ორი გოგო

პირველ კურსზე ორი გოგო სწავლობდა ჩემთან ერთად, სოფო და თამთა. ორივეს ძალიან, ძალიან, ძალიან უყვარდა იაპონია. სოფოსთან ერთად ინგლისურზე დავდიოდი, თამთასთან ერთად, – აღარ მახსოვს რაზე. ერთმანეთს არ იცნობდნენ, ხოდა ავდექი და გავაცანი.

მერე თსუ-ში იაპონური ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა, რა თქმა უნდა, ჩაეწერნენ. მეც მეუბნებოდნენ, ვაპირებდი კიდეც, უფრო მათი ხათრით, მაგრამ სულ რაღაც მიშლიდა ხელს. თან მერე მივხვდი, იაპონურზე მეტად ის მომწონდა, ასე ძალიან რომ უყვარდათ ყველაფერი იაპონური.

..სოფომ მასწავლა გზა გეპეიდან თსუ-მდე, ხილიანისა და მზიურის გავლით, თამთა კი სულ მთხოვდა რომ ანიმეების ყურება დამეწყო.

..ერთი წლის მერე ინგლისურის ლექციები დამთავრდა. იაპონური ენის შესწავლა, – არა..
მერე როგორც მახსოვს, სოფომ ფსიქოლოგობა გადაწყვიტა, თამთამ სოციოლოგობა, მე კი, ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის შესავლებიც კი არ მქონდა გავლილი.

ხოდა, როგორც ხდება ხოლმე, დავიკარგეთ.

ბოლოს რომ ვნახე, ერთად მოსეირნობდნენ უნივერსიტეტთან. გამიღიმეს. მოვიკითხე. ეგ იყო და ეგ.

ხოდა ამ სიმღერაზე მაინც სულ ეს გოგოები მახსენდება და ის მომენტი, როგორ ვიწერდი სოფოს ტელეფონიდან ამ სიმღერას, რადგან დამარწმუნა, რომ “ordinary” საუკეთესო იაპონური ჯგუფი იყო 🙂

ეხლა მათ შემთხვევით რომ გადავეყარო ქუჩაში, არ ვიცი რა იქნება.
..თან მე ჯერ ერთი ანიმეც კი არ მაქვს ნანახი… : ))
მათ კი, იმედი მაქვს, ისევ ისე უყვართ ♥

 


თსუ-ს კოშმარი!

…. შეშინებულსა და მთლად გაოფლილს გამეღვიძა…  ალბათ მანიაკებითა და ზომბებით სავსე სიზმარი ვერ შემაშინებდა ასე.  ეს ნამდვილად უარესი იყო:  “ბაზა გახსნილია.. მე დავაგვიანე.. ვერაფერს ვირჩევ!  ნერვები მეშლება.. ვტირი.. აააარცერთი კრედიტი!” 😐

სწრაფად ვახელ თვალებს და რატომღაც ჩემს აჩქარებულ გულისცემას ვუწყებ თვალას. სიზმარს ვიდგენ  მეხსიერებაში..  საათს დავხედე. 03:14.. 

“თუ ხვალ გავიგე რომ შუაღამისას გაიხსნა  ბაზა, ჩავთვლი,  რომ წინასწარმეტყველური ნიჭი მაქვს.”  რატომღაც სულელივით ვიღიმი და გვერდს ვინაცვლებ.

 ბბრ.. ვერ ვისვენებ.

სწრაფად ვდგები და კომპიუტერს ვრთავ… 

sms.tsu.ge …   სტუდენტი.  სალომე ჩხეიძე. პაროლი ( :P) … ინდივიდუალური ცხრილი…

საგნების არჩევა ისევ გაფერმკრთალებულია. ბაზა არ გახსნილა!
 რატომღაც ისევ სულელივით ვიკრიჭები და  მიტოვებული  ლოგინისკენ მივიწევ…

ჩემი სიზმარი მეორე დღესვე ამიხდა: ზუსტად ღამის 4 საათამდე ვიჯექი და ველოდებოდი როდის გაიხსნებოდა ბაზა..  ვცდილობდი არ დამეკარგა მოთმინება.   ვცდილობდი…

ბოლოს უკვე ვიცინოდი…

ვიცინოდი ვერ არჩეულ კრედიტებზე, ჩემს თავზე, ჩემი ჯგუფელების სასოწარკვეთილ და გინებაგარეულ სტატუსებზე..  ვერ გახსნილ ბაზაზე და 3 და 4 კრედიტიან არჩევით საგნებზე..  დაწყვეტილ ნერვებზე და ჯერარდაწყვეტილებზეც..
მოკლედ ვიცინოდი.
თსუ-ზე!..

