ორი გოგო

პირველ კურსზე ორი გოგო სწავლობდა ჩემთან ერთად, სოფო და თამთა. ორივეს ძალიან, ძალიან, ძალიან უყვარდა იაპონია. სოფოსთან ერთად ინგლისურზე დავდიოდი, თამთასთან ერთად, – აღარ მახსოვს რაზე. ერთმანეთს არ იცნობდნენ, ხოდა ავდექი და გავაცანი.

მერე თსუ-ში იაპონური ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა, რა თქმა უნდა, ჩაეწერნენ. მეც მეუბნებოდნენ, ვაპირებდი კიდეც, უფრო მათი ხათრით, მაგრამ სულ რაღაც მიშლიდა ხელს. თან მერე მივხვდი, იაპონურზე მეტად ის მომწონდა, ასე ძალიან რომ უყვარდათ ყველაფერი იაპონური.

..სოფომ მასწავლა გზა გეპეიდან თსუ-მდე, ხილიანისა და მზიურის გავლით, თამთა კი სულ მთხოვდა რომ ანიმეების ყურება დამეწყო.

..ერთი წლის მერე ინგლისურის ლექციები დამთავრდა. იაპონური ენის შესწავლა, – არა..
მერე როგორც მახსოვს, სოფომ ფსიქოლოგობა გადაწყვიტა, თამთამ სოციოლოგობა, მე კი, ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის შესავლებიც კი არ მქონდა გავლილი.

ხოდა, როგორც ხდება ხოლმე, დავიკარგეთ.

ბოლოს რომ ვნახე, ერთად მოსეირნობდნენ უნივერსიტეტთან. გამიღიმეს. მოვიკითხე. ეგ იყო და ეგ.

ხოდა ამ სიმღერაზე მაინც სულ ეს გოგოები მახსენდება და ის მომენტი, როგორ ვიწერდი სოფოს ტელეფონიდან ამ სიმღერას, რადგან დამარწმუნა, რომ “ordinary” საუკეთესო იაპონური ჯგუფი იყო 🙂

ეხლა მათ შემთხვევით რომ გადავეყარო ქუჩაში, არ ვიცი რა იქნება.
..თან მე ჯერ ერთი ანიმეც კი არ მაქვს ნანახი… : ))
მათ კი, იმედი მაქვს, ისევ ისე უყვართ ♥

 

Advertisements

ემოციებით პირამდე სავსე…

….

როცა ვფიქრობ, რომ ერთხელაც აღარ ვიქნებით არც მე, არც შენ, არც ის, არ სხვა.. სევდა მიპყრობს.. ვფიქრობ უჩვენო დღეებზე და მტკივა..

ისევ იბრუნებს დედამიწა, ისევ ამოვა მზე.. ისევ გააღებენ  დარაბებს.. ისევ იმღერებენ სერენადებს და ისევ აჩუქებენ ერთმანეთს ვარსკვლავებს!…

ჩვენ არ ვიქნებით…

ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება და..

უჩვენოდ დაკრეფენ ყვავილებს, გაიღიმებენ, დაწნავენ გვირგვინებს და გაშლილ თმებზე დაადგამენ ერთმანეთს..

მოგვენატრება ეს ყველაფერი… მოგვენატრება ეს ყველაფერი როს არ ვიქნებით…

………

და როცა ვფიქრობ, რომ აღარ ვიქნებით არც მე, არც შენ, არც ის, არც სხვა…

…თუმცა, რას ვამბობ?!. სად არ ვიქნებით?

– უბრალოდ აქ, დედამიწაზე!…

სიკვდილი არ არის დასასრული…

სიკვდილით იწყება!


“ჩემი საწყალი სიყვარული”

მარი დაფრინავს.

თვალები უციმციმებს და ხშირ-ხშირად მეუბნება:  “საალ მიყვააააარს!”

მესიჯებს მაკითხებს:    “მიყვარხარ.. ჩემი ცხოვრება ხარ.. ერთადერთი.. ჩემი..”

არაფერს ვამბობ, უაზროდ ვიღიმი და ვცდილობ ირონია არ გამეპაროს ტუჩის კუთხეებიდან..

ვფიქრობ რომ სისულელეა.. ბავშვობა.

გამაჟრჟოლა – უკვე ეჭვი შემეპერა მის არსებობაში! : |

თითქოს ჩემს აზრებს კითხულობსო მეუბნება: “სალ მეშინია..”

