სადრაFტიდან ამოდრაFტებულა : )


უკვე ისეთი გაზაფხულია მე რომ მიყვარს.. მზიანი, აყვავებულხეებიანი, ბოდიალის მომმნდომებელი..

სიამოვნებით გავიდოდი გარეთ და ვივლიდი მანამ, სანამ ფეხები თავისით არ დაიწყებდნენ ჩაკეცვას.

არ დავსახავდი მარშუტს –  გავყვებოდი მზეს ❤

მარტო წავიდოდი.

ან ვინმესთან ერთად..

თუმცა… ახლა ნამდვიალად მარტო წავიდოდი  🙂

“სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია” 🙂

მე კი უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის რესურსცენტრში ვზივარ – ასე ახლობელი და ყოველდღიური ლექციებს შორის შუალედი მაქვს. ”

ეს დღეს აღმოვაჩინე დრაფტებში გაჩხერილი.   30 მარტს არის დაწერილი. დღეს 6 ივნისია. მაგრამ განწყობა იგივე…

ახლა  რომ დამეწერა ეს პოსტი, ყველაფერი ისევ ასე იქნებოდა. უბრალოდ შეიცველებოდა დასაწყისი – ”უკვე ისეთი ზაფხულია…”

ისევ გავყვებოდი მზეს და ვივლიდი იმდენს სანამ ფეხები თავისით არ დაიწყებდა ჩაკეცვას.

არც ის შეცვლილა, რომ მარტო წავიდოდი და ”სხვა გზა, სხვა ხსნა, არ გამაჩნია” 🙂

და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც  უნივერსიტეტის  მე-6 კორპუსის რესურს ცენტრში ვზივარ და ისევ ასე ნაცნობი და ახლობელი ლექციებს შორის შუალედი მაქვს : )))

ნეტა რა მიხარია.

დავიღალე!    😐


“მზის ფესტივალი” მზიურში

“აი მე ვარ მართლა პარაზიტი, ხალხის გამფუჭებელი, ლექციების გამცდენელი, გამცუღლუტებელი და ა.შ. : )))))) 

მარა აი მიყვააააააააააააააააააააარს ასეთი რომ ვარ : ))) “ – ჩემი გუშინდელი სტატუსი facebook–ზე 🙂

რატოომ? იმიტომ რომ დილაუთენია ჯერ ლოგინიდან წამოვაფრინე ანი, მერე ტვინი გავუბურღე, სანამ ლექციების გაცდენაზე და მზიურში წასვლაზე არ დავითანხმე.

მიზეზი მნიშვნელოვანი,

არგუმენტი შეუცვლელი,

დასაბუთება შეურყეველი:

ჩვენი დღე უნდა აღვნიშნოთ! 

წავედით!

მთელი გზა მებუზღუნებოდა, ლექციებს მაცდენინებ, პრეზენტაცია გასაკეთებელი მაქვს, რეფერატი დასაწერიო, მაგრამ…

შევედით თუ არა მზიურში, ყველაფერი დაავიწყდა..

…ლოყებზე მზეებდახატული ბავშვები, იასამნისფერი ბუშტები, ბევრი ყვავილები, ასფალტზე ფერადი ცარცებით დახატული ნახატები, სათამაშოები, წვრილ–წვრილად დაჭრილი ფერადი ქაღალდები, შრეკი და მზე…

ამდენი დიდი ხანია აღარ გვიცნია. არც ამდენი გვითამაში ბავშვებთან ერთად.

სოსო, ქეთი, სერგო, კატო, ლუკა, გიორგი, საბა….  კიდე რამდენი.

როგორ უხაროდათ ჩვენთან ერთად თამაში.

მშობლების ხელებს ჩაჭიდებული, ლამაზ ტანსაცმელში გამოპრანჭული ბავშვები გარშემო გვივლიდნენ, თითქოს რატომღაც ერიდებოდათ ჩვენთან მოსვლა.

 “არა, ამას ვერ ითამაშებს” – უცნაური ტონით მითხრა დიდსაყურეებიანმა ქალმა და  ბავშვი  გაგვარიდა.

არავის გვიდარდია.

ვთამაშობდით ჩვენ და ბავშვები, ბავშვები სურამის სახლიდან….


მე დავწერდი, რომ…

რომ არ კითხლობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი მეგობრები..

