ნინო

“ბავშვები საერთოდ, ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე. თანაც, დიდებისგან განსხვავებით, არამარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ, რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, სიამოვნებთ კიდეც. უფრო სწორედ, საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა კი არ სიამოვნებთ, არამედ მათი სიკვდილით შეძრწუნებული და გულმოკლული ახლობლებისა. ახლობლების უცილობელ სიყვარულში დარწმუნება ანიჭებთ ბავშვებს ენით უთქმელ უდიდეს სიამოვნებას. ისინი განუწყვეტლივ მოითხოვენ ამ სიყვარულის დადასტურებას, ყველგან და ყველაფერში ამ სიყვარულის აღმოჩენას ცდილობენ და იმდენად ძლიერია მათი სურვილი და მოთხვონილება, ძალაუნებურად იწყებენ სიკვდილზე ფიქრს, რადგან სიკვდილი ყველაფერზე უკეთესად გამოკვეთს და გამოაჩენს ხოლმე გრძნობებს, რომელსაც ისინი დაეძებენ და რომელიც სიკვდილის გამოჩენამდე სხვა წვრილმანსა და უმნიშვნელო გრძნობებშია გათქვეფილი.” 

ოთარ ჭილაძე.

ყველაფერი არის მარტივი.

ყველაფერი არის ჩუმი.

ხოდა, ხშირად უთხარით თქვენს შვილებს, დებს, ძმებს, დედებს, მამებს, მეგობრებს, ახლობლებს და საერთოდ ვისაც გინდათ, რომ ძალიან გიყვართ და თქვენთვის ძვირფასები არიან.

მარტო კი არ უთხრათ, აგრძნობინეთ.

თორე, ერთხელაც, მარტო წარმოდგენა აღარ დააკმაყოფილებთ.

ადგებიან, ჩაუყვებიან “თელავის ქუჩებს” და ჩუმად წავლენ “მუხათწყაროს ტყეში”…


კუბოკრულპერანგიანი კაცი

გურჯაანისკენ მიმავალ სამარშუტო ტაქსიში ვსხედვართ. ტრენინგზე მივდივართ.  გვაგვიანდება.

მღოლის გვერდით ასე 30 წლამდე ქალი ზის, ოღონდ იმ პირობით, თუ ვივარაუდებთ, რომ ზურგიდან ასაკის გამოცნობა შეიძლება.

ლაპარაკობენ. ლაპარაკობენ.

“ის ქალი აცდენს, თორე უფრო სწრაფად ივლიდა”, – ვეუბნები მარის ცოტა ნაწყენი.

მუსიკას ვრთავ და თვალებს ვხუჭავ. ვახელ.  ისევ ლაპარაკობენ.

ახლა ქალი რამდენიმე სანტიმეტრით არის გადახრილი კაცისკენ. რაღაცას უყვება თან  ხელებს იშველიებს.  კეფაზეც კი ეტყობა, რომ ამ დროს იღიმება და თვალებში ციცინათელებს ისხავს. სარკეში ვხედავ ,როგორ გადახედავს ხოლმე კაცი ქალს ღიმილით. ისეთი ღიმილით, აი რომ ვერ ახსნი და რომ უნდა დაინახო.

ან შენ თვითონვე უნდა გაგიღიმოს ასე ვინმემ და იგრძნო…

კაცს საერთოდ არსად არ ეჩქარება, მიდის და მირონინობს. ზურგიდანვე ვატყობ, კუბოკრულპერანგიან განიერ ბეჭებზე, – მთელი დღე ივლიდა ასე, არ დაიღლებოდა. მეორე დღეც, მესამეც…

“ამ ქალს არ ვიცი რას ვუზავ”, – ბრაზდება მარი.

ახლა მეც მეღიმება.

“გაუშვი რა გინდა, იცინონ.” – ვპასუხობ და ჩემს “სოკო გოგოს”  ვუბრუნდები.


