ორი ბილეთი მომავლამდე

 

მარტამ წვნიანი ხმაურით ჩახვრიპა, მერე აუღელვებლად გასწია თეფში გვერდით და თქვა:

“-ორსულად ვარ!”
დედას ხველება აუტყდა. ბანალურად. მამამ ნახევრად ცარიელ თუ სავსე ბოთლს გაუსწორა მზერა და შემდეგი 7 წუთის განმავლობაში აღარც მოუშორებია.

მარტა არ ელოდა ასეთ რეაქციას და სადღაც მოუსავლეთში დაეფანტნენ წინასწარ სათქმელად გამზადებული სიტყვები.

დაიბნა.. .

ყველაფერს ელოდა სიჩუმის გარდა.

მხოლოდ კედლის საათის წიკწიკი არღვევდა ოთახში გამეფებულ სიჩუმეს და ისიც მარტას ნასროლი სამარილეს გაცნობისთანავე გაჩუმდა.

დედას ყოველთვის სწამდა ცრურწმენების – ოთახის წითლად შეღებილ იატაკზე მარილის ათასობით ნაწილაკი დაიფანტა.

მარტას ეგონა რომ ახლა მაინც გამართლდებოდა ბავშვობიდანვე ათვალწუნებული კავშირი ჩხუბისა და მარილის შესახებ, მაგრამ მამა ისევ ნახევრად სავსე (თუ ცარიელ) ღვინის ბოთლს შესცქეროდა.

..და მაშინ მარტა მეორედ მიხვდა, რომ დამთავრდა.
უხმაუროდ გასწია სკამი უკან და წამოდგა.
ოთახიდან გასვლისას შეამჩნია მამის მთელი სიძლიერით მომუშტული მუჭი მაგიდაზე და მეორე ხელში შერჩენილი ჩანგალი.

მარტა მამას გავდა.
ახლაც ეტყობოდა ხელის გულებზე საკუთარი ფრჩხილებისგან დატოვებული ჭრილობები საშინელი სიბრაზისა და საცოდავი უმწეობის გამო…

დერეფანში გასვლისას კარებღია დარჩენილ ოთახში შეიხედა ინსტიქტურად. გაჩერდა. კარგა ხანს აკვირდებოდა ძმის სუსტ მხრებს და გაჩეჩილ თმებს. მერე კომპიუტერის ეკრანისაკენ გადაიტანა მზერა. პორნოგრაფია ციმციმებდა…

სხვა დროს აუცილებლად ეტყოდა რამეს. გაჩუმდა. ისევ ბურთად გაჩხერილი საცოდავი უმწეობა იგრძნო ყელში.

თავის საძინებელში შევიდა. ლოგინის ქვემოდან გამოიღო წინასწარ გამზადებული ჩანთა, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი წარწერებითა და სურათებით აჭრელებულ კედლებს, მერე უხმაუროდ გაიხურა კარი და წავიდა…

მეტი სიმძაფრისათვის, ალბათ, სჯობდა მეთქვა, რომ ის ღამე მარტამ სადმე სადგურის მოსაცდელში ან ბაღში სკამზე მჯდომარემ გაატარა, მაგრამ მარტა უბრალოდ ბავშვობის მეგობართან დარჩა. ჯერ კიდევ ჰყავდა…

………………………………….
მარტას პატარაობიდანვე აღიზიანებდა გერმანელი ბებიის პატივსაცემად დარქმეული თავისი სახელი. ჯერ საბავშვო ბაღში, შემდეგ კი სკოლაში დასცინოდნენ თამარები, დავითები და ქეთევანები ამის გამო.

” ჩემს გოგონას არ დავარქმევდი მარტას!” – ინდივიდების ფსიქოლოგიის ლექციაზე გაუელვა თავში და მაშინვე დანაშაულის გრძნობა დაეუფლა ჯერ არდაბადებული და უკვე სასიკვდილოდ განწირული ემბრიონისადმი…

პირველად მაშინ მიხვდა რომ მოსწონდა თავისი სახელი, როცა გაცნობისას გაკვირვებით წარმოთქვა ბიჭმა: “აა, მარტა?!” –  განსაკუთრებული მახვილით სახელის პირველ მარცვალზე. მას მერე გახდა “ამარტა” –  ბიჭის ლამაზი სამკაული…

…და როცა მარტამ გაბედა და ბანალურად უთხრა: “ჩვენ უკვე სამნი ვართ,” ბიჭმა უბრალოდ წარმოთქვა “მარტა!” – განსაკუთრებული მახვილით ახლა უკვე სახელის ბოლო მარცვალზე…

და მაშინ მარტა პირველად მიხვდა, რომ დამთავრდა…

………………………………..

მძიმედ აიარა ექვსსართულიანი სახლის კიბეები. თითქოს მთელი ცხოვრება მოანდომა ამოსვლას… მორიდებით დააკაკუნა. ზლაზვნით გაიღო შავად შეღებილი რკინის კარები.

პირველი ნაბიჯებისთანავე ცხვირში ეცა შმორის და გაურკვეველი წამლების მძაფრი სუნი. მუქფარდებჩამოფარებულ ფანჯრებს გახედა. სული შეეხუთა. კვლავ იგრძნო უმწეობა.
მალულად დაუწყო თვალიერება სავარძელში მსხდომ დედა-შვილს. გოგო თვრამეტიოდე წლის თუ იქნებოდა. გრძელი  თმით და არარეალურ სიშავემდე მისული სევდიანი თვალებით. გარკვევით ჩანდა, როგორ უთრთოდა ტუჩები და დედის მაჯას ჩაჰფრენოდა ხელით.