ნათესავები.. 

ჯგუფელები..

კურსელები..

KBH-ელები….

ჩემი მეგობრის დედა…

Facebook-იდან შემოხეტებულები…

მე დავწერდი რომ…..

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ მთელ დღეს  ვფიქრობდი.  დასაძინებლად რომ დავწექი, მაშინაც. ღამით რომ გამეღვიძა და წყლის დასალევად ავდექი, ისევ ჩემთან იყო.  მერე ფანჯარა რომ გამოვაღე და ნიავს შევუშვირე სახე, მაშინაც..

დილით, სიზმრისსურნელს გამოჰყვა.

მერე წირვაზე წასვლისასაც არ მომეშვა.

იქაც, ტაძარში…

მოკლედ, ავირიე!

უბრალოდ, მივხვდი რომ ჩემია…

ჩემში.

სულ მინდა რომ იყოს.

და თუნდაც, საღამოობით, დაღლილი რომ მოვიდოდა გორაკის პირას მდგარ პატარა სახლში, მე ოხშივარადენილ რძიან ჭურჭელს შემოვდგამდი ასადუღებლად ცეცხლზე და მერე დიდი დოქიდან წყალს დავუსხავდი დიდ, ფართო და დაძარღვულ ხელისგულებზე.

შეღამდებოდა.

აივანზე გავდგამდი სამფეხა ტაბლას და ორ პატარა სკამს.

მერე მთვარე ამოცურდებოდა. დიდი და სავსე.

იქნებოდა ზაფხული და ღამე.

ზაფხულის გრძელი ღამე.

დილით მამლები.

და მზე…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხო, აი ამას დავწერდი… : ) 

და ანი გადამერეოდა : ) 


ის, რაც ყოველდღე უნდა მეწერა : )))

ჩემს ბლოგს დააკლდა ჩემი ხელი..  თუმცა არამარტო ბლოგს დავაკლდი, სემინარებსაც 🙂

ჩემთან კი ისეთი ამინდებიაა….

მზის და წვიმის სუნიანი… 

ბევრი ღიმილით და თავდავიწყებამდე სიცილითაც.

ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე ვაკს პარკიდან ფეხით აბოდიალებული და წვიმაში გაწუწული.  

ყვითელ ავტობუსში ამღერებული და მგზავრების გაოცებულ სახიანი.

წყნეთის ნაძვებიანი…

ვეკოს დაბადების დღის ტორტიანი.

ჩემი თამუნას მუცელში მჯდომი მზეთუნახავიანი.

KBH–ის  “პრაგონიანი”  : )

იმედის დილაში სიცხიანი საინფორმაციოს წაყვანიანი.

სტუდენტურ დღეებიანი

და  “სალომე ჩხეიძეს მოსწონს ეს” – იანი  : ))))))

მეთი აღარ მახსოვს 😦

სახლს ყველაზე მეტად დავაკლდი მგონი –  მთელ დღეს გარეთ ვატარებ 😐  ეს ყველაზე  მეტად არ მომწონს.  სახლი საასტუმროსავით გავიხადე, დილით ვსაუზმობ, ვიცვამ და მივდივარ, ღამე მოვდივარ, ვვახშმობ და ვიძინებ : )

აღარ ვიცი რა ხდება სანდროსთან სკოლაში და კარატეზე.

არც ის ვიცი წესიერად, როდის მოდიან ჩვენთან სახლში ვეკოს “სადედამთილ–სამამამთილ–საბებიო” 🙂

დედიკოს როდის აქვს საბავშვო ბაღში გამოსაშვები ბავშვების ზეიმი?

მამიკო როდის ჩამოდის ყაზბეგიდან? …

და კიდევ ვინ იცის რამდენი რამე გამოვტოვე.

მაგრამ ალბათ ღირდა…

გაზაფხულის წვიმით გაწუწული, თმებში ყვავილებით და ხელში იასამნით რომ ჩამოვედი ეთნოგრაფიულიდან და ჩემებს რომ შევხედე, მაშინ გამიელვა თავში, ბედნიერი ვარ!..

……………………………………………………

ყოველ ღამე, თუნდაც 12 საათი იყოს და მაშინ მოვიდე, სანდრო ძველებურად მელოდება მე და მეკითხება:  “სალო, ეს ასე დავწერო?”