………………………………..

რა თქმა უნდა, ტრენინგზე დავაგვიანეთ.

მაგრამ ვიცით, რომ  ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც ხდება :  ) 


შესვენებაზე დაწერილი პოსტი ანუ, რით გჯობია ჩემი ბლოგი შენ!

რა უნდა აკეთო სამსახურში ერთსაათიანი შესვენების დროს, როცა არც ისე ძალიან გშია, გარეთ არც მზიანი ამინდია და თან გეძინება?

უბრალოდ, პოსტის წერა უნდა დაიწყო, მრავალაჭირვარამგადანახად ბლოგზე.

ბლოგზე, რომელიც, იმიტომ გიყვარს რომ აგერ უკვე მეოთხე წელია შენთან ერთად იზიარებს მზიან დღეებს, ისმენს და იმახსოვრებს შენს წუწუნსა და ტირალს, არ აპროტესტებს როცა თვეობით იკარგები და გამოჩენილს არ გეკითხება: “რატომ დამივიწყე? სად დაიკარგეე? ერთი არ უნდა მომწერო ხო 😦 მე თუ არ გამახსენდი ისე ხო საერთოდ არ მომიკითხავ!” და სხვ.

ეს ჩემი ბლოგის ყველაზე დიდი პლიუსია, იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობას ეს დიდი პლიუსი არ აქვს!!!

საშინლად ნერვებს მიშლის ნათესავებისგან, უბრალოდ ნაცნობებისგან და არც ისე მეგობრებისგან მსგავსი ტიპის ფრაზების მოსმენა. და მერე რომ უნდა უხსნა რაღაცეები, თითქოს ვალდებული ხარ რომ ყოველდღე მოიკითხო.

ვერავინ იტყვის, რომ უგულო ადამიანი ვარ. არც უყურადღებო. უბრალოდ ლოგიკურია, რომ იმას მოვიკითხავ ხშირ-ხშირად ვინც მინდა და ვინც ჩემს გულს გაუხარდება, ფორმალობებს კი საერთოდ ვერაფერში ვერ ვიტან!

“-რას შვები როგორ ხარ?

-რავი ვარ რა, შენ როგორ ხარ?

-მეც კარგად. შენები როგორ არიან? მომიკითხეეე..

-კარგად, გადავცემ აუცილებლად. შენც მომიკითხე შენები.

-კარგიი.. “

ი ვსიო. მეტი არაფერი. ნუ რაღაცეების მოფიქრება და დიალოგის გავრცობა კიდე შეიძლება ხოლმე, მაგრამ ამ 3 წინადადების თქმის სურვილიც რომ არ გაქვს იმასთან რატომ უნდა მოიფიქრო და განავრცო?

და რა, ამ სამი წინადადების ჩემ მიერ  პერმანენტულად ხშირ-ხშირი მიწერით ნეტა ბედნიერდება ვინმე?!   რაღაც არამგონია 🙂

ვიცი, საშინელი არსება ვარ ეხლა!

მაგრამ ეგრეა და ჰა..

მე მხოლოდ საუკეთესო მეგობრებთან და ძააალიან ახლობლებთან ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, ვუსაყვედურო რომ სადღაც დაიკარგნენ და აღარ მომიკითხეს სანამ მე არ მივწერე.

სხვებთან ამის თქმის უფლება თითქოს არ მაქვს, რაღაც არ მომწონს, არ შემიძლია, რატო ვკითხო? იქნებ სულაც არ უნდა ჩემი მოკითხვა და ხო არ დავაძალებ ადამიანს? უხერხულ სიტუაციაში ვაყენებ  მერე იმასაც და მეც ჩემს თავს 😀

მოკლედ, ასე, ამოვანთხიე დაგროვილი დარდი და ვარამი 😀  და იმდენი უაზრობა დავწერე, მემგონი ჯობდა ეს დროც არ დამეკარგა და შესვენება მთლიანად ჭამაზე ფიქრისთვის დამეთმო ^_^ 😀

მზიანი ამინდი მაინც იყოს..