ვეუბნები, რომ ნუ ფიქრობს სისულელეებს, რომ ყველაფერი ძალიან ლამაზად იქნება და ძალიან დიდხანს იქნებიან ერთად,  რომ ჩემი მაგალითი  არ გამოადგება…

ჩუმად მეკითხება  –  “თქვენც ხომ გიყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ..”

უბრალოდ ვუღიმი. რა უნდა ვთქვა..

………………………………………………

2 დღის შემდეგ:    “სააალ როგორ ხარ? აუ ძალიან ცუდად ვარ! მე და ბექა დავშორდით. არაფერი  მკითხო ოღონდ. ხო ვამბობდი… ცუდად ვარ..”

 

…..მაშინ იყო მეორედ რომ გამაჟრჟოლა.

 

მეშინია..


მეძვირფასებოდი…

მეძვირფასე(სე)ბოდი...
გულში იყავი და სადღაც სულთან ახლოს.
………………………………………..

ბოლომდე ვავსებდი ჩემს სხეულს ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივით და მერე უკანმოუხედავად ვეშვებოდი ათასჯერ ამოვლილ დაღმართზე.
ათასჯერვე  პირველად შეგრძნობის სიხარულის სურვილით ამოვდიოდი, და ათასჯერვე სულ ჩუმად, უხმაუროდ ჩავდიოდი…
მეზობლის წვეულებაზე დაუპატიჟებლად მისულის გამობრუნებული ნაბიჯით.
და ისევ იწყებოდა თავიდან.. აღმა-დაღმა.
ჩემთვის ჩუმად ვბუტბუტებდი..
და სადღაც გულის მიყრუებულ კუთხეში ვიღაც ირონიით იმეორებდა ჩემს ნაბუტბუტარს…
………………………………………….

გულში იყავი და სადღაც სულთან ახლოს…
იყავი..
(საოცარი სიტყვაა.. ან წარსულის მოგონებად დარჩენილ არსებობას გვამცნობს და ან დარჩენას გთხოვს)
იყავი… ან იყავი! : )
……………………………………

სულ რომ არაფერი, ამისთვის ღირდა!.. მევლო აღმა-დაღმა, ზევით და ქვევით.. და მერე მეფიქრა მარტოდ დარჩენილის ფიქრით – რომ ამისთვისაც ღირდა სიცოცხლე!
…………………………………………..

მინდა: ზამთარი. დათოვლილ ნაძვებში გახვეული პატარა სახლი..
ფანჯრებიდან გამომავალი ყვითელი სინათლე.
სახურავზე საკვამური და ხისსუნიან ოთახში აგუზგუზებული ბუხარი.
ბუხრის წინ თბილი და ფუმფულა ხალიჩა. ხალიჩაზე ორი ჭიქა წითელი ღვინო..
მხოლოდ ცეცხლის შუქით განათებული ოთახი და ფანჯრებში თოვა.
და შენ…


ორი ბილეთი მომავლამდე

 

მარტამ წვნიანი ხმაურით ჩახვრიპა, მერე აუღელვებლად გასწია თეფში გვერდით და თქვა:

“-ორსულად ვარ!”
დედას ხველება აუტყდა. ბანალურად. მამამ ნახევრად ცარიელ თუ სავსე ბოთლს გაუსწორა მზერა და შემდეგი 7 წუთის განმავლობაში აღარც მოუშორებია.

მარტა არ ელოდა ასეთ რეაქციას და სადღაც მოუსავლეთში დაეფანტნენ წინასწარ სათქმელად გამზადებული სიტყვები.

დაიბნა.. .

ყველაფერს ელოდა სიჩუმის გარდა.

მხოლოდ კედლის საათის წიკწიკი არღვევდა ოთახში გამეფებულ სიჩუმეს და ისიც მარტას ნასროლი სამარილეს გაცნობისთანავე გაჩუმდა.

დედას ყოველთვის სწამდა ცრურწმენების – ოთახის წითლად შეღებილ იატაკზე მარილის ათასობით ნაწილაკი დაიფანტა.

მარტას ეგონა რომ ახლა მაინც გამართლდებოდა ბავშვობიდანვე ათვალწუნებული კავშირი ჩხუბისა და მარილის შესახებ, მაგრამ მამა ისევ ნახევრად სავსე (თუ ცარიელ) ღვინის ბოთლს შესცქეროდა.