მაგრამ მე მგონი ყველაზე მეტად გამიმართლა… 2 დღიანი საგნებს ჩასაფრებისა და უნივერსიტეტის დეკანატში რამდენიმე ვიზიტის შემდგეგ.. “იქმნა ნათელიი!”

8 საგანი. ზუსტად 35 კრედიტი და რაც მთავარი ყვეეელა ჟურნალისტიკის!!! სხვა ფაკულტეტების და ჩემთვის არასაინტერესო საგნების შემოჩეჩების გარეშე!

ჩემი ამ სემესტრის ცხრილი!!!

ჩათვალეთ რომ ღორი ვარ და გახარბებთ 🙂

p.s. ხო, გილოცავთ თსუ-ელობას პირველკურსელებო, მეც მიხაროდა თქვენხელა რომ ვიყავი 🙂

ხოდა თქვენც გილოცავთ, მაინც 🙂 ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ  😉

p.s.2 🙂 ის კოშმარული 2 დღე მთლიანად არ აღვწერე. არა იმიტომ რომ ყველაფეირ ზედმიწევნით არ მახსოვს.. არა,   უბრალოდ დავიღალე… 😐 თსუ-ელი თუ ხარ ამას ისედაც მიხვდები… თუ არადა take it easy 😉


ნამძინარევი ფიქრები


…ღამით საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა.  მობილურს დავხედე. ღამე აღარ ეთქმოდა უკვე, დილის 6 საათი იყო.  ღიად დატოვებული ფანჯრიდან წვიმის ხმა მივარდებოდა ოთახში. პრინციპში, არც მაგას არ ეთქმოდა წვიმა, ეგ უფრო თქეში იყო, ან ის ძველებური და ლამაზი სიტყვა მოუხდებოდა განსაზღვრებად – “კოკისპირული”.

ფანჯარაში გავიხედე. წვიმდა (კოკისპირულად) მაგრამ არ მწყენია. უფრო სწორად, არც ის მახსოვს გამიხარდა თუ არა. არა, ზუსტად მახსოვს გამიხარდა, მაგრამ მაშინ ნახევრად მეძინა და ვერ მივხვდი რატომ.. პრინციპში ვერც ახლა ვხვდები.  take it easy… 

რატომ ავდექი არ ვიცი. არა, ფანჯარა რომ დავკეტე ეგ მახსოვს, მაგრამ მაგას ლოგინიდან წამომჯდარიც მოვახერხებდი. მე კი ავდექი და ჩაბნელებულ ოთახებში გავიბოდიალე. აჰ, ახლა გამახსენდა, შევამოწმე სხვაგანაც ხომ არ იყო ფანჯარა ღია.

რა მზრუნველი ვარ..  🙂

მერე ისევ დავიძინე.

……………………………………………………………………

დღეს ანის ვნახავ.  გუშინაც ერთად ვიყავით, გუშინწინაც, მაგრამ დღესაც ვნახავ. იმიტომ რომ მიყვარს, იმიტომ რომ ჩემია, ჩემი ტყუპისცალი, თუმცა ჩვენს შეხვედრას უფრო ობიექტური და მნიშვნელოვანი მიზნები აქვს:  ბლოკნოტი უნდა ვიყიდოთ! 

ხო, ჩვეულებრივი ბლოკნოტი, თუმცა არა. უნდა იყოს აუცილებლად დიდი და ლამაზი, ბევრფურცლებიანი, ასევე გამძლე ყდით.  (როცა ერთად ვართ ხშირად ადამიანები ვერ გვიძლებენ და ბლოკნოტი… 🙂 )  რად გვინდა? იმიტომ რომ არაფერი გამოგვრჩეს!   ჩავწერთ ყველაფერს რაც ჩვენ გვეხება, რასაც ვფიქრობთ, რაზეც ვიცინით, გავჭორავთ სხვებს და მივუძღვნით ლექსებს (გუშინ ჩვენი მუზა ნიკუშა გახლდათ 🙂 ). მოკლედ, დღეს “საქმე” გვაქვს : )

…………………………………………………………………………………….