მარტას სადღაც, გულის სიღრმეში, შეშურდა მისი…

ჭრიალით გაიღო შიგნითა ოთახის კარები და კაბის უხერხული სწორებით გამოვიდა ორმოც წელს მიღწეული, მოკლედთმებშეჭრილი ქალი. მარტას შეხედა დანაშაულზე წასწრებულის მორცხვი ღიმილით და წავიდა…

გაუბედავად წამოდგა გოგონა. მუდარის თვალებით შეხედა დედას. მკაცრ მზერას შეეჯახა გამოუთქმელი ტკივილითა და შიშით აელანძა სახე და სწრაფად გაუჩინარდა ოთახში.

უფრო მეტად დაიძაბა მარტა.

ერთმანეთში აიზილნენ ფიქრები და სიტყვები.

ახლაც მხოლოდ საათის მონოტონური წიკწიკი არღვევდა სიჩუმეს და თეთრ ბალერინასავით ცეკვავდა მარტას ნერვებზე.

ქუთუთოები დაუმძიმდა.

…………………..

“- შემდეგი!”

მარტამ თვალები გაახილა. ცარიელ ოთახს მოავლო მზერა და სწრაფას წამოდგა. დედა-შვილი წასულიყო. ღია კარს გახედა და გაუბედავად გადადგა წინ ნაბიჯი.

“-აღარ შემოდიხარ, გოგონი?!” – მოისმა ქალის გამყინავი ხმა და მარტამ ოთახში შედგა ფეხი.

“უკვე მეგონა, გადაიფიქრე”- ჩამოტეხილი წინა კბილი დაანახა სამედიცინოხელთათმანიანმა ქალმა. მარტა დაიძაბა, ჭუჭყიან ზეწარს მიაბჯინა მზერა. მერე მაგიდაზე დალაგებული მაშები და რაღაც უცნაური ხელსაწყოებიც დალანდა. თავბრუ დაეხვა.  იგრძნო, რაღაც საშინლად უჭერდა ყელში.  ეს არ იყო ის ბურთად გაჩხერილი საცოდავი უმწეობა!..  ფეხის თითებიდან ამოყვა სიცივე…  ყურებზე აიფარა ხელისგულები, საშინელი ხმაურის დასახშობად.  თვალები დახუჭა.

“- მე დედამ მომკლა!” – ცხადად ჩაესმა მარტას ბავშვის ხმა…

გაშეშდა…

………………………………………
ხალხით სავსე ავტობუსში გაჭირვებით ავიდა ყვითელმაისურიანი კონტროლიორი გულზე ჩამოკიდებული ვინაობის დამადასტურებელი ბარათით.

“-წარმოადგინეთ ბილეთები”- გაიმკაცრა ხმა და იქვე ფანჯარასთან მჯდომ გოგონას წამოადგა თავზე.

მარტამ ძლივს მოწყვიტა ქალაქის ხედს მზერა. აუღელვებლად გახსნა საფულე, ფრთხილად ამოაცოცა ორი ბილეთი და გაუწოდა.

გაოცებულმა მიმოიხედა გოგოს გარშემო კონტროლიორმა და კიდევ უფრო დაბნეულმა ჰკითხა:  “მეორე ვისთვის?!”

მხიაურლი ეშმაკები აუჯანყდნენ მარტას თვალებში.

“ჩემი მომავალი შვილისთვის” – თქვა მან – “იცით, ის დღეს თავიდან ჩაისახა!”

მზიანმა ავტობუსმა გაიღიმა…

 

 

8/10/2010 წ.


16 Comments on “ორი ბილეთი მომავლამდე”

  1. anna says:

    ramagari postia😦 lamis vitire :S

    • salolas says:

      ჯერ არ დამიდია და უკვე მოასწარი წაკითხვა?🙂

      მართლა მიხარია თუ ასეა.. 🙂
      მადლობ :*

  2. ჯუნა says:

    როგორ მომეწონაა….. ძალიან :))

  3. daduna says:

    უი. ესეთი რაღარ მგონი პირველად წავიკითხე ბლოგზე

  4. […] პოსტი, “ორი ბილეთი მომავლამდეა”, რომელსაც პოსტსაც კი ვერ დაარქმევ     […]

  5. sashkalp says:

    ძლიან კარგია, ფინალი მომეწონა.

  6. ❤ რა თბილი იყო :შ

  7. cici says:

    ragacnairi aporiaqbuli var !!! mixaria romaqmovxvdi…. yvelaze sasurveli dasasrulio iyo..postia dzalian tbili da gultan dzalian,sul sul axlooo!:)

    • salolas says:

      ეს ის შემთხვევაა როცა ვიღაცის აფორიაქების მიზეზი მე ვარ და თან ეს ძალიან მიხარია :))
      შემომიარე ხოლმე😉

  8. ნეტავ მართლა ასე სრულდებოდეს ყველა ასეთი ისტორია😦

  9. JAMBOOOO says:

    mwipea es nashromi da mowyvitet vinmem


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s