ვითომ ნერვები მეშლება, რომ მე მელოდება,  არ დაუწერია უჩემოდ და ვუბრაზდები..

თან მიხარია.

მელოდება ❤


გაზაფხულივით არეული პოსტი…

შემოგაზაფხულდა..  კარგი, არ მითხრათ, რომ კალენდარს შევხედო ან მობილურში ჩავიხედო. ვიცი, ვიცი რომ 5 მაისია და გაზაფხულის ნახევარზე მეტი გასულია,  მაგრამ მე მაინც ეს რამდენიმე დღეა რაც  “შემოგაზაფხულების” შეგრძნება მაქვს..  

არეული ამინდები. ხან მზეა, ხან წვიმა.  ღამეები  თბილი და ჩუმი.  დილით წვიმის ხმა მაღვიძებს და ცოტა ხანში უკვე მზე  მიკაკუნებს ფანჯრის მინებზე.

აი ეს მიყვარს ❤ 

მინდა წავიდე, გავიქცე ე ე ე . . .  

მარტო მე ვიქნები, მზე და წვიმა.. 

მიწას გავაკრავ დამძიმებულ სხეულს და თვალებდახუჭული შევაცქერდები მზეს. 

მარტო ვიქნები.

და ვიფიქრებ, ვინმე რომ მხედავდეს, აუცილებლად შეშურდებოდა–მეთქი ჩემი.

……………………………………………………………………………….

… ჩემგან 2 სკამის გამოტოვებით მასწავლებელი ქალები სხედან და საუბრობენ. ყვითელი ავტობუსი ირწევა აქეთ– იქით. ერთ–ერთს ხელში ყვავილების დიდი თაიგული უჭირავს, ღონისძიებაზე ყოფილან. მასწავლებლები არიან. გაჩერებას ვუახლოვდებით, უფასო მგზავრობის ბარათებმომარჯვებული ქალები გასასვლელისკენ იწევენ.

–”ჩვენ, მასწავლებლები, სულ უფასოდ დავდივართ, ხოდა აი ეს თქვენ მეუღლეს ან შეყვარებულს მიართვით” – თაიგულს მძღოლის გვერდით დებს და ჩადის.

………………………………………………………………..

გუშინ გვანცას გავებუტე.  თითქოს უმიზეზოდ, მაგრამ მაინც… მინდოდა შეემჩნია რომ მეწყინა!   და ვერ ვიტან როცა ვიღაცაში მცვლიან. ხო, ვიცი, ვიცი, არავისშიც არ გავუცვლივარ და მართლა ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ვერ ვიტან მის ხანდახან უყურადღებობას, გულმავიწყობას…  ახლა მწერს, ნეკა თითი გაამზადე შევრიგდეთო: ) შევრიგდებით, აბა რას ვიზავთ, არც გვიჩხუბია. უბრალოდ მეწყინა და გულში არ დავიტოვე! ეგ იყო და ეგ…

………………………………………………………………

….  “შიშველ სიმართლეს” ვთამაშობდით, მკითხეს, Facebook-ზე რომ შედიხარ, ჩათში, ვისი დანახვა გიხაირია ხოლმე ყველაზე მეტადო…

მერე დავფიქრდი. ხო, მიხარია და სულ მინდა რომ ვხედავდე!   (ალბათ 🙂 )

ოღონდ, არ მიყვარს, მართლა.. უბრალოდ მიხარია ❤

p.s. რომ არ კითხულობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი ნათესავები, ჯგუფელები, ჩემი მეგობრის დედა…  და ჩემი KBH-ელები, ალბათ უფრო მეტს დავწერდი 🙂 ნუ მზღუდაავთ! : )))

…………………………………………………………

… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯერ უნდა დავფიქრდე და მერე ვილაპარაკო. ან საერთოდაც არაფერი ვთქვი… სულ მცირე იმიტომ მაინც, რომ გია ბუღაძის შეკითხვაზე, ინგლისელ მხატვარზე არ ვთქვა რომ ფრანგია… : )

………………………………………………………….

… “მორჩა, დღეიდან დიეტაზე ვარ!” – უკვე მერამდენეჯერ გავიფიქრე და მივხვდი, რომ ყოველთვის, როცა უკვე გემრიელად ნაჭამი ვარ, მაშინ მაფიქრდება ეს… : )

………………………………………………………..