9 საათზე ლექცია მქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მეძინა. მერე 10ზეც მქონდა. მაგრამ მაგ დროსაც, 6საათზეწვიმისხმისგანგაღვიძებულისშეწუხებული სახით მეძინა.   მოკლედ ქართული გავაცდინე.

წეღან მომეწრა სალომემ, 5 ქულა დაგიმატა (ინტრიგნობას რომ ადგილი არ ჰქონდეს, აქვე დავძენ,  რომ ასეთი შეფასების სისტემა აქვს ჩამოყალიბებული, პირველ 3 ადამიანს ვისაც ყველაზე მაღალი ქულები აქვს ტესტებში, 5 ქულას უმატებს) და ახლა ჯგუფში ყველაზე მაღალი ქულა გაქვსო. გამიხარდა.  მაგრამ საინტერესოა, გაცდენებში ქულა არ დამაკლო? : )))  მიყვარს რაა… ❤

………………………………………………………………………………….

20–ში თამაში გვაქვს! 13–ში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადაიდო. გული ცუდად მაქვს რომ წარმოვიდგენ!

დარწმუნებული ვარ ყველაზე მაგარი თამაში იქნება, რაც კი ოდესმე მინახავს და მითამაშია. ხუმრობა ხომ არ არის თსუ–ს ფინალი!!! ყველაზე მხიარულებისა  და საზრიანების შერკინება 🙂  წეღან ფეისბუქზეც დავწერე, ეს ყველაზე მაგარი თამაში იქნება რაც კი გინახავთ და თუ საერთდ არ გინახავთ ამის მერე უკვე ძლიან ბევრს ნახავთ, იმიტომ რომ თსუ–ს ფინალის მერე კავეენი შეგიყვარდებათ–მეთქი!

……………………………………………………………………………………

 ვეკომ წინა პოსტის კომენტარებში დამიწერა,  მიწაზე დაეშვი სალომეო. მეც ვგრძნობდი რომ სადღაც გავფრინდი და ვაიმედედამგონიშეყვარებულივარ  გოგოს იარლიყს ვიწებებდი ნელ–ნელა.  ხოდა დავეშვი. მგონი.  უფრო სწორედ, კი არ დავეშვი, გავიღვიძე და იმდენი რამ მომაწვა თავში რომ ყველაფერი აქ დავწერე. ან თქვენ რას გერჩოდით ან ჩემს ბლოგს.

ხოდა ასე, ესეც ნამძინარევი ფიქრები :  ))

………………………………………………………………………………….

1 საათზე ისევ ლექცია მაქვს. არ მინდა ეგეც გავაცდინო. დანარჩენი ფიქრები მერესთვის გადავდოთ 🙂 მე შენ გეტყვი, სულ არ მეძინება… 🙂

ხოდა ამის მერეც ელოდეთ მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარში ნამძინარევ და არეულ–დარეულ პოსტებს : )


სადრაFტიდან ამოდრაFტებულა : )


უკვე ისეთი გაზაფხულია მე რომ მიყვარს.. მზიანი, აყვავებულხეებიანი, ბოდიალის მომმნდომებელი..

სიამოვნებით გავიდოდი გარეთ და ვივლიდი მანამ, სანამ ფეხები თავისით არ დაიწყებდნენ ჩაკეცვას.

არ დავსახავდი მარშუტს –  გავყვებოდი მზეს ❤

მარტო წავიდოდი.

ან ვინმესთან ერთად..

თუმცა… ახლა ნამდვიალად მარტო წავიდოდი  🙂

“სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია” 🙂

მე კი უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის რესურსცენტრში ვზივარ – ასე ახლობელი და ყოველდღიური ლექციებს შორის შუალედი მაქვს. ”

ეს დღეს აღმოვაჩინე დრაფტებში გაჩხერილი.   30 მარტს არის დაწერილი. დღეს 6 ივნისია. მაგრამ განწყობა იგივე…

ახლა  რომ დამეწერა ეს პოსტი, ყველაფერი ისევ ასე იქნებოდა. უბრალოდ შეიცველებოდა დასაწყისი – ”უკვე ისეთი ზაფხულია…”

ისევ გავყვებოდი მზეს და ვივლიდი იმდენს სანამ ფეხები თავისით არ დაიწყებდა ჩაკეცვას.

