას.. გახსოვს მე–5 კლასში შენს  კლასელს რომ უყვარდი,  (1–ლი კლასიდან მიყვარსო ამბობდა.. ნუ ეს ბავშვობა…)  ბიჭები ჩაგაცივდნენ… სულელები : |  ისიც იქ იყო მაშინ…  ეხლაც მახსოვს როგორ არ გინდოდა რამე გეთქვა.. იცოდი ბავშვურად დაწყვეტდი გულს.. სხვა გზა არ დაგიტოვეს, რა უნდა გექნა…

ან ის თუ გახსოვს როგორ გამოექეცი  ერთს…  იცოდი სიყვარული უნდა აეხნა და…  გამბედაობა მოკრებილს სიტყვაც კი არ ათქმევინე.. არც კი დაელაპარაკე, გეშინოდა რომ შენც უნდა გეთქვა რამე.. იმის გულის ტკენის გეშინოდა თვითონ…  მერე აღარც უფიქრია რამე..

როგორ ბავშვურად განიცდიდი ყველაფერს…

არც ახლა შეცვლილხარ სალ…

ისევ გიყვარს ჩაბნელებულ ოთახში შენი მოგონილი სიმღერების მღერა… ისევ ხშირად უყურებ გაშტერებული თვალებით ცას როცა გაწყენინებენ და ისევ არ იღებავ თმებს.. : )

თუმცა ახლა აღარ უფრთხი პირდაპირ თქვა  რასაც ფიქრობ…  უკვე მიხვდი, უთქმელობას ისევ  სიმართლის თქმა ჯობია, თუნდაც მომწარო გემო დაკრავდეს მას…

ხო ხედავ, ცოტას ერთობი კიდეც, ვითომ რა მოხდა, იმასაც გავახარებ რომ მნახავს და მეც დროს გავიყვანო ფიქრობ…  ჩუუ–მეთქი!  იქ ტვინის ღმა ხვეულებში ხო ფიქრობ?!

თან მე ხომ ვიცი..  : )    იმასაც ეტყვი, არ უნდა მენახეო ალბათ…

მერე ხომ საერთოდ არ დაალაპარაკებ არაფერზე..

ვიცი სალომეა ვიცი, შენზე არ ვრცელდება გუშინ ფსიქოლოგიაზე მოსმენილი თეორია “ფეხი კარებში”– თუ ადამიანს რაიმე პატარას გააკეთებინებ მერე ძალიან იზრდება შანსი უდრო დიდის გაკეთებაზეც დაითანხმო და უარი ვერ გითხრასო…

ეს შენ გგონია ხოლმე ხანდახან, სუსტი და სულელი პატარა გოგო ვარო..  მე ხომ ვიცი ჭკვიანი ხარ, ძლიერი და… ხო პატარა გოგო!…     😉

ჩემი სალომეა მიყვარს….  -‘๑’

” რა ეგოისტი ვარ, ღმერთო…”