არადა, როგორი მზიანი და “გაზაფხულური” კაბა ჩავიცვი ❤

მაგრამ მოიღრუბლა.

დაე იწვიმოს, მზიან და “გაზაფხულურ” კაბასთან ერთად ჩემი ლამაზი ბოტებიც ჩავიცვი და შემიძლია დაუღალავად ვიჭყაპუნო გუბეებში ❤

ვიჭყაპუნებ და სახლში მისული, ყველას სათითაოდ მოგწერთ: “რას შვები როგორ ხაარ? სად დამეკარგე?!” 🙂


მზიანი დღე ფანჯრებს იქით…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

…გუშინდელი ღამის მიუხედავად ადრე იღვიძებ. 2 დღეა, სამსახურში აგვიანებ. ’’იქნებ დღეს მაინც გამოვასწორო’’. გიკვირს როგორ შეძლო შენში გაღვიძებულმა პასუხისმგებლობის გრძნობამ შენი ასე ადრიანად გაღვიძება და სახლის კარს იხურავ.

…დროზე მიხვედი.

გარეთ მზეა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

..ასე მგონია სკაში ვარ. ოღონდ ნაკლები ზუზუნით. კომპიუტერები. ადამიანები. კომპიუტერები. ადამიანები. ადამიანები. ადამიანები….

ასე მგონია, თითოეულზე მოთხრობა დაიწერებოდა.

ფანჯრებზე გისოსებია. შიგნიდან ჟალუზები.  და მზის სხივები მაინც აღწევს.

მზეა…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გვერდით ოთახიდან ბიჭის რაღაცნაირად სასიამოვნო ტემბრი ისმის.  …ჯერ კარგად არ იცნობ. უბრალოდ, მოსვლისას გამარჯობას ეუბნები ”საზოგადოდ”, წასვლისას კი  ”ნახვამდის”-ს   –  რატომღაც, იშვიათად..

… მერე გეჩვენება, რომ გაზაფხულის სუნი იგრძენი.

კომპიუტერის ეკრანს უყურებ და ფიქრობ:  ’’მზიანი დღისთვის სამსახურის გისოსებიანი ფანჯრებიდან ყურება  ყველაზე დიდი ბოროტებაა!’’

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

”-გიყვარდა ბავშვობაში მაჭკატები?

– ჰო, მაგრამ  ეხლაც არ ვიცი რისგან კეთდება. მახსოვს რომ პეპი იატაკზე აბრტყელებდა..

-ხოდა, ესე იგი იატაკზე კეთდება 🙂

 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

…თუ ვინმე ნახევრადხუმრობით გეტყვით, რომ აგერ უკვე 2 წელია ყოველდღე კლავ, იცოდე, რომ არ უნდა კითხო რატომ…  მერე შეიძლება შენ თვითონ გეტკინოს…

და გარეთ მაინც მზე იქნება. უბრალოდ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მზიანი დღე არ შეიძლება უბრალოდ დამთავრდეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

’’მიყვარხარ, მიყვარხაააააარ.. და ის, რომ დავიკარგე, იმას არ ნიშნავს რომ დამავიწყდი.’’

მერე აღარ იცი, რა უნდა თქვა…

ჩუმდები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მივდივართ, მივდივართ…  აღარ ვამბობ სად გავისეირნოთ.  მეკითხებიან სად წავიდეთ, მე მინი პროტესტის სცენას ვაწყობ და უბრალოდ მივუყვები რუსთაველს. არაფერზე ვბრაზობ, არც მწყინს. უბრალოდ ეგრე ვარ.

ორი მზე მომყვება გვერდით, ჩემი და ჩემი.