..და მაშინ მარტა მეორედ მიხვდა, რომ დამთავრდა.
უხმაუროდ გასწია სკამი უკან და წამოდგა.
ოთახიდან გასვლისას შეამჩნია მამის მთელი სიძლიერით მომუშტული მუჭი მაგიდაზე და მეორე ხელში შერჩენილი ჩანგალი.

მარტა მამას გავდა.
ახლაც ეტყობოდა ხელის გულებზე საკუთარი ფრჩხილებისგან დატოვებული ჭრილობები საშინელი სიბრაზისა და საცოდავი უმწეობის გამო…

დერეფანში გასვლისას კარებღია დარჩენილ ოთახში შეიხედა ინსტიქტურად. გაჩერდა. კარგა ხანს აკვირდებოდა ძმის სუსტ მხრებს და გაჩეჩილ თმებს. მერე კომპიუტერის ეკრანისაკენ გადაიტანა მზერა. პორნოგრაფია ციმციმებდა…

სხვა დროს აუცილებლად ეტყოდა რამეს. გაჩუმდა. ისევ ბურთად გაჩხერილი საცოდავი უმწეობა იგრძნო ყელში.

თავის საძინებელში შევიდა. ლოგინის ქვემოდან გამოიღო წინასწარ გამზადებული ჩანთა, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი წარწერებითა და სურათებით აჭრელებულ კედლებს, მერე უხმაუროდ გაიხურა კარი და წავიდა…

მეტი სიმძაფრისათვის, ალბათ, სჯობდა მეთქვა, რომ ის ღამე მარტამ სადმე სადგურის მოსაცდელში ან ბაღში სკამზე მჯდომარემ გაატარა, მაგრამ მარტა უბრალოდ ბავშვობის მეგობართან დარჩა. ჯერ კიდევ ჰყავდა…

………………………………….
მარტას პატარაობიდანვე აღიზიანებდა გერმანელი ბებიის პატივსაცემად დარქმეული თავისი სახელი. ჯერ საბავშვო ბაღში, შემდეგ კი სკოლაში დასცინოდნენ თამარები, დავითები და ქეთევანები ამის გამო.

” ჩემს გოგონას არ დავარქმევდი მარტას!” – ინდივიდების ფსიქოლოგიის ლექციაზე გაუელვა თავში და მაშინვე დანაშაულის გრძნობა დაეუფლა ჯერ არდაბადებული და უკვე სასიკვდილოდ განწირული ემბრიონისადმი…

პირველად მაშინ მიხვდა რომ მოსწონდა თავისი სახელი, როცა გაცნობისას გაკვირვებით წარმოთქვა ბიჭმა: “აა, მარტა?!” –  განსაკუთრებული მახვილით სახელის პირველ მარცვალზე. მას მერე გახდა “ამარტა” –  ბიჭის ლამაზი სამკაული…

…და როცა მარტამ გაბედა და ბანალურად უთხრა: “ჩვენ უკვე სამნი ვართ,” ბიჭმა უბრალოდ წარმოთქვა “მარტა!” – განსაკუთრებული მახვილით ახლა უკვე სახელის ბოლო მარცვალზე…

და მაშინ მარტა პირველად მიხვდა, რომ დამთავრდა…

………………………………..

მძიმედ აიარა ექვსსართულიანი სახლის კიბეები. თითქოს მთელი ცხოვრება მოანდომა ამოსვლას… მორიდებით დააკაკუნა. ზლაზვნით გაიღო შავად შეღებილი რკინის კარები.

პირველი ნაბიჯებისთანავე ცხვირში ეცა შმორის და გაურკვეველი წამლების მძაფრი სუნი. მუქფარდებჩამოფარებულ ფანჯრებს გახედა. სული შეეხუთა. კვლავ იგრძნო უმწეობა.
მალულად დაუწყო თვალიერება სავარძელში მსხდომ დედა-შვილს. გოგო თვრამეტიოდე წლის თუ იქნებოდა. გრძელი  თმით და არარეალურ სიშავემდე მისული სევდიანი თვალებით. გარკვევით ჩანდა, როგორ უთრთოდა ტუჩები და დედის მაჯას ჩაჰფრენოდა ხელით.

