ყველაზე ტკბილი

რაიმე თბილი, მზიანი და იმედიანი პოსტი კარგი იქნებოდაო..

…………………………….

ჩემი სახლის ვრცელი და გრილი სადარბაზო.

ეზოს ბავშვების სასახლე –   პატარ–პატარა მინებიანი მაღალი ფანჯრით,  გრძელი კიბეებით და  ხის რიკულებიანი მოაჯირით.

…სადარბაზოს შესასვლელ კარში გაჭირვებით ვაფარებთ გრძელ, ალაგ–ალაგ ჩრჩილისგან ამოჭმულ ფარდას.

ფურცლებს პატარ–პატარ მართკუთხედებად ვჭრით და დიდი მონდომებით გამოგვყავს სულ რამდენიმე სიტყვა:

ბილეთი

დასაწყისი 5 სთ.ზე                              ფასი 20 თეთრი

გრძელ სკამებს ვამწკრივებთ სადარბაზოს შესასვლელთან და ფარდის ნახვრეტებიდან ჩუმად ვიჭყიტებით.

ნელ–ნელა ივსება სკამები და თითქოს ერთმანეთის გულისცემაც გვესმის.

..და მერე ვმღერით საბავშვო ბაღში ნასწავლ სიმღერებს, გამოთქმით და ხელების ნარნარი შლით ვყვებით ლექსებს, ( 🙂 ) ვცეკვავთ.

ბევრი ტაში და ყვავილები…

მეზობლები იღიმიან.

“კულისებში” ჩუმად ვიცინით და ერთმანეთს ვეხუტებით.

მოსაღამოვდა. ფარდას ვხსნით და სკამებს ვალაგებთ.

“ოცი.. ორმოცი.. სამოცი…..  ლარი..”

(“ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეეთ, ტიტუუ რა ბევრიაა” 🙂 )

გვიხარია.

თავქუდმოგლეჯილები მივრბივართ.

5 წუთში ყველას ტკბილი, გემრიელი ჩუპა–ჩუპსებით გვაქვს გაბერილი ლოყები.

არ ვიცი, რამდენად თბილი, მზიანი და მითუმეტეს იმედიანი გამომივიდა ..

უბრალოდ ეს ჩემი ბავშვობაა.. ყველაზე ტკბილი  ❤

Advertisements