არც ის შეცვლილა, რომ მარტო წავიდოდი და ”სხვა გზა, სხვა ხსნა, არ გამაჩნია” 🙂

და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც  უნივერსიტეტის  მე-6 კორპუსის რესურს ცენტრში ვზივარ და ისევ ასე ნაცნობი და ახლობელი ლექციებს შორის შუალედი მაქვს : )))

ნეტა რა მიხარია.

დავიღალე!    😐


ის, რაც ყოველდღე უნდა მეწერა : )))

ჩემს ბლოგს დააკლდა ჩემი ხელი..  თუმცა არამარტო ბლოგს დავაკლდი, სემინარებსაც 🙂

ჩემთან კი ისეთი ამინდებიაა….

მზის და წვიმის სუნიანი… 

ბევრი ღიმილით და თავდავიწყებამდე სიცილითაც.

ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე ვაკს პარკიდან ფეხით აბოდიალებული და წვიმაში გაწუწული.  

ყვითელ ავტობუსში ამღერებული და მგზავრების გაოცებულ სახიანი.

წყნეთის ნაძვებიანი…

ვეკოს დაბადების დღის ტორტიანი.

ჩემი თამუნას მუცელში მჯდომი მზეთუნახავიანი.

KBH–ის  “პრაგონიანი”  : )

იმედის დილაში სიცხიანი საინფორმაციოს წაყვანიანი.

სტუდენტურ დღეებიანი

და  “სალომე ჩხეიძეს მოსწონს ეს” – იანი  : ))))))

მეთი აღარ მახსოვს 😦

სახლს ყველაზე მეტად დავაკლდი მგონი –  მთელ დღეს გარეთ ვატარებ 😐  ეს ყველაზე  მეტად არ მომწონს.  სახლი საასტუმროსავით გავიხადე, დილით ვსაუზმობ, ვიცვამ და მივდივარ, ღამე მოვდივარ, ვვახშმობ და ვიძინებ : )

აღარ ვიცი რა ხდება სანდროსთან სკოლაში და კარატეზე.

არც ის ვიცი წესიერად, როდის მოდიან ჩვენთან სახლში ვეკოს “სადედამთილ–სამამამთილ–საბებიო” 🙂

დედიკოს როდის აქვს საბავშვო ბაღში გამოსაშვები ბავშვების ზეიმი?

მამიკო როდის ჩამოდის ყაზბეგიდან? …

და კიდევ ვინ იცის რამდენი რამე გამოვტოვე.

მაგრამ ალბათ ღირდა…

გაზაფხულის წვიმით გაწუწული, თმებში ყვავილებით და ხელში იასამნით რომ ჩამოვედი ეთნოგრაფიულიდან და ჩემებს რომ შევხედე, მაშინ გამიელვა თავში, ბედნიერი ვარ!..

……………………………………………………

ყოველ ღამე, თუნდაც 12 საათი იყოს და მაშინ მოვიდე, სანდრო ძველებურად მელოდება მე და მეკითხება:  “სალო, ეს ასე დავწერო?”

ვითომ ნერვები მეშლება, რომ მე მელოდება,  არ დაუწერია უჩემოდ და ვუბრაზდები..

თან მიხარია.

მელოდება ❤


გამოფეისბუქებულნი


თუ გინდათ ჭეშმარიტი გამოფეისბუქებულები იხილოთ,  ახლა ჩვენ უნდა გვიყურებდეთ.

სალო თავის ვარდისფერ ლეპტოპს ჩაციებული, მე ცოტა მოუხერხებელ სკამზე კომპიუტერის წინ.

facebook ორივესთან ციმციმებს.

ერთმენეთის სტატუსებს კომენტარს ვუკეთებთ და ვლაპარაკობთ, როცა სულ 2 მეტრის დაშორებით ვსხედვართ.

სახლში მარტოები ვართ. სალომესიანები სოფელში წავიდნენ. მოკლედ ბურთიც ჩვენია და მოედიანიც, მაგრამ ჩვენ რატომღაც მხოლოდ ფეისბუქი გვიზიდავს 🙂

………………………………………………….