მარტას სადღაც, გულის სიღრმეში, შეშურდა მისი…

ჭრიალით გაიღო შიგნითა ოთახის კარები და კაბის უხერხული სწორებით გამოვიდა ორმოც წელს მიღწეული, მოკლედთმებშეჭრილი ქალი. მარტას შეხედა დანაშაულზე წასწრებულის მორცხვი ღიმილით და წავიდა…

გაუბედავად წამოდგა გოგონა. მუდარის თვალებით შეხედა დედას. მკაცრ მზერას შეეჯახა გამოუთქმელი ტკივილითა და შიშით აელანძა სახე და სწრაფად გაუჩინარდა ოთახში.

უფრო მეტად დაიძაბა მარტა.

ერთმანეთში აიზილნენ ფიქრები და სიტყვები.

ახლაც მხოლოდ საათის მონოტონური წიკწიკი არღვევდა სიჩუმეს და თეთრ ბალერინასავით ცეკვავდა მარტას ნერვებზე.

ქუთუთოები დაუმძიმდა.

…………………..

“- შემდეგი!”

მარტამ თვალები გაახილა. ცარიელ ოთახს მოავლო მზერა და სწრაფას წამოდგა. დედა-შვილი წასულიყო. ღია კარს გახედა და გაუბედავად გადადგა წინ ნაბიჯი.

“-აღარ შემოდიხარ, გოგონი?!” – მოისმა ქალის გამყინავი ხმა და მარტამ ოთახში შედგა ფეხი.

“უკვე მეგონა, გადაიფიქრე”- ჩამოტეხილი წინა კბილი დაანახა სამედიცინოხელთათმანიანმა ქალმა. მარტა დაიძაბა, ჭუჭყიან ზეწარს მიაბჯინა მზერა. მერე მაგიდაზე დალაგებული მაშები და რაღაც უცნაური ხელსაწყოებიც დალანდა. თავბრუ დაეხვა.  იგრძნო, რაღაც საშინლად უჭერდა ყელში.  ეს არ იყო ის ბურთად გაჩხერილი საცოდავი უმწეობა!..  ფეხის თითებიდან ამოყვა სიცივე…  ყურებზე აიფარა ხელისგულები, საშინელი ხმაურის დასახშობად.  თვალები დახუჭა.

“- მე დედამ მომკლა!” – ცხადად ჩაესმა მარტას ბავშვის ხმა…

გაშეშდა…

………………………………………
ხალხით სავსე ავტობუსში გაჭირვებით ავიდა ყვითელმაისურიანი კონტროლიორი გულზე ჩამოკიდებული ვინაობის დამადასტურებელი ბარათით.

“-წარმოადგინეთ ბილეთები”- გაიმკაცრა ხმა და იქვე ფანჯარასთან მჯდომ გოგონას წამოადგა თავზე.

მარტამ ძლივს მოწყვიტა ქალაქის ხედს მზერა. აუღელვებლად გახსნა საფულე, ფრთხილად ამოაცოცა ორი ბილეთი და გაუწოდა.

გაოცებულმა მიმოიხედა გოგოს გარშემო კონტროლიორმა და კიდევ უფრო დაბნეულმა ჰკითხა:  “მეორე ვისთვის?!”

მხიაურლი ეშმაკები აუჯანყდნენ მარტას თვალებში.

“ჩემი მომავალი შვილისთვის” – თქვა მან – “იცით, ის დღეს თავიდან ჩაისახა!”

მზიანმა ავტობუსმა გაიღიმა…

 

 

8/10/2010 წ.


არაფერი განსაკუთრებული…

“-ეხლა ღამეა..
-ხო ვიცი..
-რა ვქნათ? 😛
-მგონი უნდა დავიძინოთ…    
-ხო მართალი ხარ, “მგონი”.. 
-მგონი? რა ვაპირებთ რამეს?
-მე კი.
-რას? 
-წამომყვები?
-სად?
-ღამეა ანნ…
-მერე?!
-ღამეამეთქი.. და გარეთ ისეთი სიწყნარეა განმეორება რომ აღარ იქნება..
–  ……
-წავიდეთ რა… უბრალოდ დავუყვეთ ქუჩებს.. ხო გიყვარს?..
– მე მიყვარს?! არა საიდან მოიტანე..
-კაი რა… : )  მე მიყვარს.. თბილისი ხო გიყვარს ანნ 🙂
– აჰ, ეგ იგულისხმე?
– შენ რა იფიქრე 😛
– რა აზრი აქვს…
– წავიდეთ, და უფრო მეტად შეგიყვარდება.. თუ გინდა იმის ფანჯრებსაც გავუაროთ..
-რა? გაგიჟდი?
–აკი არ მიყვარსო?! 🙂
– …….
– კაი, გეხუმრე…
– …..
– გავდივართ?
-არა!
–   …   კარგი!  და გახსოვდეს რომ  დაკარგე.. ღამე…  ისევ ასეთი აღარასოდეს აღარ იქნება…”

მერე? მერე არაფერი.. ფილმი  გადმოვწერეთ და ვუყურეთ : ))))  უბრალოდ.. ხომ გითხარით არაფერი განსაკუთრებულითქო….