ვხვდები, რომ დღეს ვაშხამებ…

მაინც ვაგრძელებ ჩემსას და მივდივართ, მივდივართ.. უბრალოდ.

მზე აღარ არის, სამაგიეროდ მაქვს მზესუმზირა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვერავინ იტყვის ზუსტად როგორი შეგრძნებაა, როცა ქუჩაში შემთხვევით ორჯერ გხვდება ბიჭი, რომელსაც ბავშვობაში ერთი წლის მანძილზე გვირილების სურნელებიან წერილებს წერდი… უბრალოდ საკუთარ დღიურში. ორჯერ გხვდება და ვერცერთხელ შეგამჩნევს.

’’როდესმე ჩემს დღიურს წიგნად გამოვცემ და იისფერი ლენტით შეკრულს სახლის კარებთან დავუტოვებ,’’ – ამბობ და იღიმები. გარეთ მაინც მზეა.


. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

…შენზე მაინც არაფერს ვიტყვი, საერთოდ არაფერს.

შენ თვითონ უნდა ისწავლო რამის თქმა.

მე გამოზომილად ვეძებ შენთვის სათქმელ სიტყვებს, შენ – ნაპოვნი გაქვს, მაგრამ შენთვის იტოვებ.

იყავი ჩემთვის, სანამ მე გადავიფიქრებ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დავიღალე, რომ ხშირად ელოდებიან იმას, თუ  მე რას ვიტყვი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

’’-ბუზღუნებ ეხლა შენ!

-ხო, ვიცი!’’

ვბრუნდებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კიბეებზე ასვლისას ხელში ნარიყალის  ყვითლად აყვავებული ტოტები თრთიან.

’’ჩემს შვილებს აუცილებლად გამოვუცხობ ხოლმე მაჭკატებს…’’

სახლში ხარ, თბილა….


როცა მზე ჩამოაღწევს ტოტებს შორის

…მოვედი დაცლილი, დალეული, გამოფიტული, ჩამოფხრეწილკედლებიანი.

და მე ვარ მთლიანად იმედგაცრუება! ერთი დიდი იმედგაცრუება!

მტკივა.

.. არც სიყვარულია მიზეზი, არც მეგობრობა, არც არჩევნები, არც აქციები, არც ცოცხი…

არც ერთი ცალკე და ყველაფერი კი ერთად!

დ ა ვ ი ღ ა ლ ე !!!

და ვგრძნობ თითქოს ისე მარტო ვარ ახლა, როგორი მარტოსულიც არასდროს ვყოფილვარ მთელი ცხოვრების მანძილზე…

ჩემს თმაში ვპოულობ 3 ცალ ღერ ჭაღარას.

თვალებში ვერ ვპოულობ ნაპერწკლებს.

ვიღიმი მხოლოდ ტუჩებით.

ვეხმიანები ყოველდღე მეგობრებს და ვნახულობ, რომ ვიგრძნო.

ვეძებ  და ვეძებ.  ვპოულობ და ვფიქრობ რომ ჯობდა არ მომეძებნა.

დ ა ვ ი ღ ა ლ ე !!!

მინდა თვალებდახუჭული ვგრძნობდე მზეს სახეზე და ბეჭებზე მიწას.

მინდა მციოდეს, მშიოდეს, წვიმდეს, ვსველდებოდე, მზე გამოდიოდეს, ვშრებოდე, მიღამდებოდეს, მტკიოდეს, სისხლი მდიოდეს, მწყუროდეს, წყალს ვპოულობდე, მტკიოდეს, მტკიოდეს, მტკიოდეს…

და მაინც ვიღიმოდე, არამხოლოდ ტუჩებით ვიღიმოდე!..

 

….და  ვიყვირებდი ხმამაღლა.

და ვიტკენდი იოგებს.

და დავიცლებოდი.

და ავივსებოდი.

გ ა ვ ი ღ ი მ ე ბ დ ი –

…როცა მზე ჩამოაღწევდა ტოტებს შორის…


სალოლას ბლოგი უქმდება?!.