სამზარეულოში მიწისთხილი იხალება – ცოტა ხანში ფილმის ყურებას და კნატუნობანას ვაპირებთ ❤

მგონი დავწვით, რაღაც სუნია…

…არა,  გადავრჩით 🙂

……………………….

ფილმი უკვე გადმოიწერა.

მიწისთხილიც მოიხალა.

მოკლედ წავედი 🙂

გპირდებით,  facebook-ს გამოვრთავთ და ისე ვიკნატუნებთ 🙂


არ გამოტოვო KBH-ის ნახევარფინალი თსუ–ში! :)

ხვალ, 11 აპრილს,  17 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ოფიციალურობას ვიცავთ 🙂 )  მე–8 კორპუსის სააქტო დარბაზში ჩატარდება მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნახევარფინალი!

მონაწილეობენ:

“გედევან ფოფხაძის ექვსეული”

“ლას სტუდენტას”

“ფანტომასი

“ჰოპლა”

შეიქმენით  მხიარული განწყობა, დაპატიჟეთ მეგობრები, გაამზადეთ პლაკატები და ტრანსფარანტები,  მოდით მე–8 კორპუსში და  იყვირეთ:

“გედევან ფოფხაძის ექვსეულიიიიიიიიიი! “ : )))))

 

მისურვეთ წარმატება :  )))

 

p.s.  დასწრება თავისუფალია 🙂

მთავარია, იაქტიუროთ და დასაჯდომი ადგილები იპოვოთ, 300 ადგილიან დარბაზში, თუ არადა თქვენც ფანჯრის რაფებზე მოგიწევთ შემოსკუპება 🙂

 


მზიანდღიანი ამბები

ახლა “მე ვხედავ მზე”-ში ჩართულ ბლოგებს გადავხედე და  მივხვდი რომ ვზარმაცობ!  ყველა აქტიურობს ჩემს გარდა და მე არც კი მახსოვს ბოლო “მზიანი პოსტი” როდის დავწერე.  აი, მოსაყოლი კი იმდენი დაგროვდა არც ვიცი საიდან დავიწყო. (უბანალურესი ფრაზაა მაგრამ ახლა ზუსტად შეეფერება ჩემს მდგომარეობას)

მგონი ჯობია აპრობირებულ მეთოდს მივმართო და ყველანაირი ქრონოლოგიის გარეშე ჩამოვწერო უკანასკნელ პერიოდში ჩემს გარშემო მომხდარი მზიანი ამბები. : )

1. 8-ში იმედის დილის ეთერში ვიყავით მიწვეული თსუ-ს KBH-ის გუნდი და მცირე პროგრამა წარმოვადგინეთ. მე, შოთა, ვაჟა და მიროტა ვიყავით. მართლა ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო (რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი დილა უთენია ადგომაზე, რათა 8 საათზე ლუბლიანას 5-ში ვყოფილიყავით დარჭობილები 😀 ).  სიანფორმაციო გამოშვება მიგვყავდა მე და შოთას, ვაჟა- არტურ ხიფათიანი ( 😀 ) პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა ჰაიტიდან ( 🙂 ) ხოლო მიროტა ამინდის პროგნოზს გვაცნობდა “იდეალურად”. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩანაწერი აქ ან აქ (08 თებერვალი, სამშაბათი, 08:35 წთ.)

2. თექის პირველ გაკვეთილზე ვიყავი. მასწავლებელი ძალიან მომეწონა, თუმცა ჯერ წესიერად თექის დალაგებაც ვერ ვისწავლე 🙂 დღეს ვაპირებ მაგაში  “გავიწაფო ხელი” 🙂

3. რამდენიმე დღის წინ ჩემ თამუნასთან დავრჩი, გიორგი ზბორებზე იყო წასული ესპანეთში და მარტო დარჩენის შეეშინდა სახლში. იდეალური იყო.. უაზროდ ბევრი ვილაპარაკეთ, დუბაის ამბები სულ დაწვრილებით მოვაყოლე და ჩემსკენ მომხდარი სიახლეებიც გავაცანი.  ხო “გარიგება2-ზეც” ვიყავით რატომღაც 😀 (აქვე ავღნიშნავ რომ ეს ის არ იყო რასაც 20 წელი ველოდით 😀 ყოველშემთხვევაში მე უკეთესი მინდოდა ყოფილიყო. ისე ამაზეც ღირს ერთი პოსტის დაწერა)