…სახლში მოსვლას ისევ ვაგვიანებ,  მაგრამ ისე ვიქცევი, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს.

………………………………………………………………

აღმოჩნდა, რომ ზოგიერთები სულ სხვანაირად აღმიქვამენ, არ მიფიქრია ამაზე არასდროს…

………………………………………………………………………….

ალბათ, ხვალაც დავაგვიანებ ლექციაზე…

მაღვიძარას დარეკვამდე მეღვიძება.  ლოგინიდან წამოვიწევი და ფანჯარას ვაღებ.  თეთრი ფარდა ოდნავ ფრიალებს. მე საბანში ვეხვევი, თვალებს ვხუჭავ და ფიქრს ვიწყებ. ვოცნებობ… არ მეთმობა. სიზმრებიდან გამოყოლილ სურნელს ღრმად ვისუნთქვა და..

ისევ ვაგვიანებ.
………………………………………………………………………………..……….

გაზაფხულივით არეული პოსტი….


Zahra Hindi <3

უბრალოდ მიყვარს ❤    ჩემი განწყობაა… თბილი და  წყნარი ❤

დილით ამის ფონზე მინდა რომ ვიღვიძებდე სულ  : )

რატომღაც ჩემ აღმოჩენად ვთვლი, მაგრამ იმედია, ასე არ არის და უკვე იცნობთ მის შემოქმედებას.

თუ არადა, მაშინ, აი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი სიმღერა…

კლიპიც რა თბილია…

…………….

მცირე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. იმდენად მწირი იყო, რომ ჩემი ბლოგის მაგის დასადებად ვერ გავიგეტე : )


გამოფეისბუქებულნი


თუ გინდათ ჭეშმარიტი გამოფეისბუქებულები იხილოთ,  ახლა ჩვენ უნდა გვიყურებდეთ.

სალო თავის ვარდისფერ ლეპტოპს ჩაციებული, მე ცოტა მოუხერხებელ სკამზე კომპიუტერის წინ.

facebook ორივესთან ციმციმებს.

ერთმენეთის სტატუსებს კომენტარს ვუკეთებთ და ვლაპარაკობთ, როცა სულ 2 მეტრის დაშორებით ვსხედვართ.

სახლში მარტოები ვართ. სალომესიანები სოფელში წავიდნენ. მოკლედ ბურთიც ჩვენია და მოედიანიც, მაგრამ ჩვენ რატომღაც მხოლოდ ფეისბუქი გვიზიდავს 🙂

………………………………………………….

სამზარეულოში მიწისთხილი იხალება – ცოტა ხანში ფილმის ყურებას და კნატუნობანას ვაპირებთ ❤

მგონი დავწვით, რაღაც სუნია…

…არა,  გადავრჩით 🙂

……………………….

ფილმი უკვე გადმოიწერა.

მიწისთხილიც მოიხალა.

მოკლედ წავედი 🙂

გპირდებით,  facebook-ს გამოვრთავთ და ისე ვიკნატუნებთ 🙂


უსაქმურობის ერთი დღე :|

ნანატრი ხუთშაბათი.

მაღვიძარამ,  ჩვეულისებისამებრ, 07:15–ზე დარეკა.  გამოვრთე და კედლისაკენ გადავბრუნდი.

11:30–ზე ავდექი.

ერთ ხანს პიჟამოებით ვიბოდიალე. ჯერ ოთახებში, მერე ინტერნეტში.

ყველაფერი ისე იყო, როგორც ვნატრობდი, ერთი ეგ იყო რომ ჩაის ჭიქა არ მეჭირა ხელში…

მერე ჩემთვის კარტოფილი შევწვი და ხელი ზედ არ მივაყოლე  🙂

მერე ისევ ბოდიალი.

 

 

უქმე ხუთშაბათი!

მივხვდი რომ მძაგს!

 

მირჩევნია 08:15–ზე მაღვიძამ დარეკოს და მე გამოვრთო და სინდისმა შემაწუხოს ამის გამო.   მერე დედა ოთახში შემოვიდეს, პროცესორზე გაკრულ ჩემს ლექციების ცხრილს შეავლოს თვალი და მითხრას რომ დამაგვიანდა!

წამოვიზლაზნო.

რაც ხელში მომხვდება ჩავიცვა.