სალოლას ბლოგი უქმდება!!!

მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარი სამუდამოდ იხურება!!!

…..აი,  ზუსტად ამ სიტყვებით უნდა ვიწყებდე პოსტის წერას, მე სულ ცოტა სინდის-ნამუს-წვერ-ულვაში და შუბლზე ძარღვი რომ მქონდეს შერჩენილი,  მაგრამ არა!

მე ისევ აქ ვარ… ჩემი გრძნობებით, ვნებებით და სათქმელით..

დავბრუნდი, უძღები შვილივით…

დავბრუნდი, იმიტომ რომ გამიჭირდა.

დავბრუნდი, იმიტომ რომ სათქმელი მაქვს.

დავბრუნდი, იმიტომ რომ ყველაზე ჩემი ადგილია.

დავბრუნდი,  იმიტომ, რომ როგორი უყურადღებო, მოუცლელი და ზარმაციც არ უნდა ვიყო, ჩემი ბლოგი მაინც უაზროდ და უზომოდ მიყვარს!!!

დავბრუნდი  იმიტომ, რომ ის ერთადერთია,  რომელსაც შეუძლია, უშეცდომოდ მოგიყვეს ჩემზე… ❤ 

……………………………………………………………………

დავბრუნდი  ზუსტად 2 თვის შემდეგ…

აქ ვარ!


JACK DENIALS + ვოდკა, ანუ სიმთვრალის ბოდვანი :D

მთვრალი ვარ! და ვწერ პოსტს, რადგან ხვალ წავიკითხო და ვნახო როგორია სიმთვრალე.

ვცი, შეცდომები ბევრი მექნება ნაწერშI და ამის გამო არ გამაკრიტიკოთ. ანუ როგორ ვარ? თვალები მგონი მიელამდება და სულ მიდნა ვიცინოოო 😀 😀
ხო კიდე იცი რა მინდაა?!    მაგრად ჩავეხუტოოოოოო!

ვის? რავიცი… ეგ რო ვიცოდე ჩემთვისაც კარგია 😀

არა, პირნციპში კი ვიცი.. ნუ ზუსტად არა მაგრამ ეხლა სიმთვრალეში ჩასახუტებლად ეგ მშვენიერი კანდიდატურა : )))

მმმ…..  ❤  არა მარტო სიმთვრალეში.. ^_^ უბრალოდ ახლა უფრო თამამი ვარ, ხომ გესმით 🙂

როგორ დავთვერიი? 😀 😀  1 ბოთლი  JACK DANIELS + 1 ბოთლი არაყი გაყავით 3 კაცზეე და = სიმთვრალეს   :  )))  ესეც სიმთვრალის ფორმაულა ^_^

ყველაფერი იმით დაიწყო რომ მე კოსტა და ეკა ეკლესიის მერე ტორტზე დავპატიჟე და ჩემთან წამოვაბრძანე 😀  კარგია რომ ახლოს ვცხოვრობ : )
დედაჩემის კითხვაზე თუ რას დალევდნენ, რა თქმა უნდა გაინაზნენ 🙂

მერე?.. მერე ტორტი იყო გემრილი მახსოვს..  და ვისკის პირველი ჭიქის ჩამოსხმისას რა თქმა უნდა ორივე ამბობდა: “აუ ბევრი არ დამისხა რააა”

ცხვირზე ხელის მოჭერა და  ყლუპ. ლყუპ. ლყუპ….. სამი ყლუპ ერთად და სამი დაჭყანული სახე  : )

მერეე?  მერე როდის დავისხით მეორე ჭიქა აღარ მახსოვს.