4. KBH-ის რეპეტიციები გრძელდება. 18-ში საქართველოს ჩემპიონატის გახსნითი კონცერტია და ვემზადებით. მომწონს.  რა ვთქვა.. მომწონს მიუხედავად იმისა რომ გუნდის წევრების სიმრავლის  გამო 3-ჯერ თუ  მოგიწია სცენაზე გასვლა, უკვე ვარსკვლავი ხარ 😀

5. მგონი მუშაობაც დავიწყე. ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ ალბათ უფრო ვრცლად, ჯერ ჩემს მოვალეობებში მეც ვერ გავრკვეულვარ, თუმცა მიხარია რომ ჩემი პროფესიით ერთ-ერთ ჟურნალში!

6. პორტეპიანოზე დაკვრის გახსენება მინდა. და სხვა ვინ თუ არა ჩემი რაფაელო მოკლედ, თუ ყველაფერი კარგად აეწყო კვირაში 2-ჯერ ჩემი ეკუნა “გაკვეთილებს ჩამიტარებს” და იმედია  აღარ შემრცხვება ხოლმე, როცა მთხოვენ დაკვრას და მაყვედრიან ჩემს 7 წლიან სწავლას მუსიკალურში :X

7.     “მე ლამაზი მეგობარი მყავდა…”

არ ვიცი, მგონი ეს ყველაზე დიდი მზეა და მე ბოლოსთვის მოვიტოვე.. ან შეიძლება საერთოდაც არაა “მზე”…  ჩემი, ძალიან ჩემი გამოჩნდა…  დიდი ხნის წინ დაკარგული. ჩემთვის…  ეკითხება ჩემს მეგობრებს ჩემზე..

იმედია მიხვდა, რომ არ ვიყავი მაშინ არაფერში დამნაშავე, და თუ რამე იყო, ეგეც ჩემი სისულელით მომივიდა.  უზომოდ მიყვარდა..  და მიყვარს..  ყველაფრის მიუხედავად!

p.s. არ ყოფილა “მზე”.. ახლა მითხრა რაღაცეები ეკამ და ვაედითებ.. სისულელეა. და მე კიდე რა ბავშვურად გამიხარდა! ბავშვია ისევ!..

სხვა?.. არაფერი მახსენდება.. უბრალოდ ბედნიერი ვარ და ეგაა..

გუშინ ჩემი ერთ-ერთი ფეისბუქელი მეგობარი მეუბნებოდა, რომ სრულყოფილი არა ჩემი ბედნიერება, იმიტომ რომ გვერდით “ჩემი ნაწილი” არ მყავს.. შეიძლება სადღაც მართალიცაა! “შეიძლება” არა, მართალია!

ყოვეთვის მჭირდება ადამიანი ვისაც შემიძლია უბრალოდ უსიტყვოდ ჩავეხუტო და ვგრძნობდე რომ მიყვარს… მაგრამ ამ ეტაპზე ეს ჩემთვის იდეალური მდგომარეობაა!!!


Hide-and-seek

დიახ, დიახ, სწორედ მიხვდით, მე ისა ვარ, აი მომავალი სკანდალური ჟურნალისტი, ცოტა მოგვიანებით რომელიმე ძალიან ცნობილი ბრენდული კოპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და კიდე ცოტა უფრო მოგვიანებით ყველაზე რეიტინგული ტელევიზიისა და ჟურნალის დამფუძნებელი!

დიახ, დიახ, მე ისა ვარ, აი ყველაზე ამბიციური! 🙂

ამბიციები იცოცხლე, მაგრამ რას ვაკეთებ ერთი ამისთვის?  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რომ ვსწავლობ და მაგისტრატურის გავლას პიარის კუთხით ვაპირებ, არა მგონია ეს კმაროდეს მარტო. 🙂

ბლოგიც იმიტომ გავაკეთე, ვფიქრობდი მომავალი ჟურნალისტისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა რაც უნდა და როგორც უნდა ისე წეროს და განვითარდეს-მეთქი. მაგრამ რავი, რაღაც ეჭვი მეპარება მზიანი  წვიმის და ალუბლების ბლოგმა ჩემს ჟურნალისტურ კარიერას ჩაუყაროს საფუძველი 😀