მეც დავტოვებდი დილის ქალივით უკანასკნელ გროშს სიყვარულისთვის!..

“ღამის 3 საათია და ყველაფერი გეეენიალურადააააა!!!!!”

… აღარ მინდა დომენიკო..   წამიყვანე რაა..  ლამაზ ქალაქში წამიყვანე, კამორაში… სადაც გინდა იქ წამიყვანე… შენთან ვიქნები და მეცოდინება რომ საბოლოოდ ყველაფერი დამთავრდება.

აღარ მინდა აქ დომენიკო.. აქ უარესი ლამაზ ქალაქია, აქ უფრო საშინელი კამორა.. შენს ქალაქებში მირჩევნია დომენიკო..  ვიცი ბოლოს ყველაფერი დამთავრდება და შენს სოფელში წავალთ… იმ პირვანდელ სამოსელსაც დავიბრუნებთ მანდ..

აქ კი არ ვიცი, აღარ ვიცი.. ვეღარ ვუძლებ დომენიკო… აქაც ყოველდღე ისმის ღამის დარაჯის ხმა: ” ღამის 2…3…4… საათია და ყველაფერი გენიალურადაა!” ყოველ დღე ისმის დომენიკო.. მანდ მარტო ღამ-ღამობით! დღეც ტყუილია აქ და ღამეც…

დავიღალე დომენიკო… რამდენი საყელოშეხსნილი ვინსტენტე დადის იცი? და ედმონდო კი ვერსად ვიპოვე ჯერ… ჩემი უმეგობრო,  მეგობრის მაძებარი ედმონდო…

აქ ვერც კანუდოსს ვხედავ, დომენიკო.. მთელი ცხოვრება რომ ვეძებდი.. აქ არც მანუელოა, არც ზე.. არც “საზარელი” მიჩინიო..  მარტო ვარ, დომენიკო…

ვიცი შეგრცხვება დომენიკო, ვიცი გამაჩუმებ, მაგრამ მაინც გეტყვი.. გახსოვს დილის ქალი, სყვარული და ადამიანობა რომ აგრძნობინე მის გულს.. და მერე უკანასკლები გროშები რომ დაგიტოვა სამადლობლად.. რა იგრძენი დომენიკო, ხომ აგეწვა მუცელი და გაგეჩხირა ყელში რაღაც.. მაგრამ ვიცი, არ გიფიქრია დილის ქალზე.. არ გიფიქრია რომ ის, როცა შენ გახევებული უყურებდი მაგიდაზე დაყრილ გროშებს, ბედნიერებისგან აცრემლებული თვალებით დადიოდა ახლადგაღვიძებული კანუდოსის ბნელ ქუჩებში. მიდიოდა და შენი ნაჩუქარი სიყვარულის და ადამიანობის რწმენა მიჰქონდა თან!…

და მე კი.. დავიღალე…

გაკვირვებისგან გაფართოებული თვალებით დავდივარ… ამდენ ტყუილს და ორპირობას მანდაც კი ვერ ვნახავ დომ.. ხოდა წამიყვანე, რა იქნება, წამიყვანე…

ვიცი დომენიკო… “დედამიწას სიყვარული ატრიალებს, ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შეძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა… ” ვიცი… ეს მე შენთან ერთად ვისწავლე დომენიკო.. შენ უსმენდი, მე ვკითხულობდი ამას.. მაგრამ შენ მოახერხე გეპოვნა და მე ვერ…

ხშირად იმ ლაქასაც ვეღავ ვხედავ, დომენიკო.. ჩემმა კაკტუსმა კი შეყვითლება დაიწყო თითქოს…

მეც დავტოვებდი დილის ქალივით უკანასკნელ გროშს სიყვარულისთვის!..

დომ.. დომე.. დომენიკო…     წამიყვანე რააა!…..