მერე მესამე და მეოთხე ჭიქაზე უკვე რა სადღეგრძელოს ვამბობდით მაგას არ ვიტყვი 😀

მერე გვანცას დავურეკეთ. ჩვენი ბაჭიააააა ❤ ჩაქვში იყო.. ვაიმეე მაგათ რა ვუთხარი, დიპლომატიურ კონპერენციაზეა თუ ბომჟ-ფართიზე  ნეტაა 😀  კლუბში იყო და გამოვიყვანეთ გარეთ, მეთქვი ტვინი უნდა ვუბურღოთ რომ მოგვენატრა და მალე ჩამოვიდეეს, ეგ კიდეე ” აუ მიყვარხააააართ! თქვენთან მინდააააა! მენატრებიიიით… ჩემი ბაჭიები ხაააააააართ!… ბლა ბლა ბლა…|”  მოკლედ, ეგეც ჩვენზე არანაკლებად მთვრალი იყო 😀

ხო მერეე?.. მერე ზუსტად აღარ მახსოვს. ხოო.. იმას ვამბობდით, ენაზე არა, პირდაპირ ყელში გადავუშვათთქო 😀
უკვე გაგვიტკბა..უკვე აღარც კი ვიჭყანებოდით დალევის მერე  და ბოლოს ჩემ ჭიქაში რომ სულ რამდენიმე წვეთი  ჩამოვარდა, მივხვდით, რომ დავცალეეეეთ 😀

მერე ვვარჯიშობდით როგორ გაგვევლო სწორ ხაზზე და როგორ უნდა ეთქვათ დედაჩემისთვის “ნახვამდის” ისე  რომ სიმთვრალე არ შეტყობოდათ 😀

უუჰ.. ჰაერი. ამოვისუნთქეთ…

და კოსტას გაეხსნა: “მოდი კიდე ერთი ბოთლი არაყი ვიყიდოოოთ” :  )) ეკა ისევ გაინაზა 😀  ჩემი რაფაელოო ❤

მერე ერთლი ბოთლი არაყი და შოკოლადის ფილა..

და მერე:  ვიღაცას რომ სადღაც ვენატრებით… აი ეხლა რომ  გაიარა და ჩვენზე იფიქრა ვაიმე ესენი ვერ არიანო… აი ფანჯრებიდან რომ შუქი გამოდის და გველოდებიან…   აი, ეს ძაღლები…. ერთგულები რომ არიან პატრონის, ანუ ერთგულების..  აი, იმ მონატრების… და ბოლოს ისევ “ჩვენ გაგვიმარჯოს!”
ეკა: “ვაიმე მართლა წყალივითააა” 😀 😀

ფუფ.. ისევ ჩემზე გათავდა ის არყის ბოთლიც :X   მგონი გათავება დამებედა 😀

მერე სახლებისკენ.. არეული ნაბიჯით. უფრო სწორედ. არაფერი არ უნდა შემემჩნეს.

ოჰ, ნათლიაჩემი შემხვდა. გადაკოცნისას პირს მჭიდროდ ვხურავ რომ სუნი არ ეცეს: “როგორ ხართ?”-რაღაცნაირად  წვრილი ხმა ამომდის ყელიდან და მე ვფიქრობ რომ მგონი ტყუილად ვეჩხუბებოდი ჩაჩანიძეს, როცა KBH-ის თამაშის წინ კონიაკს სვავდა, ხმა ჩაგეხლიჩება ნუ სვავთქო. ის მიმტკიცებდა პირიქითო.. სად გამახსენდა.  ჰმმ.. მგონი მართლა მთვარლი ვარ :|ააა?

უკვე სახლში ვარ. მამაც აქააა. ვიღიმი და სრულიად სერიოზულ გამომეტყველაბას ვიღებ (ღიმილი და სრულიად სერიოზულობა?!  O_o )

ასე თუ ისე ვირიდებ კითხვებს.. გამოვდივარ ჩემს ოთახში. ვრთავ Facebook-ს და wordpress-ს.. ვხსნი New post-ს და ვწერ :    “მთვალი ვარ!”  ^_^
WHAT?

p.s. შენი ჩახუტება ისევ მინდა..  Facebook-ზე არ ხარ თორე გეტყოდი ამას..  :  )


მე დავწერდი, რომ…

რომ არ კითხლობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი მეგობრები..