ყოველთვის როცა ქვეყანაში მიმდინარე რაიმე აქტუალურ საკითხზე მინდა წერა, ყოველთვის მეუხერხულება ასეთი პოსტები,  “ვაიმედედამზემიყვარს” პოსტების გვერდით განვათავსო! : )

ვერ ვურევ საქმეს და პირადს ერთმანეთში!  (ჟურნალისტიკის ეთიკური კოდექსი  აშკარად შესისხლხორცებული მაქვს)

ხოდა სწორედ ამიტომ შევქმენი ახალი ბლოგი! რომელსაც რაღა თქმა უნდა არ გავლინკავ 🙂

ვიქნები ჩემთვის და ვფიცავ იქ ნამდვილად აღარ დავწერ არაფერს პირადულს!

ჯერ-ჯერობით ანონიმურობის შენარჩუნება მინდა და მერე ვნახოთ…

წარმოიდგინეთ რომ დამალობანას გეთამაშებით და თუ იპოვით ჩემს ბლოგს 🙂

hide-and-seek…. 😀

წარმატებები მისურვეთ  ახალ ბლოგზე : )


მე ვხედავ მზეს კი არა 35-ს!

კი არ ვხედავ პირდაპირ თვალებში შემომანათა მზემ 5 წუთის წინ!!!

ჟურნალისტიკის ისტორიის გამოცდა 18-ში მქონდა და დღეს როგორც იქნა ეღირსა ქულებს დადება! ხელები მიკანკალებდა sms.tsu.ge-ზე შესვლისას.  უკვე დარწმუნებულიც კი ვიყავი რომ განმეორებითზე მომიწევდა გასვლა და

პარააამ!!

35 ქულა!!!

არადა რომ მახსენდება რეები ვწერე 😀  90 საკითხიდან სულ 3 საკითხი არ მქონდა წაკითხული (!!!) და იქიდან 2 მომივიდა :S

დავხედე თუ არა საგამოცდო ბილეთებს, მაშინვე ეგ ვთქვი ნეტა ეს მე-13 ბილეთი არ მომივიდოდეს გამოცდაზე-მეთქი, მაგრამ რად გინდა. არადა მეგონა ბედი მქონდა 🙂

ბილეთი #13
1. ილია ჭავჭავაძე, როგორც ივერიის პუბლიცისტი და რედაქტორი.
2. ნიკო ნიკოლაძის “ფრანგული პრესის დეკადანსი”
3. ნიკო ნიკოლაძის “ახალი ახალგაზრდობა”


პირველ საკითხში ილიას მოღვაწეობა მხოლოდ  “ივერიის” რედაქტორობის დროს უნდა განმეხილა, მე კიდე დაბადებინდა მოყოლებული რაც ვიცოდი ყველაფერი დავწერე, გიმაზიის დამთავრება, მერე რუსეთში სწავლის პერიოდი,  “ცისკარი” “საქართველოს  მოამბე” “დროებასა” და “კრებულში” მისი მოღვაწეობაც არ დავივიწყე  😀   წიწამურთან რომ მოკლეს ერთი ეგ არ დამიწერია (ზედმეტად ბანალურობად მივიჩნიე 😀 ეგ ხომ ყველამ იცის-მეთქი ვიფიქრე) თორე სხვა სადაც კი გაკვრით მაინც იყო ნახსენები ილია, ყველაფერი დავწერე.

აი მე-2 და მე-3 საკითხზე კი ნამდვილად გავიჭედე. გამოცდაზე შესვლამდე 15 წუთით ადრე მიყვებოდა ამ საკითხებს სალომე, მაგრამ რად გინდა 😐

ერთი კი გავიფიქრე ავდგები და გავალ, ამას ხომ არ  “შევეჭმევინებიმეთქი”  🙂 მაგრამ რომ წარმოვიდგინე 9 თებერვალს განმეორებით გმაოცდაზე ყინვასა და უბედურებაში როგორ “ჩამიკრავდა გულში” მაღლივის ბიბლიოთეკა, მოხდა საოცრება და გამინათდა გონება! მართალია სულ 1 ფურცელიც ვერ შევავსე ორივე საკითხით, მაგრამ მთავარია რომ მნიშვნელოვანი რაც იყო ის ჰქონდა მოყოლილი სალოს და მეც განვავრცე (გამიჭირდებოდა თუ? 🙂 )

ასე იყო თუ ისე, ფაქტია!