მერე ხელში მოხვედრილი აღარ მომეწონოს და კიდევ ერთხელ გამოვიცვალო.

ჩაი ორ წამში გამოვცალო.

უკვე ჩაცმული ფეხსაცმელები გავწმინდო (დედა მაპატიე, ვერ შევეჩვიე სახლში მოსვლისას გაწმენდას და არა მეორე დღეს, გასვლის წინ : ) ).

მერე ერთი საათი გზაში და ლექციაზე დაგვიანებით შესვლა და ლექტორის შემოხედვისას ჩემი იდიოტურად გაკრეჭილი და გამოუძინებელი სახე..

საღამოს ლექციების შემდეგ რეპეტიციები.  ბავშვები, რომლებიც უბრალოდ მიყვარს.  ❤

დღეს კი…..

1. ჯერ კიდევ თმებდაუვარცხნელი კომპიუტერტან ვზივარ.

2. ლოგინი ასალაგებელი.

3. სახლი დასალაგებელი 🙂

4. “ნადირობა ცხვარზე” დასამთავრებელი, არადა დღეს ბიბლიოთეკაში უნდა დავაბრუნო.

5. საღამოს თექაზე უნდა წავიდე, ჩანთის შეკერვა კი ჯერ ვერ დავასრულე 😐

6. ხვალ თუ არ წავალ სამინისტროში, შაბათ–კვირას ვერ მოვახერხებ, იქით კვირისთვის კი უკვე დაწერილი სტატია უნდა მქონდეს მაგიდაზე.

7. ზღვა ინფორმაცია მოსაძიებელი. 😐 მე კი გუგლის მაგივრად, ფეისბუქი მაქვს ჩართული.

უქმე ხუთშაბათი მძაგს! 😐

 


არ გამოტოვო KBH-ის ნახევარფინალი თსუ–ში! :)

ხვალ, 11 აპრილს,  17 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ოფიციალურობას ვიცავთ 🙂 )  მე–8 კორპუსის სააქტო დარბაზში ჩატარდება მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნახევარფინალი!

მონაწილეობენ:

“გედევან ფოფხაძის ექვსეული”

“ლას სტუდენტას”

“ფანტომასი

“ჰოპლა”

შეიქმენით  მხიარული განწყობა, დაპატიჟეთ მეგობრები, გაამზადეთ პლაკატები და ტრანსფარანტები,  მოდით მე–8 კორპუსში და  იყვირეთ:

“გედევან ფოფხაძის ექვსეულიიიიიიიიიი! “ : )))))

 

მისურვეთ წარმატება :  )))

 

p.s.  დასწრება თავისუფალია 🙂

მთავარია, იაქტიუროთ და დასაჯდომი ადგილები იპოვოთ, 300 ადგილიან დარბაზში, თუ არადა თქვენც ფანჯრის რაფებზე მოგიწევთ შემოსკუპება 🙂

 


იმიტომ, რომ…

არ ვიცი ვის ვებუტები, ან რას.

უბრალოდ დღეს არ წავალ.

იმიტომ, რომ მცივა.

იმიტომ, რომ გარეთ ქარია.

იმიტომ, რომ მზე არ არის.

იმიტომ, რომ ახლახანს ვიბანავე.

იმიტომ, რომ გავცივდები.  😐

იმიტომ, რომ მეზარება…

იმიტომ, რომ მარტო მინდა ყოფნა.

იმიტომ, რომ გულს მტკენენ და არ იციან.

იმიტომ, რომ გულს ვტკენ და ვიცი.

იმიტომ, რომ ხშირად ვერ ვხვდებით რა გვინდა.

ან ვხვდები, მაგრამ ჩემს თავსაც კი არ ვუმხელ ამას…

იმიტომ, რომ მე ვარ..

არ წავალ, იმიტომ, რომ გუშინ წამოვედი…

მითხრეს, დარჩიო და არ დავრჩი.

შემეძლო არ შემემჩნია და შევიმჩნიე.

შემეძლო გავჩუმებულიყავი, მაგრამ ვთქვი..

იმიტომ, რომ არ უნდა მეტირა მაგრამ…..

p.s. ხვალ მოვალ.. გავიღიმებ და  უბრალოდ გეტყვით, რომ მიყვარხართ..

ან არც გეტყვით.

უბრალოდ… :  )