ნათესავები.. 

ჯგუფელები..

კურსელები..

KBH-ელები….

ჩემი მეგობრის დედა…

Facebook-იდან შემოხეტებულები…

მე დავწერდი რომ…..

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ მთელ დღეს  ვფიქრობდი.  დასაძინებლად რომ დავწექი, მაშინაც. ღამით რომ გამეღვიძა და წყლის დასალევად ავდექი, ისევ ჩემთან იყო.  მერე ფანჯარა რომ გამოვაღე და ნიავს შევუშვირე სახე, მაშინაც..

დილით, სიზმრისსურნელს გამოჰყვა.

მერე წირვაზე წასვლისასაც არ მომეშვა.

იქაც, ტაძარში…

მოკლედ, ავირიე!

უბრალოდ, მივხვდი რომ ჩემია…

ჩემში.

სულ მინდა რომ იყოს.

და თუნდაც, საღამოობით, დაღლილი რომ მოვიდოდა გორაკის პირას მდგარ პატარა სახლში, მე ოხშივარადენილ რძიან ჭურჭელს შემოვდგამდი ასადუღებლად ცეცხლზე და მერე დიდი დოქიდან წყალს დავუსხავდი დიდ, ფართო და დაძარღვულ ხელისგულებზე.

შეღამდებოდა.

აივანზე გავდგამდი სამფეხა ტაბლას და ორ პატარა სკამს.

მერე მთვარე ამოცურდებოდა. დიდი და სავსე.

იქნებოდა ზაფხული და ღამე.

ზაფხულის გრძელი ღამე.

დილით მამლები.

და მზე…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხო, აი ამას დავწერდი… : ) 

და ანი გადამერეოდა : ) 


გაზაფხულივით არეული პოსტი…

შემოგაზაფხულდა..  კარგი, არ მითხრათ, რომ კალენდარს შევხედო ან მობილურში ჩავიხედო. ვიცი, ვიცი რომ 5 მაისია და გაზაფხულის ნახევარზე მეტი გასულია,  მაგრამ მე მაინც ეს რამდენიმე დღეა რაც  “შემოგაზაფხულების” შეგრძნება მაქვს..  

არეული ამინდები. ხან მზეა, ხან წვიმა.  ღამეები  თბილი და ჩუმი.  დილით წვიმის ხმა მაღვიძებს და ცოტა ხანში უკვე მზე  მიკაკუნებს ფანჯრის მინებზე.

აი ეს მიყვარს ❤ 

მინდა წავიდე, გავიქცე ე ე ე . . .  

მარტო მე ვიქნები, მზე და წვიმა.. 

მიწას გავაკრავ დამძიმებულ სხეულს და თვალებდახუჭული შევაცქერდები მზეს. 

მარტო ვიქნები.

და ვიფიქრებ, ვინმე რომ მხედავდეს, აუცილებლად შეშურდებოდა–მეთქი ჩემი.

……………………………………………………………………………….

… ჩემგან 2 სკამის გამოტოვებით მასწავლებელი ქალები სხედან და საუბრობენ. ყვითელი ავტობუსი ირწევა აქეთ– იქით. ერთ–ერთს ხელში ყვავილების დიდი თაიგული უჭირავს, ღონისძიებაზე ყოფილან. მასწავლებლები არიან. გაჩერებას ვუახლოვდებით, უფასო მგზავრობის ბარათებმომარჯვებული ქალები გასასვლელისკენ იწევენ.

–”ჩვენ, მასწავლებლები, სულ უფასოდ დავდივართ, ხოდა აი ეს თქვენ მეუღლეს ან შეყვარებულს მიართვით” – თაიგულს მძღოლის გვერდით დებს და ჩადის.

………………………………………………………………..

გუშინ გვანცას გავებუტე.  თითქოს უმიზეზოდ, მაგრამ მაინც… მინდოდა შეემჩნია რომ მეწყინა!   და ვერ ვიტან როცა ვიღაცაში მცვლიან. ხო, ვიცი, ვიცი, არავისშიც არ გავუცვლივარ და მართლა ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ვერ ვიტან მის ხანდახან უყურადღებობას, გულმავიწყობას…  ახლა მწერს, ნეკა თითი გაამზადე შევრიგდეთო: ) შევრიგდებით, აბა რას ვიზავთ, არც გვიჩხუბია. უბრალოდ მეწყინა და გულში არ დავიტოვე! ეგ იყო და ეგ…

………………………………………………………………

….  “შიშველ სიმართლეს” ვთამაშობდით, მკითხეს, Facebook-ზე რომ შედიხარ, ჩათში, ვისი დანახვა გიხაირია ხოლმე ყველაზე მეტადო…

მერე დავფიქრდი. ხო, მიხარია და სულ მინდა რომ ვხედავდე!   (ალბათ 🙂 )

ოღონდ, არ მიყვარს, მართლა.. უბრალოდ მიხარია ❤

p.s. რომ არ კითხულობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი ნათესავები, ჯგუფელები, ჩემი მეგობრის დედა…  და ჩემი KBH-ელები, ალბათ უფრო მეტს დავწერდი 🙂 ნუ მზღუდაავთ! : )))

…………………………………………………………

… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯერ უნდა დავფიქრდე და მერე ვილაპარაკო. ან საერთოდაც არაფერი ვთქვი… სულ მცირე იმიტომ მაინც, რომ გია ბუღაძის შეკითხვაზე, ინგლისელ მხატვარზე არ ვთქვა რომ ფრანგია… : )

………………………………………………………….

… “მორჩა, დღეიდან დიეტაზე ვარ!” – უკვე მერამდენეჯერ გავიფიქრე და მივხვდი, რომ ყოველთვის, როცა უკვე გემრიელად ნაჭამი ვარ, მაშინ მაფიქრდება ეს… : )

………………………………………………………..

…სახლში მოსვლას ისევ ვაგვიანებ,  მაგრამ ისე ვიქცევი, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს.

………………………………………………………………

აღმოჩნდა, რომ ზოგიერთები სულ სხვანაირად აღმიქვამენ, არ მიფიქრია ამაზე არასდროს…

………………………………………………………………………….

ალბათ, ხვალაც დავაგვიანებ ლექციაზე…

მაღვიძარას დარეკვამდე მეღვიძება.  ლოგინიდან წამოვიწევი და ფანჯარას ვაღებ.  თეთრი ფარდა ოდნავ ფრიალებს. მე საბანში ვეხვევი, თვალებს ვხუჭავ და ფიქრს ვიწყებ. ვოცნებობ… არ მეთმობა. სიზმრებიდან გამოყოლილ სურნელს ღრმად ვისუნთქვა და..

ისევ ვაგვიანებ.
………………………………………………………………………………..……….

გაზაფხულივით არეული პოსტი….


Zahra Hindi <3

უბრალოდ მიყვარს ❤    ჩემი განწყობაა… თბილი და  წყნარი ❤

დილით ამის ფონზე მინდა რომ ვიღვიძებდე სულ  : )

რატომღაც ჩემ აღმოჩენად ვთვლი, მაგრამ იმედია, ასე არ არის და უკვე იცნობთ მის შემოქმედებას.

თუ არადა, მაშინ, აი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი სიმღერა…

კლიპიც რა თბილია…

…………….

მცირე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. იმდენად მწირი იყო, რომ ჩემი ბლოგის მაგის დასადებად ვერ გავიგეტე : )